Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ახალგორში სააღდგომოდ გზის გახსნას ელოდებიან, იქ გაგლოევიც აპირებს ჩასვლას


ახალგორისკენ მიმავალი გზის მანიშნებელი
ახალგორისკენ მიმავალი გზის მანიშნებელი

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალან გაგლოევის ჩასვლას ელოდებიან. მართალია, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა დაბაში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სამზადისი უკვე შეინიშნება.

საუბარია იმაზე, რომ გაგლოევი იქ ამ კვირაში ჩავა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. გაგლოევი უკვე იმყოფებოდა ჯავის რაიონში, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მოსახლეობასაც შეხვდა. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ინფორმაციით, გაგლოევი დაბას 15 აპრილამდე ეწვევა და მოსახლეობასთან შეხვედრისას გააჟღერებს, რომ გზას სააღდგომოდ 5 დღით ადრე გახსნის. თუმცა წყარო იმასაც ამბობს, რომ მოსახლეობას გზის სრულად გახსნის მოთხოვნა ექნება.

„ახლა, ყოველთვიურად, გზას 20-დან 30 რიცხვამდე ხსნიან. მე როგორც ვიცი, გაგლოევთან შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობა გზის სრულად გახსნას მოითხოვს, რადგან ათი დღე არაა საკმარისი იმისთვის, რომ აქაურებმა თბილისში გამოკვლევები ჩაიტარონ, იმკურნალონ, პროდუქტები შეიძინონ და უკან დაბრუნდნენ. იმასაც მოითხოვენ, რომ ერთ ადამიანზე 50 კილოგრამი ტვირთის ნაცვლად უფრო მეტის შემოტანა იყოს შესაძლებელი. ახლა გვპირდებიან, რომ გზას სააღდგომოდ, 16 აპრილამდე გახსნიან და ამასაც უკავშირდება გაგლოევის ვიზიტი. სხვა პრობლემებიც მრავლად არის, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები ხშირად იგვიანებს და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც იქნება საუბარი“, - გვეუბნება რადიო თავისუფლების ახალგორელი წყარო, რომლის ვინაობასაც მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ვასახელებთ.

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, პროგრამა „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ადგილობრივებს გაგლოევის მიმართ არაერთი პრეტენზია დაუგროვდათ და ამის შესახებ მას შეხვედრაზეც ეტყვიან.

„მათ შორის არის საერთო პრობლემები, რომლებიც ყველა მაცხოვრებელს ეხება, მაგალითად, კორუფცია საშვების გაცემის პროცედურასთან დაკავშირებით. ვითარება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით - მიკროავტობუსები ერთ-ერთ ხეობაში საერთოდ არ დადიან. ტაქსის დაქირავება მათთვის ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ ზოგი ხრიკს იყენებს - იძახებენ სასწრაფოს, რომ რაიონულ ცენტრში ჩავიდნენ. ლენინგორიდან ცხინვალში მიკროავტობუსი კვირაში მხოლოდ ორჯერ დადის... რა თქმა უნდა, უმუშევრობაზე ისაუბრებენ. ზოგიერთი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, ზოგს კი ხუთი ან მეტი შემოსავლის წყარო აქვს. ცალკეა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების პრობლემები. მე ვიცი, რომ რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლები, საბინაო და კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ხუთი თვეა ხელფასი არ მიუღიათ, აპირებენ პრეზიდენტს მიმართონ. როგორც გავიგე, ორგანიზაციებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სურთ პრეზიდენტთან უკანონო გათავისუფლების გამო ისაუბრონ. პრეზიდენტის მიმართ იქნება პრეტენზიები რაიონის ხელისუფლების უტაქტო საქციელზე. ღრიალებენ - შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს, მთვრალები დადიან სამსახურში, ჩხუბობენ საზოგადოებაში... უბნის მცხოვრებლები აღშფოთებულები არიან თანამდებობის პირების ამპარტავნობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რთული საუბარი იქნება ალან გაგლოევთან“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის მარტში, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე მოითხოვეს, რომ ოკუპირებული დაბის მოსახლეობისთვის, აღდგომის დღეებში გზა ხუთი დღით ადრე გახსნილიყო, რათა წეროვანსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრებ ახალგორელებს სალოცავებსა და ნათესავების საფლავებზე გასვლა დროულად შეძლებოდათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცხინვალიდან ცხელი ხაზის მეშვეობით, ჯერ არ მიუღიათ დასტური 15 აპრილისთვის გზის გახსნის თაობაზე.

ახალგორის რუსული დასახელება "ლენინგორი"
ახალგორის რუსული დასახელება "ლენინგორი"

ახალგორის ლეგიტიმური გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გელა შერმადინი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას 15 აპრილიდან გეგმავს. მისი ინფორმაციით, გადაადგილების უფლებით ვადაგასული საშვების მფლობელებიც ისარგებლებენ. შერმადინი იმასაც გვეუბნება, რომ გზას სამი დღით, 15, 16, 17 აპრილს გახსნიან, შემდეგ დაკეტავენ და 20 აპრილიდან ათი დღით ისევ გახსნიან. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, საშვების გაცემის პროცესში ოკუპირებული რეგიონის ადმინისტრაციამ გამარტივებული პროცედურებიც შემოიღო, რაც კორუფციული გარიგებების შედეგად ხდება.

„მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. გზას ხსნიან სააღდგომოდ, 15, 16 და 17 აპრილს. ვადაგასული საშვების მფლობელებსაც შეუშვებენ. შემდეგ დაკეტავენ და 20 აპრილიდან ისევ გახსნიან. ასეთი ინფორმაცია მომაწოდა იქიდან გამოსულმა ადამიანმა. რაც შეეხება საშვებს, უფრო გამარტივდა. მე როგორც ვიცი, ადგილობრივ ორგანოებს უფლება მისცეს, ვადა გაუხანგრძლივონ უკვე ვადაგასულ საშვებსაც, აქ კორუფციული ნიშნები იკვეთება“.

ალან გაგლოევი
ალან გაგლოევი

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ოკუპირებულ ახალგორში ბოლოს გასული წლის გაზაფხულზე, საპრეზიდენტო არჩენების წინ, კანდიდატის სტატუსით იმყოფებოდა. იქ მისცა მან პირობა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ არჩევის შემთხვევაში გზას გახსნიდა. გაგლოევმა პირობა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და ე.წ. გამშვები პუნქტი, ყოველთვიურად მხოლოდ ათი დღით გახსნა. ამ პირობას ახალგორელები მას ისევ შეახსენებენ, რადგან გაგლოევმა სწორედ ახალგორელების ხმებით, დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტ ბიბილოვს. მომავალ წელს დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და გაგლოევის პარტიას - „ნიხასს“ წარმატების მიღწევა სურს, ამიტომ დე ფაქტო პრეზიდენტის გააქტიურება შემთხვევითი არ არის. დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა თითქმის სამი წლის განმავლობაში სრულ იზოლაციაში მოაქცია. ბიბილოვი გზის გახსნის სანაცვლოდ ხაშურის მუნციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს გატანას მოითხოვდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა, ვითარება კი ნაწილობრივ მხოლოდ ალან გაგლოევის დე ფაქტო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა.

XS
SM
MD
LG