Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობის საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა


10 სექტემბერს თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართა პანკისის ხეობიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით. 
10 სექტემბერს თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართა პანკისის ხეობიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით. 

გერმანელ გამომძიებლებს, რომლებიც ბერლინში აგვისტოში საქართველოს მოქალაქის, ეთნიკური ქისტის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას იძიებენ, გაუჩნდათ ეჭვის საფუძველი, რომ ამ თავდასხმის უკან რუსეთი დგას. მედიის ცნობით, საქმის გამოძიებას გააგრძელებს არა ბერლინის, არამედ ფედერალური პროკურატურა.

„შპიგელის“ ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური პროკურატურა გააგრძელებს ბერლინში მოკლული ეთნიკური ჩეჩნის საქმის გამოძიებას, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთის დაზვერვაა მკვლელობასთან დაკავშირებული.

ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს მაყუჩიანი პისტოლეტით. მას ველოსიპედზე მჯდომი მკვლელი უკნიდან მიეპარა, რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა, თუმცა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ თვითმხილველების დახმარებით მიაგნო ნივთმტკიცებებსაც, რომლებიც მკვლელმა მდინარეში გადაყარა.

40 წლის ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში, იყო ქვედანაყოფის მეთაური. ის ჩეჩნეთის - „იჩქერიის“ - თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან მასხადოვთან, დაახლოებული პირი იყო. მოგვიანებით ხანგოშვილი საქართველოში თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან. 2012 წელს, ლოპოტის ხეობაში მომხდარი ინციდენტის დროს, ჩართული იყო მოლაპარაკებაში ისლამისტებსა და საქართველოს უშიშროების ძალებს შორის.

2015 წელს მასზე თავდასხმა განხორციელდა თბილისში, მაგრამ გადარჩა. საქმე დღემდე არაა გამოძიებული. ხანგოშვილმა ოჯახი საქართველოს გაარიდა და პოლონეთის შემდეგ გერმანიაში ჩაიყვანა. თვითონ იქ უკრაინაში ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ გადასახლდა და თავშესაფარი მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა. ხანგოშვილი მოკლეს 23 აგვისტოს, დღისით, ბერლინში, თავის საცხოვრებელთან, პარკში - „კლაინერ ტირგარტენში“.

ხანგოშვილის ყოფილ ცოლს და მათ სამ შვილს გერმანიის ხელისუფლებამ მკვლელობის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს, ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა სამი წლით.

გერმანიის „შპიგელის“ ცნობით, ფედერალური პროკურატურის ოფისი ეჭვობს, რომ რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა შეუკვეთეს მკვლელობა. ინფორმაციას ადასტურებენ სხვა სააგენტოებიც, მათ შორის, „როიტერსი“ ციტირებს გერმანიის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის ნათქვამს, რომ მათ მიერ გადამოწმებული ცნობით, მკვლელობის უკან დგას უცხოეთის დაზვერვის სამსახური.

ეჭვმიტანილი მოქმედებდა 49 წლის ვადიმ სოკოლოვის პასპორტით, რომლის ნომერი უკავშირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას, გრუ-ს, დაასკვნიან, ერთობლივი გამოძიების შედეგად, „შპიგელი“, რუსეთის „ინსაიდერი“ და ბრიტანული „ბელინგკეტი“. დღემდე ეჭვმიტანილის ნამდვილი ვინაობა ცნობილი არ არის. საგამოძიებო ჯგუფი „ბელინგკეტი“ ფიქრობს, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია, რომელზეც ადრე რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული მკვლელობის გამო.

პოლიციის მიერ დაკავებულმა პირმა, რომელსაც ვადიმ სოკოლოვის პასპორტი ჰქონდა თან, რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთან დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის ევროპის კავშირის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტით შევიდა.

თავდაპირველი ცნობით, რომელიც ეკუთვნოდა „შპიგელს“, რუსეთის „ინსაიდერსა“ და „ბელინგკეტს“, ეჭვმიტანილი გერმანიაში ჩავიდა ვადიმ სოკოლოვის პასპორტით. ახლა „ბელინგკეტი“ და, ასევე, „შპიგელი“ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთის მოქალაქე ამოცნობილია როგორც ვადიმ კრასიკოვი. ჟურნალისტების მტკიცებით, ის 1965 წელს ყაზახეთში, ჩიმკენტის ოლქში, დაიბადა. კრასიკოვის ოჯახი მოგვიანებით გადასახლებულა ბურიატიაში. 2014 წელს კრასიკოვზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა მოსკოვში ბიზნესმენის მკვლელობის გამო. ნახევარი წლის შემდეგ ძებნა შეწყდა.

„ბელინგკეტის“ მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მოსკოვში მკვლელობა ძალიან ჰგავს ბერლინისას: ეჭვმიტანილმა ორივე შემთხვევაში ველოსიპედზე მჯდომმა ესროლა მსხვერპლს და ველოსიპედითვე მიიმალა. „ბელინგკეტი“ შენიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას, როცა კრასიკოვის ძებნა გამოაცხადეს, დიდი ალბათობით, ჰქონდა მისი თითის ანაბეჭდები და ფოტოები.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა ახლა აპირებს, გამოძიება გადაიბაროს. ეს არის შემთხვევა, როცა პროკურატურას მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიკური ბუნებისაა.

დღემდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის ოფისშიც ფიქრობდნენ, რომ არ არსებობდა იმის საიმედო მტკიცებულება, რომ საქმეში რუსეთის ხელი ურევია.

მოკლულის ოჯახის წევრებს ეჭვი თავიდანვე არ ეპარებოდათ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირზე.

ამასთან, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში ჩართულ ჯგუფებს თვალში მოხვდათ ერთი უცნაურობა: ვადიმ სოკოლოვის პასპორტი უცხოეთში მის გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე გაიცა. რუსეთის საპასპორტო მონაცემთა ბაზებში ამ მონაცემების პირი არ არსებობს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეჭვმიტანილი ამ პასპორტით რუსეთის საზღვრის გადაკვეთას ვერ მოახერხებდა.

კრასიკოვი დაკავებულის ერთადერთი ვინაობა არ არის. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინებოდა, რომ ჩატარებული კვლევის თანახმად, დაკავებული ეჭვმიტანილი შეიძლებოდა ყოფილიყო ასევე რუსეთის მილიციის ყოფილი მაიორი, რომელსაც 24-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამაზე გამოძიებას ყურადღება მიაქცევინა ანონიმურმა ინფორმატორმა, იტყობინებოდა გაზეთი. არ გამორიცხავენ, რომ ეს გამოძიებისთვის კვალის ასარევად გაკეთდა. რადიო თავისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ გაზეთში დასახელებული მილიციელი ჯერ კიდევ ციხეშია, რუსეთში.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG