Accessibility links

ბათუმში ისევ ითხოვენ 2007 წლის 8 ნოემბრის გამოძიებას


8 ნოემბრის მოვლენები ბათუმის უნივერსიტეტში უკვე მეთერთმეტედ გაიხსენეს. სწორედ ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, შემდეგ უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ლექციაზე მყოფი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ხელკეტებით დაარბია, რა დროსაც რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია სტუდენტებმა ბათუმის უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დილით მოაწყვეს და წინა დღეს თბილისში დემონსტრაციის დაშლა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა გააპროტესტეს. როგორც სტუდენტები და ლექტორები იხსენებენ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გვიან ღამით საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

ნატა იმედაიშვილი, ლექტორი: „დილით სპეცრაზმი შემოიჭრა უნივერსიტეტის ეზოში და, როგორც ჩანდა, ისინი მოვიდნენ უნივერსიტეტის დასასჯელად. იყო დარბევა. ადამიანებს უცენზუროდ ელაპარაკებოდნენ, აგინებდნენ, ცუდად ექცეოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ“.

პაატა აროშიძე, ბათუმის უნივერსიტეტის თანამშრომელი: „ეს იყო სტიდენტების მღელვარება, რაც გამოწვეული იყო წინა დღეს თბილისში დარბეული მიტინგით. საპროტესტო აქციამ გადმოინაცვლა ბათუმში და ის-ის იყო სტუდენტები მშვიდობიან აქციას ასრულებდნენ, როდესაც სპეცნაზი შემოვიდა ეზოში და დაარბია, შემდეგ კი აუდიტორიებში დასდევდნენ სტუდენტებს და ლექტორები გადაეფარნენ სტუდენტებს. ეს იყო ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი“.

გიგა ჯიჯავაძე, მაშინდელი სტუდენტი: „თავში გვირტყამდნენ, ხელებზე, ფეხებზე... უმოწყალოდ გვცემეს. დღემდე მახსოვს იმ ადამიანის სახე. მომწამლავი გაზითაც ვიყავი მოწამლული. მერე რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოვჩნდი და იმ დაზიანებების შემდეგ სათვალეს ვატარებ“.

ციალა ქათამაძე, მაშინდელი სტუდენტი: „აუდიტორიაში შემოვიდა სპეცრაზმი და დაარბია სტუდენტები, იყვნენ დაზარალებულებიც“.

გული შერვაშიძე, ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი: „ასეთი სასოწარკვეთილი სტუდენტები მე არ მინახავს. ისეთი განწირული ყვირილი ისმოდა, რომ ვერაფრით ვერ გავჩერდებოდი უნივერსიტეტის შენობაში და როცა გასვლა დავაპირე, დამიძახეს, რას აკეთებთ, გცემენო... ვერ წარმოვიდგენდი, თუკი ჩემი ხნის ქალს ვინმე ხელკეტს დაარტყამდა. 11 წელი გავიდა და ეს ტკივილი ჯერაც არ დამვიწყებია. ალბათ, სწორედ იმიტომაც, რომ არავინ დასჯილა“.

დამნაშავეების დასჯას და ფაქტის სამართლებრივ შეფასებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკვე 11 წელია, ითხოვენ. 2012 წელს ქვეყნის პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა საქმის დროული გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გოჩა სურგულაძე, ამბობს, რომ, უკვე 11 წელია, ქვეყნის პროკურატურას ერთი და იმავე მოწოდებით მიმართავენ:

„შეფასდეს ეს ქმედება როგორც დანაშაული, მიმართული თავისუფალი უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ეს იქნება პრევენცია იმისა, რომ არც ერთ ხელისუფლებას აზრადაც არ მოუვიდეს ავტონომიურ უნივერსიტეტზე იძალადოს. დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ სტუდენტებისა და ლექტორების დარბევა მოხდა. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ჭიანურდება გამოძიება. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი, საუნივერსიტეტო ინტერესი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“.

8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტის გამოძიების მოლოდინშია საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, გიგა ჯიჯავაძე, რომელმაც უნივერსიტეტის დარბევის დროს თავის ქალას ტრავმა მიღო, რამაც მხედველობა დაუზიანა. ამის შემდეგ მკურნალობა საავადმყოფოში გააგრძელა. მიუხედავად ამისა, დღემდე დაზარალებულად არ არის ცნობილი. ამბობს, რომ გამოძიებამ ის 2014 წელს დაკითხა, მას შემდეგ კი საქმის შესახებ არაფერი იცის. იმასაც აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულების იმედი არა აქვს:

„ვხედავ ტელევიზიით იმ ადამიანებს, რომლებიც მაშინაც თანამდებობის პირები იყვნენ და ახლაც იქ მუშაობენ. შესაბამისად, უსამართლობის განცდა მაქვს და ვაცნობიერებ, რომ არაფერი არ შეიცვალა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG