Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ოთხი თითი და ოქუაშვილის ახალი ბრალდებები


ზაზა ოქუაშვილი, ბიძინა ივანიშვილი
ზაზა ოქუაშვილი, ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს ოთხი თითი ოთხი მილიონის მოთხოვნის ნიშნად რომ აჩვენა, ეს ინფორმაცია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა „რუსთავი 2“-ს ჯერ კიდევ სექტემბერში მიაწოდა. იყო მოლოდინი, რომ ოქუაშვილი ამ სცენის დამადასტურებელ ვიდეოჩანაწერს სწორედ იმ ბრიფინგზე გაასაჯაროებდა, რომელიც 26 ოქტომბერს ორჯერ გადაიდო და ბოლოს - გაუქმდა.

ამის შემდეგ, „ომეგა ჯგუფის“ მანამდე დახურული თამბაქოს წარმოებაც ამუშავდა და გარეშე თვალს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ზაზა ოქუაშვილის გული ხელისუფლებამ მოიგო. თუმცა ოქუაშვილის კმაყოფილება უდღეური აღმოჩნდა. 21 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში მან თქვა, რომ ხელისუფლება მილიონების სანაცვლოდ რევოლუციის სცენარის არსებობის დადასტურებას სთხოვდა, რაც მან არ გააკეთა.

ოთხი თითისა და ოთხი მილიონის ამბავი

„ომეგა ჯგუფის “ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა სექტემბრის მიწურულს “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში თქვა, რომ მის კომპანიას ხელისუფლებამ ოთხი მილიონი გამოსძალა და ეს თანხა მას პირადად ბიძინა ივანიშვილმაც მოსთხოვა ჯერ ჟესტით, მერე - სიტყვითაც.

  • „ივანიშვილი თვითონ გახდა იძულებული, მოეთხოვა ფული: მაჩვენებდა ოთხ თითს. შემდეგ იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ“, - განაცხადა ოქუაშვილმა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შედგა. მას ესწრებოდნენ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო.
  • ზაზა ოქუაშვილის თქმით, 4 მილიონი ლარის წინასწარ გადახდას ითხოვდნენ თამბაქოს წარმოებისთვის (OGT) 2004-2005 წლებში მიყენებული ზარალის (25 მილიონი ლარის) კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ და პროცესში ჩართული იყო ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
  • ზაზა ოქუაშვილის თქმით, „4 მილიონის შემდეგ, ითხოვდნენ „ომეგას“ 50 პროცენტის წაღებას „ქართულ ოცნებაში“.
  • ზაზა ოქუაშვილის თქმით, ხსენებული 4 მილიონი ლარი ოდნავ მოგვიანებით „თიბისი ბანკიდან“ ნაღდი ფულის სახით გაიტანეს, არასამუშაო საათებში, უკანონოდ განხორციელებული ოპერაციის შედეგად და კომპანიის დირექტორებს გარეთ ელოდებოდნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც, ფაქტობრივად, ძალით წაიღეს ფული: „ეს იყო დაყაჩაღება! ეს იყო ქურდობა!“
  • „თიბისი ბანკმა“ უარყო მისკენ მიმართული ბრალდებები. თიბისი ბანკი“ განმარტავდა, რომ „ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით.“
  • ბიძინა ივანიშვილმა უარყო ოთხი თითის ჩვენების ფაქტი და 23 ოქტომბრის ინტერვიუში თქვა, რომ მას ასეთი რამ საკუთარ სახლში არ დასჭირდებოდა და არც 4 მილიონის გადახდის საფუძველი არსებობდა. თუმცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ზაზა ოქუაშვილთან მისი შეხვედრა ორჯერ შედგა.

ბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილის ბრალდებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:11 0:00

  • ზაზა ოქუაშვილს არ დაუდასტურებია, რომ 26 ოქტომბერს ორჯერ გადადებულ და შემდეგ საერთოდ ჩაშლილ ბრიფინგზე, ის ე.წ. ოთხი თითის ვიდეოს გასაჯაროებას აპირებდა, თუმცა 21 ნოემბერს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა "კვირის აქცენტებში" არც ის უარყო, რომ ასეთი ვიდეო არსებობს: „ჩვენ ან წყაროს უნდა დავეკითხოთ, ანდა ივანიშვილმა უნდა მოძებნოს ძალა, რომ წარმოადგინოს თვითონ... წყარომ ეს უნდა წარმოადგინოს ინგლისის სასამართლოში და საფრანგეთში გამოძიებას მისცეს...“
  • სახელმწიფო რეკეტის დამადასტურებელ ინფორმაციას მოიცავს სექტემბერში მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერები. მედიისთვის ჩანაწერების მიწოდება არ დაუდასტურებია „ომეგა ჯგუფს“, მაგრამ მან დაადასტურა ჩანაწერებში ასახული ინფორმაცია.

ზაზა ოქუაშვილის დუმილის მიზეზი

თუკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ღიად უპირისპირდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ოქტომბრის ბოლოს ის გაჩუმდა. 21 ნოემბერს კი, როცა ხელახლა ალაპარაკდა „რუსთავი 2“-ის ეთერში, დუმილი ხელისუფლების მრავალმილიონიანი შეთავაზებებით ახსნა: „მიამიტურად ვიყავი... და თანამშრომლები იყვნენ ძალიან დადებითად განწყობილი, რომ სახელმწიფომ ბოლოს და ბოლოს დაანება ფეოდალიზმს თავი, რეკეტს და კრიმინალს“. ოქუაშვილმა თქვა, რომ ოქტომბრის ბოლოს, ერთიანად, „ომეგა ჯგუფისკენ“, სხვადასხვა სახით, თითქმის 60 მილიონი ლარი დაიძრა:

  • 24 ოქტომბერს „ომეგა ჯგუფმა“ მოიგო პატენტის უფლების დაბრუნებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, რომელსაც კომპანია მანამდე 2,5 წელი ელოდებოდა.
  • 26 ოქტომბერს „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს საწარმოს (OGT) აქციზური მარკები გადასცეს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში მის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა.
  • 27 ოქტომბერს „ომეგას“ თამბაქოს წარმოებამ 3-თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა.
  • 26 ოქტომბერს „ომეგა ჯგუფმა“ „ხელის ჩამორთმევით“ მიიღო სიტყვიერი შეთანხმება დაგროვილი ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე და, ოქუაშვილის თქმით, საქმის კურსში იყო ბრიტანეთის საელჩოც. რესტრუქტურიზაციის შეთანხმებას „ომეგა“ მანამდე თითქმის 20 თვე ელოდებოდა.

  • გადაწყდა, რომ დაგროვილი დავალიანების 52,830,844 ლარის ნაცვლად, „ომეგა ჯგუფის“ OGT-ს სულ 11 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს OGT-სთვის დავალიანება არ უპატიებია.
  • 26 ოქტომბერს „ქართუ“ ბანკმა „ომეგა ჯგუფს“ თითქმის 8 მილიონი ლარის კრედიტი გამოუყო. საკრედიტო გარიგებას ადასტურებს „ქართუ “, თუმცა სიცრუეს უწოდებს ზაზა ოქუაშვილის მიერ 21 ნოემბერს გამოთქმულ ბრალდებებს.
  • გამოჩნდა ასევე 5-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა „ომეგა ჯგუფის“ ავტომანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით.

რას ითხოვდა ხელისუფლება სანაცვლოდ?

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს კმაყოფილება და იმედები მალე გაუქრა და კონკრეტულად მას შემდეგ, რაც მას წინასწარ დაწერილი ტექსტი მისცეს. ოქუაშვილის განცხადებით, სწორედ ამ ტექსტის მიხედვით უნდა წარმართულიყო ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, არჩევნების პირველი ტურის წინ. ​

  • ოქუაშვილს უნდა უარეყო ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ფულის გამოძალვასთან დაკავშირებული, მანამდე მის მიერ გახმაურებული ფაქტები.​
  • ოქუაშვილს უნდა დაედანაშაულებინა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიცრუის ტირაჟირებასა და არეულობის გამოწვევაში.
  • ოქუაშვილს უნდა ეთქვა, რომ ის უარს ამბობს რევოლუციის დაფინანსებაზე: „რევოლუციისათვის ფულის დახარჯვას მირჩევნია ბიუჯეტში შევიტანო და ვნახოთ როგორ მოიქცევა ხელისუფლება“.

წინასწარ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ, ოქუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ არ შეასრულა წინასწარ მიცემული პირობა „ომეგა ჯგუფის“ ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ. დოკუმენტი ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი. „აუცილებლად პასუხი აქვს საგები ყველა იმ ფეოდალს ვინც ამ ფეოდალურ რეკეტში მონაწილეობს. დასაჭერია პირველ რიგში ივანიშვილი. მაგრამ ვინ უნდა დაიჭიროს გახარიამ? ყველამ უნდა აგოს პასუხი,“- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“ გადაცემაში.

ზაზა ოქუაშვილი ოთხი მილიონის გამოძალვის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:50 0:00

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG