Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუბა კუდავა: „პარადოქსია, რომ აქამდე ექვთიმე თაყაიშვილის მრავალტომეული არ გვქონდა“


ექვთიმე თაყაიშვილის თორმეტტომეული
ექვთიმე თაყაიშვილის თორმეტტომეული

ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალები, შრომები, რომლებზეც ექვთიმე თაყაიშვილი მთელი ცხოვრება მუშაობდა - გამომცემლობა „არტანუჯმა“ ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების 12 ტომი დაბეჭდა.

ექვთიმე თაყაიშვილს ისტორიულ-ფილოლოგიური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. წყაროთმცოდნე იყო, მაგრამ საქართველოში იმდენი რამ იყო საკვლევი, რომ კიდევ ბევრი სხვა მიმართულებითაც მუშაობდა. ეს ის დროა, როდესაც სიძველეების დიდი ნაწილი ან ოჯახებში ინახება, ან ეკლესია-მონასტრებში, მათ შორის - მიტოვებულ ეკლესიებშიც. ამასთან, არავინ იცის, მსგავს ძეგლებს ან როგორ მოუაროს, ან რაში გამოიყენოს.

„ექვთიმემ ძალიან ბევრი წყარო აღმოაჩინა და გამოსცა, მათ შორის მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“, „ხელმწიფის კარის გარიგება“. ძალიან საინტერესოა მისი ეპიგრაფიკული ნამუშევრები (დისციპლინაა, რომელიც სწავლობს მაგარ მასალაზე შესრულებულ ძველ წარწერებს რ.თ.), ეკლესიებს რომ გადაუღებდა და აზომავდა, მერე წარწერებს კითხულობდა“, - ამბობს როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და მრავალტომეულის მთავარი რედაქტორი.

ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი

ამ უნიკალური მემკვიდრეობის შეგროვება ადვილი არ იყო, მაგალითად, „ხელმწიფის კარის გარიგება“ ექვთიმემ 1908 წელს, ქართლის ერთ გაპარტახებულ სახლში აღმოაჩინა. იმ ნაგვიდან ამოიღო, რომელიც მის თვალწინ გამოყარეს.

როინ მეტრეველი იმასაც იხსენებს, როგორ გადაარჩინა ექვთიმემ პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“.

„ეს ხელნაწერი ოჯახში ინახებოდა და როდესაც ყდის გასაკეთებლად მიჰქონდათ, ეტლში დარჩათ. მპოვნელმა წიგნი დავით სარაჯიშვილს მიუტანა. სარაჯიშვილს უნდოდა, ის საქართველოში ჩამოსული სტუმრისთვის ეჩუქებინა, მაგრამ ექვთიმემ მათხოვეო, გამოართვა და მანამ არ დაუბრუნა, სანამ იმ პიროვნებამ, ვისთვისაც ეს ხელნაწერი უნდოდათ, საქართველო არ დატოვა“.

ექვთიმე თაყაიშვილი იცავდა და ინახავდა იმ განძს, რომელიც 1921 წელს საქართველოდან გახიზნულმა მთავრობამ საფრანგეთში წაიღო. მუზეუმებიდან, სამონასტრო კომპლექსებიდან გამოტანილი მემკვიდრეობის შენახვა და შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნება იმდენად მნიშვნელოვანი საქმე იყო, რომ ექვთიმე თაყაიშვილის გაკეთებული ყველა სხვა სიკეთე გადაფარა, მათ შორის, მისი სამეცნიერო მოღვაწეობა და ერთმანეთის მიყოლებით მოწყობილი ექსპედიციები.

„ექვთიმე თაყაიშვილის სახელის გაგონებაზე პირველი სწორედ გადარჩენილი განძი ახსენდებათ. თორმეტტომეულის გამოცემა შეხსენებაა საზოგადოებისთვის, რომ მის სამეცნიერო ღვაწლს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ... პარადოქსია, რომ აქამდე ექვთიმე თაყაიშვილის მრავალტომეული არ გვქონდა, - ამბობს „არტანუჯის“ წარმომადგენელი და მრავალტომეულის სარედაქციო ჯგუფის წევრი ბუბა კუდავა, - ექვთიმეს შეეძლო უფრო მეტი დრო დაეთმო კვლევებისთვის და უფრო „ცნობილი“ მეცნიერი გამხდარიყო, მაგრამ თავს უფლება არ მისცა, სიძველეებისთვის არ მიეხედა. თვითონვე თქვა, რომ გადავავლე თვალი, როგორი საგანძური ნადგურდებოდა უპატრონოდ, ჩვენი მეცნიერების საქმიანობა კი ამ დროს სალონურ საუბრებს არ ცდებოდაო“.

12 ტომში ექვთიმე თაყაიშვილის ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ეპიგრაფიკული ნაშრომები, მათ შორის ექსპედიციების მასალებიც, სრულადაა შესული, თითოეული ტომი დაახლოებით 600 გვერდია და 15-25 ლარი ღირს. სარედაქციო კოლეგიაში შედიან: ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, ბუბა კუდავა და გოჩა საითიძე.

მრავალტომეულში ექვთიმე თაყაიშვილის მთელი შემოქმედებაა თავმოყრილი. ბუბა კუდავა ფიქრობს, რომ ეს მკვლევრებს საქმეს გაუადვილებს, მით უფრო, რომ შრომების უმეტესი ნაწილი პირველად გამოქვეყნების შემდეგ აღარ გამოცემულა. ზოგიერთი თხზულება უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაც კი იყო ქცეული. წიგნებში შეტანილია საარქივო მასალები და ილუსტრაციებიც. აქამდე ექვთიმე თაყაიშვილის წერილების ნაწილი ილუსტრაციების გარეშე იბეჭდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის შესწავლისას მას თან ფოტოგრაფიც მიჰყავდა და არქიტექტორიც.

„ეს მასალები უმეტესად ცალ-ცალკე იყო, სხვადასხვა საცავში გაბნეული, ცალკე პუბლიკაცია, ცალკე - ფოტოები და ჩანახატები. მისი ნაშრომი „მოგზაურობა ლეჩხუმ-სვანეთში“ პარიზში, 1937 წელს ილუსტრაციების გარეშე გამოქვეყნდა. შემდეგ გურამ შარაძემ გამოაქვეყნა, ასევე ილუსტრაციების გარეშე. არადა, მის პირად არქივში ილუსტრაციების საკმაოდ მდიდარი კოლექცია იყო. ახლა საშუალება მოგვეცა, ეს ილუსტრაციები ტექსტთან ერთად გამოგვეცა“, - ამბობს ბუბა კუდავა.

თორმეტტომეულში შესულია ის წყაროებიც, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი იყენებდა. მართალია, ეს უშუალოდ ექვთიმეს ტექსტები არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი ნაშრომის გასააზრებლად.

ექვთიმე თაყაიშვილის საარქივო მასალებზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. სარედაქციო ჯგუფი არ გამორიცხავს, თორმეტტომეულს მომავალში, კიდევ რამდენიმე წიგნი დაემატოს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG