Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზაფხული და შემოდგომა - ყველაზე საშიში პერიოდი საოკუპაციო ხაზთან


საქართველოს ორი მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 12 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან დააკავეს. გიორგი ჩიტიშვილსა და ალან მარღიშვილს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადალახვა ედებათ ბრალად. სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მათი გათავისუფლების მოთხოვნით ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ყარაფილაში კი ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად გადმოდიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მინდვრებსა და ბაღებში გასულ ადგილობრივ მცხოვრებლებს უსაფრდებიან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავთ. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებათა დარღვევების შესახებ თავად ის ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებიც გამყოფ ხაზთან დააკავეს, ჯერ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

მაია ოთინაშვილმა ცხინვალის საპატიმროში 11 დღე გაატარა. ის გასული წლის სექტემბრის ბოლოს საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ციხეში კი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და ჯაშუშობაზე დათანხმებასაც კი ითხოვდნენ.

„უფრო მეტად მუქარა იყო. დაკავებისას იყო ფიზიკური წინააღმდეგობა, გავუძალიანდი. ციხეში დამუქრებები იყო. არავის აღარ განახვებთ და ვეღარავინ გაიგებს შენს ადგილსამყოფელს და ეგეთი რაღაცეები იყო. თქვი, რომ შენ გადმოხვედი აქეთ, შენ გადმოკვეთე საზღვარი და გვითხარი, იქ ვინ არიან. იქით უფრო მთავრობის რაღაცეები აინტერესებდათ და მე მაგ რაღაცეებში ვერ ვერკვევი. აი, მაგაზე იყო ზეწოლა“.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ყველაზე საშიში პერიოდი ნაკვეთებში საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოების ჩატარებაა, რადგან რუსეთის მესაზღვრეები დაუცველ გლეხებს იტაცებენ და მათ მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. რომ არა ოსი ნათესავები და მათი დახმარება, ბევრი დაკავებული ცხინვალის იზოლატორში უფრო მეტ დროს გაატარებდა.

დავით ხუროშვილი სწორედ იმ დროს დაიჭირეს, როცა საკუთარ ნაკვეთში ლობიოს მოსავალს იღებდა, მისი გათავისუფლების თანხა კი ნათესავებმა შეაგროვეს.

გაზაფხული და შემოდგომა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ყველაზე საშიში პერიოდია, რადგან ადგილობრივი გლეხები ყველაზე დიდ დროს საკუთარ ნაკვეთებში ატარებენ და ამით სარგებლობენ კიდეც საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი. დაკავებული გლეხები მათ ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან მიჰყავთ, იქ ფოტოს უღებენ და შემდეგ ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებენ. გამყოფ ხაზთან მცხოვრებლების აზრით, ქართველმა სამართალდამცავებმა პატრულირება განსაკუთრებით ამ პერიოდში უნდა გაახშირონ, რათა მათი უსაფრთხოება მეტად იყოს დაცული.

ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა - ასე აფასებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად კეთდება.

„სამწუხაროდ, მიმდინარე რეჟიმში საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რომელიც, ფაქტობრივად, არის საკუთარ სოფლებში და კარმიდამოებზე გადაადგილების საშუალების აღკვეთა, მიმართულია მოსახლეობის დაშინებაზე, საზოგადოებაზე წნეხის შენარჩუნებაზე და ხალხის დაშორიშორებაზე“, - ამბობს სახელმწიფო მინისტრი.

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ცოტა ხნის წინ დაკავებების სტატისტიკა გამოაქვეყნა. თებერვალში მათ ეგრეთ წოდებული საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის 12 პირი გააფრთხილეს, 12 დააჯარიმეს, 1 გააძევეს, ხოლო სამი ადამიანი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. უშიშროების სამსახურის ცნობით, იანვარში დაკავებულთა რაოდენობა 44-ს შეადგენდა, თუმცა აქედან უმრავლესობა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეა, რომლებიც ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოკვეთასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG