ბრალდებულმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 9 მარტს, წინასასამართლო სხდომაზე მისთვის განკუთვნილი დრო გამოიყენა იმისთვის, რომ ეკითხა, რატომ აუკრძალეს შვილებისა და ცოლის ნახვა.
„ეს არის სადიზმი“
მისი შეფასებით, ეს “სადიზმია” და არა სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა მოწმეებზე ზემოქმედების არგუმენტით აიხსნას.
„ჩემთან რომ ჩემი ოჯახის წევრები მოვლენ და კამერების თანდასწრებით ვისაუბრებთ, როგორ მოახდენენ ისინი მოწმეებზე ზეწოლას? ტექნიკურად ამიხსენით, როგორ უნდა მოვახერხო ზეწოლა... ჩემს შვილს ამაზე დავუწყებ საუბარს, ასე ფიქრობთ?
ეს არის სადიზმი. ჯერ ხომ ციხეში გამომამწყვდიეთ, გინდოდათ ჩემზე შური გეძიათ? კი ბატონო, ხომ ვზივარ ჩუმად....მაგრამ ეს სადიზმი რა უბედურებაა... ღამე როგორ სძინავთ თქვენნაირ ადამიანებს? სარკეში არ იხედებით? შვილები არ გყავთ? სხვა რამე ამიკრძალე, შე ოხერო, შვილებთან შეხვედრას მიკრძალავ?“ - მიმართა ალეკო ელისაშვილმა საქმის პროკურორს, მარიამ ბერძენიშვილს.
ალეკო ელისაშვილს ციხიდან გარესამყაროსთან კონტაქტი აქვს აკრძალული, რის უფლებასაც პროკურატურას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აძლევს - გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, გასაჩივრება შესაძლებელია. პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსაც, ელისაშვილის მსგავსად, გარესამყაროსთან კონტაქტი აქვს აკრძალული - არ ეძლევა დარეკვის, წერილის გაგზავნის, ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა.
პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა მოგვიანებით რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ალეკო ელისაშვილის გარესამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ დადგენილებას ხელს თავად აწერს და ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე ფაქტორის შეფასებით მივიდა - მათ შორისაა ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები და წარსული გამოცდილება.
„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას, გამოიცეს დადგენილება, რომელიც პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს პატიმრის უფლებების რეალიზაციას აუკრძალავს - ეს იქნება დარეკვა თუ შეხვედრები. ამ დადგენილებაში სახელი და გვარები არ წერია[ცოლი, შვილი], ეს არის გარესამყაროსთან კომუნიკაციის აკრძალვა.
ამ საქმეში თვითმხილველი მოწმეები არიან და არსებობს მათზე ზემოქმედების საფრთხე, სხვადასხვა ფორმით - ეს შეიძლება იყოს სატელეფონო კომუნიკაცია, გადაცემა და ა.შ. ჩვენ ეს საფრთხეები უნდა დავაზღვიოთ“, - ამბობს პროკურორი და დამატებით განმარტავს, რომ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ზოგადად, წარდგენილი მუხლის სიმძიმე განმსაზღვრელი არ არის, თუმცა, „რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება კუმულაციურად მიიღება - ბრალდებულების მახასიათებლების, წარსული გამოცდილების, ცხოვრების, დანაშაულებრივ ქმედებებთან წარსულში შემხებლობის გათვალისწინებით“.
ალეკო ელისაშვილმა 2026 წლის 13 იანვრის სასამართლოზე ისიც თქვა, რომ მკაცრი რეჟიმის ციხეში, - სადაც დამატებითი შეზღუდვები აქვს დაწესებული, - პირადად თავისი „გულითადი" მეგობრის, მამუკა მდინარაძის პირადი დავალებით არის“.
ელისაშვილმა 2024 წლის 15 აპრილს, „აგენტების კანონის“ განხილვებისას, სახეში მუშტი ჩაარტყა მამუკა მდინარაძეს, მაშინდელ დეპუტატს, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.
„ხელბორკილიდან სისხლები მომდიოდა“.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის კითხვაზე, დაკავების შემდგომ დღემდე, სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ან წამების მსხვერპლი ხომ არ გამხდარა, ალეკო ელისაშვილმა უპასუხა, რომ - „დიახ“.
„ოთხი საათი მქონდა ხელბორკილები ზურგს უკან, ძალიან ისე... მერე ნახეს, ხელები რა დღეში მქონდა, "კაპეზეში" და მერე განყოფილებაშიც ნახეს, რა მჭირდა - სისხლები მომდიოდა ხელბორკილიდან... ალბათ, ქალბატონი პროკურორი ძმარს ადენს იმ პოლიციელებს...“ - გაიხსენა დაკავების დღე ბრალდებულმა პოლიტიკოსმა.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა - ხელბორკილების ამბავს ალეკო ელისაშვილი დაკავების შემდეგ პირველივე სასამართლო სხდომაზეც მოჰყვა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
პროკურორის თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულებზე სავარაუდო ძალადობის საქმეებს თბილისის პროკურატურა იძიებს ხოლმე, შესაბამისად, თავად ინფორმირებული არაა.
მისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უწყებამ ელისაშვილის მონათხრობი იცის.
„სხვა შემთხვევები?“ - იკითხა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა.
„სხვებიც არის, მაგრამ სად არის სამართალი... იმ ძველებზე გამოძიებები მიდის, პოლიციელებმა რომ ჯგუფურად მცემეს, მერე ის უწყება დახურეს“, - თქვა ბრალდებულმა.
2024 წელს, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალეკო ელისაშვილს, მაშინ მას დეპუტატის სტატუსიც ჰქონდა, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ვიდეოში, რომელიც ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა, ჩანდა, როგორ მიუახლოვდა პოლიტიკოსი რუსთაველის გამზირზე განლაგებულ, სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილ სამართალდამცველებს.
ამის შემდეგ, სპეცრაზმი აქციის სხვა მონაწილეების მისამართით ასხამდა წიწაკის სპრეის, ხოლო ალეკო ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამას გარდა, გახადეს მაისური და დააგდეს ძირს.
2024 წლის 2 სექტემბერს ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ მასზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პოლიციელი ამოიცნო და მის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. აქედან ორი წლის მერეც გამოძიება ისევ მიდის.
„იმ ინციდენტის შემდეგ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი, არცერთი მათგანი იდენტიფიცირებული არ არის“, - თქვა ელისაშვილმა 2026 წლის 9 მარტს სასამართლო სხდომაზე, სადაც თავადაა ბრალდებული.
პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს „ტერორიზმს“, კერძოდ კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. გამოძიების თანახმად, მან სასამართლოს შენობის დაწვა სცადა და ამ მიზნით, შაბათ დილას, 04:00 საათისთვის, შენობასთან მივიდა „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“, ჩაამტვრია შუშა, შევიდა შენობაში, მოასხა საწვავი, ცეცხლის წაკიდებაში კი ხელი მანდატურებმა შეუშალეს.
პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“;
პროკურატურა ამბობს, რომ სამი მანდატური ცდილობდა ელისაშვილის „განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას“.
„თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას“, - წერია 30 ნოემბერს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურამ ვიდეოკამერების ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.
ელისაშვილი არ უარყოფს, რომ „საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვას გეგმავდა“. ის ქმედებას აღიარებს, თუმცა უარყოფს მუხლის კვალიფიკაციას - ტერორიზმს.
მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმე წინასასამართლო სხდომის ეტაპზეა. არსებითი განხილვის დაწყების თარიღი მომდევნო სხდომაზე განისაზღვრება. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ჯერ მხარეების შუამდგომლობები უნდა განიხილოს, მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ. მორიგი სხდომა 18 მარტს ჩატარდება.
ფორუმი