Accessibility links

ბოლშევიკის ძეგლი მარნეულში - „ვინ არის აქ დირექტორი“


საქართველოს აზერბაიჯანულ თემში მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) ულტიმატუმმა, რომელიც მარნეულიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას უკავშირდება. ვითარება დაძაბულია: ახლა ძეგლს ის აზერბაიჯანელებიც კი იცავენ, რომლებიც მანამდე დიდად არ აფასებდნენ ნარიმან ნარიმანოვს. მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) გარშემო, საკმაოდ სახიფათო განცხადებებით დაირაზმნენ რადიკალური ძალები. ხელისუფლება კი დუმს.

ვინ არის ნარიმან ნარიმანოვი? რატომ (არ) უნდა იდგეს მისი ძეგლი მარნეულში? არის თუ არა ეს პრობლემა მხოლოდ საბჭოთა ისტორიის გადაფასების ნაწილი თუ საქმე პოლიტიკას შეეხება? რას ამბობენ ადგილობრივი აზერბაიჯანელები და რა შუაშია ეკლესიის დაფინანსება?

ვნებათაღელვა მარნეულში და მის გარშემო

საქართველოს მტრის - ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრირებისთვის მარნეულის მერმა (ზაურ დარგალმა) ბოდიში უნდა მოიხადოს, შეცდომა უნდა აღიაროს, ძეგლი „გონივრულ ვადაში“ უნდა აიღოს და ნაგავში გადააგდოსო, - მოითხოვა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგიმ (ჯამდელიანმა).

24 მაისს, ეკლესიაში საკვირაო ქადაგებისას, მან ასევე თქვა:

  • „ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს?! ... მერი მარტო აზერბაიჯანელებმა კი არ აირჩიეს, ქართველებმაც (აირჩიეს)... მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს, რა ძეგლზეა საუბარი?! “
  • „თამაშები არავის გამოუვა. თუ ეს იყო შეცდომა, ეს საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა... პირდაპირ ვამბობ, მან ჩაიდინა დიდი უკანონობა - როგორც მორალურად და ზნეობრივად, ისე სახელმწიფოს წინაშე“;
  • „ქართველებს საერთოდ ღირსება თუ შეგვრჩენია, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის დიდი შეურაცხყოფა. ეს არის ჩვენს წინაპართა სულში ჩაფურთხება“.

წმინდა სინოდის წევრმა აზერბაიჯანელებს იქვე ისიც უთხრა, რომ ისინი ქართველების მიწა-წყალზე ცხოვრობენ და ვინც ქვეყნის სადარაჯოზე იდგება - „ღმერთმა შეარგოს ქართული მიწა“, ხოლო ვინც არა - „არამი იყოს ყველასთვის“.

მეუფე გიორგის ქადაგების ეს ფრაგმენტები ინტერნეტსივრცეში ელვის სისწრაფით გაავრცელეს რადიკალურმა ჯგუფებმა და მათმა მომხრეებმა. აგორდა მუქარის შემცველი, ქსენოფობიური კომენტარების ტალღაც.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა - თუ მეუფე გიორგის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მთელი საქართველო მის გვერდით დავდგებით და „მას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ფიზიკურად დავიცავო“.

ამ ყველაფრის შემდეგ გაღიზიანდა აზერბაიჯანული თემიც.

როგორც ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტი, ოქტაი ქაზუმოვი ეუბნება რადიო თავისუფლებას, „ეპისკოპოსს პროვოკაციული გამოსვლა ჰქონდა“ და აზერბაიჯანულ თემში ვნებათაღელვა გამოიწვია. ქაზუმოვი ამბობს, რომ დღეს ძეგლის აღებას ეწინააღმდეგებიან „ის მორწმუნე მუსლიმებიც კი, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო მრწამსით ბოლშევიკი ნარიმანოვი, ანუ როგორც იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც მეჩეთები დაანგრია ან დახურა“.

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი მარნეულის ცენტრში, მერიისა და საკრებულოს შენობის წინ, სკვერში დგას. სავარაუდოდ, გასული საუკუნის 70-იან წლებში დადგმული ძეგლის რესტავრირება დაახლოებით ორი კვირის წინ დასრულდა. „რადიო მარნეული“ მარტში ავრცელებდა ინფორმაციას მარნეულის საკრებულოს დეპუტატის, აზად ქერიმოვის კომენტარზე დაყრდნობით, რომ ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მარნეულის მერიას წერილით მოსახლეობამ მიმართა.

როგორც „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტმა, თიკო დავაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის უმრავლესობისთვის ნარიმან ნარიმანოვი არა ბოლშევიკად და საბჭოთა ისტორიის ნაწილად, არამედ საზოგადო მოღვაწედ, მწერლად, პუბლიცისტად და ექიმად აღიქმება.

უცნობია, როგორ ესმის მარნეულის მერს, ზაურ დარგალს მეუფე გიორგის ულტიმატუმი და აპირებს თუ არა მისი მოთხოვნის შესრულებას.

დარგალი რადიო თავისუფლების ზარებს არ პასუხობს. კომენტარზე თავდაპირველად დაგვთანხმდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ნავერიანი - თუმცა შემდეგ, დათქმულ დროს, რადიო თავისუფლების ზარსა და ტექსტურ შეტყობინებას აღარც მან უპასუხა. 26 მაისს მიუწვდომელი იყო მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანიც.

ვინ არის ნარიმან ნარიმანოვი?

ნარიმან ნარიმანოვი 1870 წელს, საქართველოში დაიბადა. დაბადების კონკრეტულ ადგილად, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დასახელებულია თბილისი და სოფელი ყიზილაჯლო. ნარიმანოვი 1891 წელს წავიდა საქართველოდან და საცხოვრებლად გადავიდა ჯერ - ბაქოში, ხოლო შემდეგ - მოსკოვში.

თუკი ნარიმანოვის ბიოგრაფიის ხელმისაწვდომ ცნობებს გადავხედავთ, ჩანს, რომ მისი წარსული დიდწილად ბოლშევიკურ საქმიანობას უკავშირდება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით:

  • 1916 წელს ის აირჩიეს ბაქოს ბოლშევიკთა ორგანიზაციის ლეგალური ცენტრის მმართველობაში;
  • 1918 წელს ის გახდა ბაქოს რევოლუციური კომიტეტის წევრი;
  • 1919 წლიდან ის დაინიშნა სახალხო კომისარიატის განყოფილების გამგედ;
  • 1920 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის დროს, ის აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე იყო;
  • 1922 წელს ის დაინიშნა საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავკაცად;
  • ის დაიღუპა 1925 წელს, მოსკოვში, გაურკვეველ ვითარებაში და დასაფლავებულია კრემლის კედელთან.

ულტიმატუმების ენით საუბარი და დაძაბულობის გაღვივება არ არის კარგი, მაგრამ არც ის არის კარგი, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი დგას ჩვენთან, საქართველოში და ისევ ხდება საბჭოთა წარსულის კეთილად მოხსენიება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.

მისი შეფასებით, დაუშვებელია იმ ადამიანთა ძეგლების შენარჩუნება, „რომლებიც საბჭოთა ძალადობრივ სისტემასთან არიან ასოცირებული“ და თუ თანამემამულე აზერბაიჯანელების ღვაწლის ხაზგასმა და დაფასება გვინდა, უნდა ვიცოდეთ, რომ - ძეგლი არა ნარიმანოვს, არამედ - სხვებს ეკუთვნით.

„ქართველებისა და აზერბაიჯანელების მტკიცე ისტორიული ურთიერთობები საჩვენებლად, შეიძლება დაიდგას, მაგალითად, მირზა შაფის (აზერბაიჯანელი პოეტი) ძეგლი; უნდა გვქონდეს და გვაქვს კიდეც - მირზა ფათალი ახუნდოვის (აზერბაიჯანელი მწერალი, ფილოსოფოსი) ძეგლი... არიან სხვებიც, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი დამსახურება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე და, მაგალითად, ასეთია ასპინძის ომის გმირი, ერეკლე მეორესთან უაღრესად დაახლოებული ხუდია ბორჩალოელი...

აი, ასეთი ადამიანები უნდა წამოვწიოთ წინ. უნდა ვთქვათ, რომ ბორჩალოელები მონაწილეობდნენ თითქმის ყველა ბრძოლაში, რომელიც ერეკლე მეორემ გადაიტანა. მეფე ერეკლე განსაკუთრებით ენდობოდა მათ - როგორც ჩანს, სწორედ ბორჩალოელები წარმოადგენდნენ მისი პირადი დაცვის წევრების ნახევარს მაინც. აუცილებლად უნდა ვახსენოთ აზერბაიჯანელი მწერალი და პუბლიცისტი აბდულა შაიგი (თალიბზადე) ... ისტორიიდან სწორედ იმას უნდა გავუსვათ ხაზი, რაც არის დადებითი. ასეთ ხალხს უნდა დავუდგათ ძეგლი და არა კომუნისტსა და რუსებთან ერთად აზერბაიჯანის დამპყრობელს“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ისტორიკოსი ასევე ფიქრობს, რომ ძეგლის დადგმისა თუ აღების საკითხთან მიმართებით საჭიროა საზოგადოებრივი კონსენსუსი და ამ კუთხით გადამწყვეტ როლს განათლება და ხალხის ინფორმირება ასრულებს - „უნდა იცოდნენ, ვინ ვინ არის“. იკვეთება სახელმწიფოს როლიც:

„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით. არ არის საჭირო ულტიმატუმები და დაძაბულობა... ვფიქრობ, ამ ხალხს არავინ აუხსნა - ვინ არის ნარიმან ნარიმანოვი. ამიტომ მათ ჰგონიათ, რომ ნარიმანოვი არის მნიშვნელოვანი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ახლა რატომღაც ვიღაც ემტერება... მართალია, ნარიმან ნარიმანოვი მწერალიც იყო და პუბლიცისტიც იყო, მაგრამ ასევე იყო ფილიპე მახარაძეც“.

რა დგას ულტიმატუმის უკან?

მეუფე გიორგი (ჯამდელიანის) ულტიმატუმსა და მუქარას არა ისტორიის გააზრების ნაწილად, არამედ „ისტორიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციად“ განიხილავს ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ის ამ პროცესს მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირებს.

„რაც მოვისმინე, ცხადია, რომ მეუფე გიორგის მიზანი არ არის ნარიმან ნარიმანოვის მიერ განვლილი გზის გადააზრება ... მეუფე ამ განცხადებებით პირდაპირ გახდა პოლიტიკური პროცესების ნაწილი და ხმამაღლა თქვა - აქ ხელმძღვანელი მე ვარ, აქ დირექტორი მე ვარო („მიმინოსი“ არ იყოს)... არჩევნებია კარს მომდგარი და უნდა დავფიქრდეთ - პოლიტიკური დაპირისპირებების ნაწილი ხომ არ არის მეუფის ეს განცხადება?! ვფიქრობ, მას ეს ასე უცებ არ გაახსენდებოდა, რაღაც პოლიტიკური ამბები რომ არ ხდებოდეს“.

მეუფე გიორგიმ 26 მაისს არ უპასუხა რადიო თავისუფლების ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს. მისთვის გვინდოდა გვეკითხა სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც, რომელიც ეპარქიის დაფინანსებასა და კერძოდ - 400 ათას ლარს უკავშირდება.

მომჩივნებს - ერთ ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციასა და ერთ კონკრეტულ აქტივისტს, სამართლებრივ პროცესებში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმარება.

„სასამართლოში შეტანილი გვაქვს სარჩელი, რომლიც გულისხმობს მარნეულის მუნიციპალიტეტის იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რომლის მიხედვითაც - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას 2020 წლის ბიუჯეტით 400 ათასი ლარი გამოეყო... თანხები გამოყოფილი იყო წინა წლებშიც და თანხის მიზნად მითითებულია "რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლეობის სულიერი ამაღლება"...

ეს თანხა უკვე რამდენიმე წელია ეძლევა ეპარქიას, ხოლო ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციებისთვის, ჯამში, მხოლოდ 10 ათასი ლარია გათვალისწინებული... ჩვენთვის ასეთი მიდგომა დისკრიმინაციული და მიუღებელია და ამიტომ გავასაჩივრეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ.

ოქტაი ქაზუმოვი ვარაუდობს, რომ მეუფე გიორგი ზაურ დარგალს სწორედ ამ სარჩელის გამო დაუპირისპირდა - „ჩემი ინფორმაციით, ეპისკოპოსმა თავისი ზეგავლენებით მოინდომა ამ სასამართლო დავის შეჩერება, თუმცა მერმა თქვა, რომ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია... ვფიქრობ, ამან გამოიწვია ასეთი შეტევა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG