Accessibility links

გალელები შიშობენ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსს ე.წ. საზღვრის დაკეტვის საბაბად გამოიყენებს


ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოძრავი ამბულატორია განათავსა. დე ფაქტო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღო და ჩინეთიდან გავრცელებული ახალი სახეობის კორონავირუსის გამო აპირებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის რეგიონში შესული მოქალაქეების შემოწმებას.

ასე მითხრეს ჩაიკეტება პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდეო. ეს ჯერ მხოლოდ ჭორია და ვნახოთ რა იქნება.
ნაირა არონია

ოკუპირებულ გალის რაიონში დღეს, 30 იანვარს დილით დაბრუნდა ზუგდიდში მედიკამენტების საყიდლად ჩასული ნანი ბასარია. მან რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ე.წ. გამშვები პუნქტი უპრობლემოდ, ე.წ. ბინადრობის მოწმობის წარდგენის შემდეგ გაიარა: „ამბულატორია დღეს დაკეტილი იყო, მაგრამ ამბობენ, რომ პირველი თებერვლიდან დაიწყება ჯანმრთელობის შემოწმება, გაქვს სიცხე, თუ არა. რაღაც აპარატი აქვთ, მოგადებენ შუბლზე, ხან გეტყვიან გაქვსო, ხან არაო და ასე“.

გალელებმა, რომლებმაც პირიქით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის ხიდი გადმოკვეთეს, გვითხრეს, რომ სამედიცინო პუნქტი დაკეტილი იყო. მათაც აქვთ ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ უკან დაბრუნებულთა შემოწმებას 1 თებერვლიდან დაიწყებენ.

ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს შემოწმების არა, თუმცა, იმის კი ეშინიათ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსი საბაბად არ გამოიყენოს და ე.წ. საზღვარი არ დაკეტოს. გალის რაიონის სოფელ თაგილონში მცხოვრები ნაირა არონია გვეუბნება, რომ ამის გამოცდილება უკვე აქვთ, როცა 2019 წლის იანვარში, დე ფაქტო მთავრობამ H1N1 ვირუსის თავიდან აცილების საბაბით კარანტინი გამოაცხადა და ენგურის ხიდზე გადაადგილება ერთი თვით აკრძალა: „ასე მითხრეს ჩაიკეტება პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდეო. ეს ჯერ მხოლოდ ჭორია და ვნახოთ რა იქნება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG