Accessibility links

სიბერე გალში - თვეში 8-დოლარიანი პენსიის იმედად


ავტორი: ელენა ზავოდსკაია

საპენსიო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გალის რაიონი ყველაზე ნაკლებად არის კეთილმოწყობილი. დაახლოებით, 6 ათასი პენსიონერი სახელმწიფოსგან 500 რუბლის პენსიას იღებს. ოფიციალური მონაცემებით, გალის რაიონში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 6 395 საპენსიო ასაკისაა.

საპენსიო ფონდის ბიუჯეტისა და პენსიების მოცულობის შესახებ ლაპარაკობს დოდო ბაგიშვილი, საპენსიო ფონდის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი: „რაიონი თვის განმავლობაში პენსიებზე ხარჯავს, დაახლოებით, 3 მილიონ 700 ათას რუბლს. საკუთარი შემოსავალი ხან 1,8 მილიონი რუბლია, ხან კი - 2 მილიონი. დანარჩენი დოტაციაა. ყოველი თვე განსხვავებულია: ამ თვეში შემოსავალი 1,7 მლნ რუბლი გვქონდა, მაგრამ გადასახდელი იყო 3 მილიონ 600 ათასი. შარშან გალის საპენსიო ფონდის წლიურმა ბიუჯეტმა 23 მილიონი შეადგინა, წელს ნახევარი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 9 მილიონ 100 ათასია. არადა, სტაჟის მიხედვით 6 395 პენსიონერი გვყავს, თითოეულის პენსია კი 500 რუბლია. სხვა არანაირი თანხა მათ არ ერიცხებათ“.

დოდო ბაგიშვილი
დოდო ბაგიშვილი

აფხაზი პენსიონერების დიდ ნაწილს ერიცხება რუსული პენსია, რადგან მათ მიღებული აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. გალის რაიონში 130 ადამიანს აქვს რუსული პენსია, ყველა დანარჩენი იღებს აფხაზურ პენსიას, ანუ 8,00 ამერიკულ დოლარს.

2015 წელს აფხაზეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმ პენსიონერებისათვის, რომლებიც არც ერთი სხვა ქვეყნის პენსიას არ იღებენ, დამატებით დაერიცხა 1000 რუბლი. ეს დარიცხული თანხა გალელმა პენსიონერებმა მხოლოდ 2015 წელს მიიღეს, 2016, 2017 და 2018 წლებში კი არაფერი დარიცხვიათ. შესაბამისად, 2016 წელს გაჩნდა დავალიანება 17 მილიონი რუბლის ოდენობით, მაგრამ იმის გამო, რომ 2017 წელს აფხაზეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დარიცხვა გაეცათ მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებზე, გალელმა პენსიონერებმა აღნიშნული თანხა დაკარგეს.

ყველა სხვა რაიონის პენსიონერები 2015 წლიდან დღემდე ყოველთვიურად იღებენ აფხაზურ პენსიაზე დარიცხვას 1000 რუბლის ოდენობით.

პენსია შეფერხების გარეშე გაიცემა აფხაზეთის შემნახველი ბანკის განყოფილებაში. როგორც წესი, რიგები არ არის ხოლმე. სოფლის მოსახლეობა თავის კუთვნილ პენსიას ე. წ. „ბაზრობის დღეებში“ იღებს, როცა გალის რაიონულ ცენტრში უწევთ ჩასვლა.

შეკითხვას, როგორ ახერხებენ გალელი პენსიონერები თავის გატანას, დოდო ბაგიშვილი უპასუხებს: „ჩვენ ვარსებობთ იმის წყალობით, რომ გვაქვს მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემოსავალს გვაძლევს. ხალხს შინ მოჰყავს მანდარინი, თხილი და ამით ირჩენს თავს. მაგრამ წელს ცუდი ვითარებაა თხილთან დაკავშირებით და არ ვიცი, როგორ გაიტანენ თავს. ამბობენ, რომ თხილს სოკოვანი დაავადება გაუჩნდა, მოსავალი ლპება. მაგალითად, მეც მაქვს მიწის ნაკვეთი, დაახლოებით, 200-300 ძირი თხილით, არც ისე ბევრი, მაგრამ ყველა მათგანი დაზიანებულია, მოსავლის აღებაც კი არ ღირს. ამბობენ, სოკოვანი დაავადებააო“.

სიძნელეების მიუხედავად, დოდო ბაგიშვილი არ კარგავს ოპტიმიზმს. ამბობს, რომ უყვარს მშობლიური რაიონი, აქ არის მისი ფესვები, ბევრი გადაიტანა ომის დროს და იმედოვნებს, რომ გალელებს ღმერთი და სახელმწიფო დაეხმარებიან.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG