Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 ბავშვის დედ-მამა იულია და იური სუსლიაკები არიან


ექსპერტიზის დასკვნა
ექსპერტიზის დასკვნა

უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იულია და იური სუსლიაკების მშობლობას ადასტურებს. შესაბამისად, დადასტურდა საქართველოში 10 ბავშვის თანხლებით შემოსული, ამჟამად ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ასევე დადასტურდა სხვა მტკიცებულებების ნამდვილობაც და უკვე დროა, საქმე შეწყდეს.

იულია სუსლიაკის ადვოკატს, ზურაბ თოდუას გადაეცა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც:

  • იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10 ბავშვიდან ოთხი მისი ბიოლოგიური შვილია;
  • 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის მეუღლის, იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია.

ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შესაბამისად, ის სანდოა საქართველოში მიმდინარე გამოძიებისთვის.

„ექსპერტიზის დასკვნას სრულად შეესაბამება ჩვენი ჩვენებები. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იულია სუსლიაკს არცერთი ბავშვი არ უყიდია და არცერთი ბავშვი არ გაუყიდია. ამ და ჩემს ხელთ არსებულ სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შექმნილია სრული საფუძველი, რომ დღესვე შეწყდეს გამოძიება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი თოდუა.

ადვოკატი თოდუა რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდა იულია სუსლიაკის, იური სუსლიაკისა და ბავშვების დნმ-ნიმუშების ექსპერტიზის დაჩქარებული წესით ჩატარებას, თუმცა მას ამის საშუალება არ ეძლეოდა.

„ბოლოს, ეტყობა, ვიღაც გონიერმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ამ ექსპერტიზის ჩატარება მაინც გარდაუვალი აუცილებლობა იყოს და ჯობდა, რომ ძალიან აღარ დაგვიანებულიყო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზად იყო, რომ დაჩქარებული წესით ჩატარებისთვის 12 ათასი ლარი გადაეხადა, მაგრამ, როგორც ხედავთ, არც ამ თანხის გადახდა დაგვჭირდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ თოდუამ.

არსებობს ასევე ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც, ზურაბ თოდუას თქმით, ადასტურებს მის ხელთ არსებული სხვა მტკიცებულებების ნამდვილობას.

„ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებსაც პროკურატურა და გამოძიება ფალსიფიცირებულად თვლიდა, არ არის ყალბი და ნამდვილია“, - აცხადებს ზურაბ თოდუა.

ადვოკატმა სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა იულია სუსლიაკისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლოს პოზიცია უახლოეს საათებში გაირკვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG