Accessibility links

მეზღვაური დავით რაზმაძე სავარაუდოდ მოკლულია


23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე მოკლულია, - აცხადებს მეზღვაურის ბებია, მედეა ცეცხლაძე. მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხით, რომელიც ლიბიიდან არის გამოგზავნილი, ირკვევა, რომ რაზმაძე გემშივეა მოკლული. მკვლელობის მოტივის შესახებ მედეა ცეცხლაძეს ინფორმაცია არ გააჩნია.

„ექსპერტიზის პასუხებიდან ის ვიცით, რომ მოვიდა არაბულ ენაზე შეტყობინება, რომ ნამდვილად მოკლულია შიგ გემშივე. ალბათ, ერთ-ერთი ვიღაცა იყო, რა ვიცი. როგორც გავიგეთ, ეჭვმიტანილიც ჰყავთ, მაგრამ მისი ვინაობა არ ვიცი. საერთოდ, არ ვიცით არაფერი, რა მოხდა. იმ საღამოს - 6 რიცხვი იყო (იანვარი) - ვიდეოა გადაღებული და ნაჩვენებია, რომ ჩვეულებრივად იყო ბავშვი და ყველანი ჩვეულებრივად იყვნენ. ვიღაცის დაბადების დღე ყოფილა. არცა სვამდა, არაფერი, ისედაც არ ეტანებოდა სასმელს. 7 რიცხვიდან უკვე შეწყდა ჩვენთან ურთიერთობა. ბავშვი ვახტაზე იყო ჩასული. დილით ეგეთი ამბავი მოხდა, რომ დაიკარგაო. ჩვენ 14 ში გაგვაგებინეს“, - ამბობს მედეა ცეცხლაძე.

ბებიის ინფორმაციით, ლიბიიდან ცხედარს უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ. მას ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯავენიშვილმა აცნობა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება. მედეა ცეცხლაძე აცხადებს, რომ ოჯახს ცხედრის გადმოსვენებას არაერთხელ შეჰპირდნენ, მაგრამ ბოლო დაპირება ყველაზე უფრო დამაჯერებელი იყო.

შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ გადმოსვენება ქართული მხარის მიზეზით არ დაგვიანებულა და ეს ლიბიის მთავრობის მიერ ექსპერტიზის ჩატარებასა და სხვა პროცედურული საკითხების მოგვარებას უკავშირდება. გუბერნატორის თქმით, გადმოსვენება უახლოეს დღეებში მოხდება.

„დაგვიანება დაკავშირებულია არა ქართულ მხარესთან, არამედ ლიბიის მთავრობას ჰქონდა თავისი პროცედურები ჩასატარებელი. ეს იყო ექსპერტიზა და ლიბიის მთავრობის მიერ მოეწერა აქტს ხელი, რომ ქართულ მხარეს მიეცა ნება გადმოსვენების პროცედურების განსაორციელებლად. შესაბამისად, მე აქტიურად ვთანამშრომლობ და კოორდინაციაში ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ქართული მხარე სრულად უზრუნველყოფს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ცხედრის გადმოსვენებას, - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

ლიბიაში გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს, საქართველოში, სავარაუდოდ, პარასკევს ან კვირას ჩამოასვენებენ, - განაცხადა 27 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. მისი განმარტებით, 23 წლის ახალგაზრდის ცხედრის გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.

დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილია. ზაზა რაზმაძე მთელმა მსოფლიომ იმ ცნობილი ფოტოთი გაიცნო, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს გორის დაბომბვისას არის გადაღებული. ფოტოზე ზაზა რაზმაძე დაღუპულ ძმას, ზვიად რაზმაძეს, დასტირის. ზაზა 2014 წლის თებერვალში უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა. რაზმაძეების ოჯახის ტრაგიკული ისტორია დავით რაზმაძის მკვლელობით გაგრძელდა. ოჯახი აპირებს, რომ საქართველოში ჩამოსვენებისთანავე ცხედარს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარონ.

ლიბიაში დაკარგული მეზღვაური დავით რაზმაძე 21 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე. მას ბოლო კონტაქტი დედასთან 6 იანვარს ჰქონდა, 7 იანვარს კი გაუჩინარდა. გემის მფლობელმა კომპანიამ ამის შესახებ ოჯახს 14 იანვარს აცნობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG