Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ტარდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ბათუმში
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ბათუმში

ბათუმში მიმდინარეობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე სემინარი როუზ-როსი, სახელწოდებით „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, როდესაც სემინარის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იყო, არის და დარჩება ევროპისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

გადმოწერა

„ჩვენ გვინდა, რომ შავი ზღვის რეგიონი სტაბილური, უსაფრთხო და მდიდარი რეგიონი იყოს“, - განაცხადა პაოლო ალიმ და რუსეთის ფაქტორზე ილაპარაკა:

„ჩვენ შევიკრიბეთ იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყნებში და, ზოგადად, მსოფლიოში დიდი არეულობა და გაურკვევლობა სუფევს. რუსეთს კვლავინდებურად არალეგალურად აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია და ყირიმის ანექსია ნაწილია მისი მცდელობისა შეუტიოს მის საზღვართან მდებარე მთელი რიგი ქვეყნების სუვერენიტეტს. კრემლი ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებს, რათა ძირი გამოუთხაროს ჩვენს დემოკრატიულ სისტემებს, შეაჩეროს თავისი მეზობლების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და უთანხმოება დათესოს მოკავშირეებს შორის. რუსეთს ასევე გადაწყვეტილი აქვს თავისი ადგილი გამონახოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, რასაც გამანადგურებელი ქმედებები მოჰყვა სირიაში, სადაც რუსეთი ასადის რეჟიმსა და ირანთან თანამშრომლობს. ალიანსის წინაშე რთული ამოცანა დგას: ერთი მხრივ, ის წინ უნდა აღუდგეს რუსეთის რევიზიონიზმს და, ამავავე დროს, უნდა დაამშვიდოს მოკავშირეები და ხელი შეუწყოს სტაბილურობას ავღანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე, ბალკანეთში, კიბერსივრცეში. უსაფრთხოებისადმი 360-გრადუსიანი მიდგომა მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, მაგრამ ნატოს ბოლო სამიტებმა დაადასტურა, რომ ალიანსი ამაში ბოლომდეა ჩართული და გამოწვევებს მთელი სერიოზულობით იღებს. ალიანსი მნიშვნელოვან რესურსებს გამოყოფს ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების საპასუხოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მომავალი სამიტი ბრიუსელში კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას“.

პაოლო ალი
პაოლო ალი

საერთაშორისო თანამეგობრობამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის აგრესიაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თავისი გამოსვლისას ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე. მან რეგიონალური უსაფრთხოებისთვის უმთავრეს გამოწვევად რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა დაასახელა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებმა სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი. მისივე თქმით, სემინარის მიმდინარეობისას, როდესაც მონაწილეები დარბაზში საუბრობენ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეგიონის გასწვრივ:

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს“.

რუსეთი ზრდის საკუთარ გავლენას ამ ქვეყანაში, მათ შორის, საინფორმაციო ომის, პროპაგანდისტული ოპერაციების და სხვა ჰიბრიდული ომის მექანიზმებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი, ერთი მხრივ, არ აქვს არც ინსტიტუციური მოწყობა ამ გამოწვევებთან დაპირისპირებისთვის და არც არანაირი პოლიტიკური ხედვა...
სალომე სამადაშვილი

რუსეთი ჯიქურად ცდილობს თავი აარიდოს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულებებზე ეკისრება, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა:

„ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან მძიმე. რუსეთი ამ ტერიტორიებს იყენებს მხოლოდ სამხედრო ბაზებისთვის. ამიტომ ოკუპირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის დე ფაქტო აფხაზეთი და ცხინვალი, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც, რომლებიც იქ ცხოვრობენ და მათზე პასუხისმგებლობის აღება რუსეთს არ სურს, მაშინ როდესაც რეალობა ყველამ კარგად ვიცით. ის მძიმე ვითარება, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის სწორედ რუსეთის მიერ წარმოებული მიუღებელი და არაჰუმანური პოლიტიკა“.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი საფრთხეების გარდა, სემინარის სადისკუსიო ნაწილში საუბარი იყო ჰიბრიდულ ომსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდისა და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვის, აგრეთვე ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევისკენაა მიმართული. დისკუსიის მოდერატორმა, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებულმა მკვლევარმა ჯეიმს შერიმ ამ საკითხების განხილვისას დასვა კითხვა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ჩამოთვლილი გამოწვევების პირობებში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა აღიაროს, რომ დგას პროპაგანდისტული ომის წინააღმდეგ, რისთვისაც კოორდინირებულად ერთობლივი გზავნილი უნდა შეიმუშაოს.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ მართალია, უცხო ძალები ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაზე, მაგრამ, მისივე თქმით, როგორც გამოკვლევები აჩვენებს, საქართველოს მოქალაქეების 70 % მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილისთვის:

„სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი პოლიტიკა, კოორდინირებული, დაგეგმილი ან გააზრებული აი, ამ გამოწვევებთან დაპირისპირების. რუსეთი ზრდის საკუთარ გავლენას ამ ქვეყანაში, მათ შორის, საინფორმაციო ომის, პროპაგანდისტული ოპერაციების და სხვა ჰიბრიდული ომის მექანიზმებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი, ერთი მხრივ, არ აქვს არც ინსტიტუციური მოწყობა ამ გამოწვევებთან დაპირისპირებისთვის და არც არანაირი პოლიტიკური ხედვა. ეს დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, როდესაც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველოში წარმატება არ ექნება რუსეთის მცდელობას შეამციროს საქართველოში პროდასავლური გავლენები“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ბათუმში
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ბათუმში

ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე მიღწევად აღინიშნა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედება და ხაზი გაესვა აგრთვე მისი შენარჩუნების მნიშვნელობას, რაც დადებითად იმოქმედებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის პროცესზე, მით უფრო დღევანდელი გამოწვევების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG