Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვები და ალტერნატიული მზრუნველობა - რა აჩვენა სახალხო დამცველის ანგარიშმა


ანგარიშმა (სახელწოდებით, „ ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა“), სახალხო დამცველის თანახმად აჩვენა, რომ ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა უფლებების მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ჯერ არ მოჰყოლია ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები. საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სახელმწიფო სისტემა შეაფასა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლის, 128 მინდობის, 68 რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახის და 7 რელიგიური სკოლა-პანსიონის მონიტორინგის შედეგების მიხედვით:

  • ბავშვთა მიმართ ძალადობა
  • პრობლემები განათლების უფლების განხორციელებაში
  • პრობლემები არასრულწლოვანთა ფსიქო - სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფაში
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სერვისების სიმცირე
  • ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციის, ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა.

ესაა მთავარი გამოწვევები, რომლებიც ანგარიშმაც ასახა.ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სახელმწიფო სისტემის მონიტორინგი სახალხო დამცველმა 4 ძირითადი მიმართულებით განხორციელა:

  • მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა
  • რეინტეგრაციის სახელმწიფო სერვისის მონიტორინგი
  • ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში
  • ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონურ დაწესებულებებში.​

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ არასრულწლოვანთა ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანისა და სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების ძირითადი მიზეზი კვლავ ბიოლოგიური ოჯახების მძიმე სოციალური/ეკონომიკური მდგომარეობა, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები, უგულებელყოფისა და ძალადობის შემთხვევათა სიმრავლეა.

ამასთან, კვლავ იკვეთება ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების ნაკლებობა. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ კვლავ პრობლემად რჩება მინდობით აღზრდაში მყოფი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისებში ჩართვა, მინდობით აღმზრდელ მშობელთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი რთული ქცევის მართვისა და პრევენციის კუთხით, ბენეფიციარებთან სოციალური მუშაკების რეგულარული ურთიერთობის სიმწირე და სხვ.

2018 წლის განმავლობაში ქვეყანაში მინდობით აღზრდის 259 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, სახელმწიფო ქვეპროგრამაში კი, სულ 1440 ბენეფიციარი იყო ჩართული.​

რეინტეგრაციის სახელმწიფო სერვისის მონიტორინგის შედეგმა აჩვენა, რომ ბავშვების ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანისა და სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების ძირითადი საფუძველი იყო მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა (44.4%), საცხოვრებლის არქონა (13.3 %), უგულებელყოფა (6.7 %) და ძალადობა (4.4%).16 მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ოჯახებში, სადაც რეინტეგრაციის პროგრამა ხორციელდება, გამოწვევად რჩება არასრულწლოვანთა საჭიროებების სათანადოდ დაკმაყოფილება და მათთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. პრობლემები იკვეთება ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის კუთხითაც. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკები ვერ ახერხებენ ძალადობის შემთხვევების გამოვლენას და პრევენციას, რაც სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, საზოგადოებში აღზრდის შესახებ არსებულ მცდარ სტერეოტიპებს უკავშირდება.

2018 წლის განმავლობაში, რეინტეგრაციის 123 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა და ჯამში სახელმწიფო ქვეპროგრამაში სულ 470 ბენეფიციარი იყო ჩართული.

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება-მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემად იკვეთება ბავშვებს შორის სექსუალური ძალადობის ფაქტები, როცა სავარაუდო მოძალადე და მსხვერპლ არასრულოლოვნებს კვლავ ერთ სახლში უწევთ ცხოვრება. პრობლემაა ასევე რთული ქცევებისა და კრიზისული მდგომარეობის მართვა, ძალადობის ფაქტების პრევენცია, დროული რეაგირება და ფსიქოსოციალური დახმარება. გამოიკვეთა აღმზრდელების მხრიდან ბავშვების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც. პრობლემურია არასრულწლოვნების ინტერესზე მორგებული საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება და ბავშვების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს ერთიანი მიდგომა ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ, უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით კვლავ რჩებიან შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. გამოიკვეთა, რომ პრობლემურია როგორც აღმზრდელთა კვალიფიკაცია, ასევე, თანამშრომლობა სოციალურ მუშაკსა და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შორის, რაც უზრუნველყოფდა პასუხისმგებლობის გადანაწილებას და კვალიფიციურ მომსახურებას.

2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ,საქართველოში სულ 48 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს. სახლებში 351 არასრულწლოვანი განთავსებული. ამასთან, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზირებულ საოჯახო ტიპის მომსახურებაში ირიცხებოდა 14 ბენეფიციარი.

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონურ დაწესებულებებში

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ბავშვზე მზრუნველობის სახელმწიფო სისტემაში რეზიდენტული ტიპის დაწესებულება უნდა ქმნიდეს ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ სააღმზრდელო პირობებს, იყოს მცირე ზომის და უზრუნველყოფდეს ბავშვის კეთილსაიმედო ზრუნვას, განვითარებასა და უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. ამის საპირისპიროდ, რელიგიური პანსიონების უმეტესობა დიდი ზომის ინსტიტუციაა, რაც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიზნებს არ შეესაბამება, პანსიონებში არსებული სააღმზრდელო პირობები კი, ვერ პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს.

სახალხო დამცველმა ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სახელმწიფო სისტემის გასაუმჯობესებლად მთავრობასა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს სპეციალური რეკომენდაციებით მიმართა.

XS
SM
MD
LG