Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბათომმა“ ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა


მწვანე კონცხი
მწვანე კონცხი

ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლები ითხოვენ საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე კონცხის ტერიტორიის ნაწილს ტურისტულ-რეკრეაციული სტატუსი შეუცვალეს, მის ნაცვლად კი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა გამოცხადდა, რომელიც არის მაღალი ინტენსივობის განაშენიანების ზონა.

28 სექტემბერს, ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულომ საინვესტიციო წინადადდების სასარგებლოდ დაუშვა მწვანე კონცხის სანაპიროს ნაწილში 28-სართულიანი ორი კორპუსის აშენების შესაძლებლობა. საზოგადოება „ბათომი“ მიიჩნევს, რომ საკრებულოს ეს გადაწყვეტილება, ქალაქგანვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, თანხვედრაში არ მოდის მკვეთრად გამწვანებული სივრცის განვითარების ხედვებთან. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომელიც მიიჩნევს, რომ მწვანე კონცხის ტერიტორიაზე აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და არ ეფუძნება კვლევას ან დასაბუთებას. EMC-ის იურისტი ეთო გვრიტიშვილი ამბობს, რომ ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული აქტი სადავოა და იგი უკანონოდ ზღუდავს კონსტიტუციის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას:

„მწვანე კონცხისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ბათუმის საკრებულომ მიიღო სრულიად საპირისპირო, კონკრეტულ ბიზნესინტერესსა და კომერციულ მოგებაზე მორგებული გადაწყვეტილება. მსგავსი გამოცდილება გვაქვს ბათუმის სანაპირო ზოლის განაშენიანების თვალსაზრისით, სადაც მრავალსართულიანი შენობების მშენებლობამ ხელოვნური კედელი აღმართა ზღვის სანაპიროსა და ქალაქს შორის, რითაც მოსახლეობამ ზღვაზე ხედი, ზღვისპირა ზოლში კი საჯარო სივრცის დიდი ნაწილი დაკარგა“, ამბობს ეთო გვრიტიშვილი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს კომენტარს არ აკეთებს, 28 სექტემბერს კი საკრებულოს მიღებული გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა:

კომპანიის დირექტორმა ლერი ბოლქვაძემ 5 000 ლარი გადაურიცხა „ქართულ ოცნებას“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში. კითხვის ნიშანს აჩენს ისიც, რომ კომპანიას არ ჰქონდა თანხა, რომ მწვანე კონცხზე ნაყიდ მიწაში ფული გადაეხადა და დასჭირდა იპოთეკური სესხის აღება „ქართუ ბანკიდან“.
მალხაზ ჭკადუა

„საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და მეც დავეთანხმე. იქ აშენდება 28- სართულიანი შენობა ნაცვლად 45 სართულისა. იქ აშენდება თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სამკურნალო დასასვენებელი ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველაფრით, რაც კი მოსახლეობას სჭირდება“.

ორი მრავალსართულიანი შენობის ასაშენებლად საკრებულომ სტატუსი შეუცვალა მწვანე კონცხის სანაპიროსთან მდებარე 20 366 კვ.მ მიწის ფართობს, რომელიც კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპს“ პირდაპირი მიყიდვის წესითა და ინვესტიციის განხორციელების პირობით 931 000 ლარად გადაეცა. კომპანიამ ოთხმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. აღნიშნული კომპანია კერძო პირმა ქონების შესყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა.

ახლად დარეგისტრირებული გამოუცდელი კომპანიისთვის ნდობის გამოცხადებასა და სახელმწიფო ქონების გასხვისების ფასზე კითხვები გაუჩნდათ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისში, სადაც აღმოაჩინეს, რომ კერძო ქონების შეძენის შემდეგ კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპის“ დირექტორმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ფული შესწირა.

„კომპანიის დირექტორმა ლერი ბოლქვაძემ 5 000 ლარი გადაურიცხა „ქართულ ოცნებას“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში. კითხვის ნიშანს აჩენს ისიც, რომ კომპანიას არ ჰქონდა თანხა, რომ მწვანე კონცხზე ნაყიდ მიწაში ფული გადაეხადა და დასჭირდა იპოთეკური სესხის აღება „ქართუ ბანკიდან“. ფინანსური რესურსის გარდა, კომპანიას არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება ბიზნესსაქმიანობის, იგი ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე კვირით ადრეა რეგისტრირებული. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, ხომ არ არის იმის მცდელობა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს გადასცეს ძალიან იაფად და ძალიან კარგ ადგილას კანონმდებლობის დაცვით, თუმცა გარკვეული რეგულაციების გვერდის ავლით“, - ამბობს მალხაზ ჭკადუა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG