Accessibility links

site logo site logo

გადამწყვეტი არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის


11 ივლისს მოლდოვასა და მის ფარგლებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაიწყება ხმის მიცემა, რომელმაც ქვეყანაში არა მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკურ კრიზისს უნდა დაუსვას წერტილი, არამედ შესაძლოა მოლდოვაში მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად შეიქმნას პოლიტიკური რეალობა, როდესაც პროდასავლელი პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას თავისივე ლიდერობით მოქმედი პროდასავლური ძალით დააკომპლექტებს.

მოლდოვის წლევანდელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ მხრივაც არის ნიშანდობლივი, რომ 11 ივლისს ხმის უფლების მქონე მოლდოვის მოქალაქეები პირველად აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც მთლიანად პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებით იქნება დაკომპლექტებული.

საარჩევნო ბლოკებისათვის გამსვლელი ბარიერი 7 %-ია, ხოლო პარტიებისათვის - 5 %.

პატარა მოლდოვის 101-მანდატიან პარლამენტში მოსახვედრად 11 ივლისის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს 20 პოლიტიკური პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.

პოლიტიკურ ძალთა ბალანსი

მოლდოვაში არჩევნების წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ (PAS) მხარს უჭერს ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 33,7 %; 25,2 %-ით მეორე ადგილზეა მოლდაველი კომუნისტებისა და პრორუსულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის, სოციალისტური პარტიის საარჩევნო ბლოკი. სავარაუდოდ, 6-6 %-ს მიიღებენ სკანდალური მილიარდერის, ამჟამად უცხოეთში მცხოვრები ილან შორის, ევროსკეპტიკური „შორის“ პარტია და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პოპულისტი პოლიტიკოსის, რენატო უსატის, ბლოკი.

თუ ძალთა ეს განლაგება უცვლელი დარჩა, მაშინ მოლდოვის 101-ადგილიან პარლამენტში აშკარად გამოკვეთილი პროდასავლური „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) მიიღებს 53 მანდატს, ეს კი პრეზიდენტ მაია სანდუს შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად დააკომპლექტოს აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც ასე ძალიან სჭირდება იმისათვის, რომ განახორციელოს წინასაარჩევნო საპრეზიდენტო პროგრამა - მიაღწიოს ქვეყნის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და დაამარცხოს მოსკოვთან ასოცირებული კორუფციული ძალები.

ბოლო წლებში მოლდოვას უჭირს და, ფაქტობრივად, ერთ ადგილს ტკეპნის დასავლეთის მიერ დასახული რეფორმების გატარება მას შემდეგ, რაც ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ბანკებიდან 7 წლის წინ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გაქრობამ. ამ სკანდალს მაშინ მოლდოვის მთავრობა გადაჰყვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კი ციხეში აღმოჩნდა.

არჩევნების შემდეგ, თავის საინაუგურაციო სიტყვაში, პრეზიდენტმა მაია სანდუმ კვლავ გაიმეორა, რომ თავის უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

შესაბამისად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის მიერ მანდატების უმრავლესობის მოპოვება მაია სანდუს შესაძლებლობას მისცემს უფრო გადაჭრით დაუპირისპირდეს კორუფციას, სიღატაკეს და მემკვიდრეობით მიღებულ კლანურ მმართველობას ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში.

„როგორც წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ამჯერადაც პროდასავლური ძალების შედეგები შესაძლოა მოულოდნელად გაიზარდოს უცხოეთში სამუშაოდ თუ საცხოვრებლად წასული, დაახლოებით, 300 000 მოლდაველის ხარჯზე, რაც - არც მეტი, არც ნაკლები - 20 მანდატს უდრის“, - ამბობს რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის თანამშრომელი, ვალენტინა ურსუ.

თუ საზღვარგარეთ - ძირითადად მეზობელ რუმინეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში -მცხოვრები მოლდოველები შეიძლება პროდასავლური ძალების ელექტორატად ჩაითვალოს, რუსეთში მცხოვრები მოლდოვის მოქალაქეები მხარს ძირითადად პრორუსულ ძალებს უჭერენ. ასეთად კი მოლდოვაში ზემოხსენებული კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკი, ევროსკეპტიკური „შორის“ პარტია და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პოპულისტი პოლიტიკოსის, რენატო უსატის, ბლოკი ითვლება.

მაგრამ თუ „შორის“ პარტია თავისი სავარაუდო 6 %-ით მომავალ პარლამენტში კომუნისტებისა და სოციალისტების გვერდით მოიაზრება, პოპულისტი რენატო უსატის ბლოკი, რომელსაც საარჩევნო ბარიერის გადალახვისათვის სულ რაღაც 1 % სჭირდება, სულ უფრო მტკიცედ ემხრობა ქვეყნის პროევროპულ კურსს.

„მისი ლიდერი, რენატო უსატი, დაჟინებით აცხადებს, რომ ის ახლა უკვე პროდასავლელი პოლიტიკოსია და პირობას დებს, რომ ვერავინ მოახდენს გავლენას მოლდოვის პროევროპულ კურსზე“.

როგორც ვალენტინა ურსუ ამბობს, წინა საპრეზიდენტო და 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, 11 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ ასევე სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მცხოვრებ მოლდოვის მოქალაქეებს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში გახსნილ 41 საარჩევნო უბანზე.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დნესტრისპირეთში ელექტორატის ამ ნაწილმა მეტწილად მხარი პროევროპელ მაია სანდუს დაუჭირა.

„კიდევ ერთი საყურადღებო ამბავი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაა, რომ სეპარატისტული დნესტრისპირეთის ლიდერმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ, ცოტა ხნის წინ საჯაროდ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მაია სანდუს და არა მის მეტოქე იგორ დოდონს, კორონავირუსის პანდემიის დროს რეგიონისათვის გაწეული დახმარებისათვის“, - ამბობს ვალენტინა ურსუ.

გეოპოლიტიკური ფაქტორი: რუსეთი, რუმინეთი, ევროკავშირი

გასული წლის 15 ნოემბერს მოლდოვაში ჩატარებული მეორე ტურის არჩევნებში პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ ხმების 57 %-ით დამაჯერებლად დაამარცხა თავისი მეტოქე, ქვეყნის მაშინდელი პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელმაც 43 % მიიღო.

კენჭისყრას მიიჩნევდნენ თავისებურ რეფერენდუმად იმის გასარკვევად, დაუახლოვდება ევროკავშირს თუ დაუბრუნდება რუსეთის ორბიტას უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეული ყოფილი საბჭოთა ქვეყანა.

არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან მალევე იგორ დოდონმა აღიარა დამარცხება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ღიად ემხრობოდა დოდონს, სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის გარდა, სხვა რაიმე კონტაქტი მაია სანდუსა და ვლადიმირ პუტინს შორის არ ყოფილა.

ამასთან, სულ უფრო კარგავს პოპულარობას მოლდოვაში ყოფილი პრეზიდენტი, პუტინის მეგობრად ცნობილი, იგორ დოდონი, რომელიც იძულებული გახდა კომუნისტებთან შეეკრა ბლოკი პარლამენტში მოსახვედრად.

უფრო მეტიც, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, უცხოელ პოლიტიკურ ლიდერთა რეიტინგში მოლდოველ მოქალაქეებს შორის ასევე კარგავს პოპულარობას რუსეთის ლიდერი.

თუ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი 2016-ში მოლდოვაში ყველაზე მაღალი - 64,35 % - იყო, 2021 წლის გამოკითხვით, კრემლის ლიდერის ნდობის რეიტინგი 45,5 -მდე დავიდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში.

35,4%-ს აღწევს მოლდოვის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს, რუმინეთის, პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის, ნდობის რეიტინგი.

სამაგიეროდ, სტაბილურად იზრდება გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიმართ ნდობა - მოლდოვაში გერმანიის ლიდერს მისი ბოლო კადენციის წინ ნდობას 43,3 % უცხადებს.

საინტერესოა, რომ მოლდოვაში, სადაც პუტინის მიმართ ნდობა ყველა საზღვარგარეთელ ლიდერზე უფრო მაღალია, რუსეთის ლიდერი ერთხელაც არ არის ნამყოფი და პუტინის მიწვევა, დაპირების მიუხედავად, ვერც ყველაზე უფრო პრორუსულად განწყობილმა ყოფილმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, მოახერხა.

„მე ვფიქრობ, პუტინს ეს სულაც არ აღელვებს. მას სულაც არ სჭირდება მოლდოვაში ჩასვლა იმისთვის, რომ ვინმე გააკონტროლოს. უბრალოდ, დააჭერს სამ ღილაკს თითს, დარეკავს და მორჩა. მე არ ვამბობს, რომ იგორ ნიკოლაევიჩს ურეკავს. მოლდოვაში რუსეთის გავლენა გაცილებით ფართოა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადამიანით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კომუნიკაციების მოლდოველი სპეციალისტი, ქრისტიან საულეა.

მაგრამ მოლდოველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის გავლენა მოლდოვაზე სულ უფრო კლებულობს, რასაც ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი: მოლდოვის მოქალაქეთა უმრავლესობა რუმინეთის პასპორტებს და ევროკავშირში თავისუფლად მუშაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას ფლობს. მეორეა საერთაშორისო საკითხებში მოლდოვის ხელისუფლების „დაბალანსების პოლიტიკა“.

შარშან ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაია სანდუმ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში უზრუნველყოფდა რეალურ ბალანსს საგარეო პოლიტიკაში რუსეთსა და დასავლეთს შორის.

ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებულია მოლდოვის რესპუბლიკის მუდმივი ნეიტრალიტეტი. მოლდოვა, ერთი მხრივ, თავის ტერიტორიაზე დაუშვებლად მიიჩნევს უცხო ქვეყნების სამხედრო ძალის განლაგებას და, მეორე მხრივ, ქვეყანა არ გეგმავს არც ნატოში და არც რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაცია ОДКБ-ში გაერთიანებას.

მოლდოვის საკონსტიტუციო ნეიტრალურობა ძალაში დარჩება განურჩევლად იმისა, ვინ მართავს ქვეყანას. თუმცა მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიის გამო, მოლდოვის მოსახლეობა ნელ-ნელა უშინაურდება აზრს, რომ შეიძლება დათმონ ოფიციალური ნეიტრალიტეტი, რასაც რადიო თავისუფლების მიერ მოლდოვის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვაც ცხადყოფს.

მოლდოვა, ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, მკვეთრადაა გაყოფილი რუსეთთან უფრო ახლო კავშირის მომხრეებსა და ევროკავშირის წევრ რუმინეთთან დაახლოების მოსურნეებს შორის. რუმინეთთან მოლდოვას საერთო კულტურა და ენა აკავშირებს.

მაგრამ მოლდოვის წინა პრეზიდენტის, პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონის, მოღვაწეობის დროს კიშინიოვსა და ბუქარესტს შორის ურთიერთობა იმდენად პრობლემური იყო, რომ რუმინეთის პრეზიდენტი მოლდოვაში 6 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ ჩასულა ოფიციალური ვიზიტით.

მაგრამ პროევროპელი მაია სანდუს გამარჯვებამ ვითარება შეცვალა.

ინაუგურაციის შემდეგ მალევე მოლდოვის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია, ხოლო რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, კლაუს იოჰანისი, გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, ვინც მოლდოვას ესტუმრა.

ამ ვიზიტების დროს მკაფიოდ გაცხადდა მოლდოვის ევროპული მისწრაფება.

„უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებისა და ჩვენი ხალხების ევროპული არჩევანის გათვალისწინებით, ვადასტურებთ სურვილს, გავაღრმაოთ რეგიონალური თანამშრომლობა ევროკავშირში ჩვენი ქვეყნების სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებული სტრატეგიული ინტერესების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის ევროპასთან ასოცირებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზით“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ხელი 12 იანვარს კიევში გამართული ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ მოაწერეს.

და თუ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, საგარეო პრიორიტეტს სრული მხარდაჭერა აქვს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის მხრიდან, მაია სანდუს ასეთი მძლავრი საკანონმდებლო მხარდაჭერა ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს.

„დარწმუნებული ვარ, რომ 11 ივლისის არჩევნებში პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ (PAS) გამარჯვების შემდეგ მოლდოვის პროევროპული ვექტორი შეუქცევადი გახდება“, - ამბობს ვალენტინა ურსუ, რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG