Accessibility links

გალელი სტუდენტების გასაიდუმლოებული ცხოვრება


სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს უმაღლესი განათლების მისაღებად გალიდან თბილისში წამოვიდეს. მხოლოდ წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართულ ინსტიტუტებში 300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა, მათგან დიდი უმრავლესობა აფხაზეთიდან. ეს არის განათლება, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველებისგან ფარულად უნდა მიიღო.

„მე-5 კლასში ვიქნებოდი, სკოლის ოლიმპიადაში გავიმარჯვე. ბაბუას უნდა წამოვეყვანეზუგდიდში. ხიდზე მესაზღვრეები როცა იცვლებოდნენ, უნდა მოგესწრო და გადასულიყავი. დაგვიჭირეს მესაზღვრეებმა. ახლაც მახსოვს ბაბუას ნაღვლიანი თვალები. საპატიმროში წაიყვანეს და რამდენიმე დღე მოგვიწია მის დასახსნელადსიარული. ძალიან განვიცადე. მეგონა, მე ვიყავი დამნაშავე. მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ მომავალში ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შემეცვალა. იმედი მაქვს, ასეც იქნება“.

ენგურის ხიდზე მომხდარის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. პატარა გოგო გაიზარდა და თბილისში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ახლა უკვე მაგისტრატურის სტუდენტია.

„როცა აფხაზეთში ვიყავი, განუკითხაობა ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. რომ მივხვდი, რა წნეხის ქვეშ გვიწევდა ცხოვრება, კარგა ხანი გამიჭირდა რესოციალიზაცია“, - ამბობს ის.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტებისთვის მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელსა და 150-ლარიან სტიპენდიას გულისხმობს.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, რომ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ჩვენ საქართველო ვართ, ასე ვფიქრობთ ყველა.

ზუგდიდის სასწავლო ცენტრში ბავშვები პარასკევს მიდიან, ღამეს ნათესავებთან ათევენ, კვირას კი ისევ გალში გადასვლა უწევთ - სკოლა არ უნდა გააცდინონ. მათი განათლება, ფაქტობრივად, იატაქვეშა საქმიანობაა. ჩუმად ისწავლეს ქართული, ისტორია, ჩუმად ჩააბარეს უნივერსიტეტებში. იქ ფეისბუკის გვერდზე არავინ დადებს ცნობას, რომ მისი შვილი თსუ-ს სტუდენტი გახდა, მაღალი ქულები დააგროვა, გრანტი აიღო... თუმცა დაფინანსება მართლაც ყველას აქვს. წელს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებმაც ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ვერ მიიღეს, უმაღლეს დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხნენ. სწავლის გასაგრძელებლად სავალდებულო პირობა ის არის, რომ მათ წლის განმავლობაში მინიმუმ 60 კრედიტი უნდა დააგროვონ.

„მე მომავალში მინდა თბილისში საერთაშორისო ურთიერთობებზე ვისწავლო. სოხუმის უნივერსიტეტები არ არის ისეთი პრესტიჟული, როგორიც თბილისის. თან იქ აფხაზური ენისა და ისტორიის ცოდნას ითხოვენ. აფხაზურს ერთი წელია ვსწავლობთ და ძნელი სასწავლია“, - ამბობს ნინო, გალელი მოსწავლე (მათი უსაფრთხოებისთვის აქ და სხვაგან სახელები შეცვლილია).

სხვა კი ჰყვება, რომ მათ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება შეზღუდულია, ამიტომ რეპეტიტორებთან ემზადებიან როგორც ამ საგნებში, ასევე უნარ-ჩვევებში. საერთოდ არ ისწავლება საქართველოს ისტორია, მხოლოდ აფხაზეთისა და მსოფლიოსი.

„ჩვენ საქართველო ვართ, ასე ვფიქრობთ ყველა. გვინდა დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ და თბილისში სწავლაც ამიტომ გადავწყვიტეთ. მე ბინას ვქირაობ, მაგრამ რადგან სწავლა გვიფინანსდება, ქირის გადახდა არ მიჭირს. გალის რაიონში არიან ბავშვები, რომლებიც თბილისში ვერ ისწავლიან - ან საკმარისი ფინანსები არა აქვთ, ან მოხუცი მშობლები ჰყავთ. ამიტომ სოხუმშისწავლას ამჯობინებენ“, - ამბობს სალომე.

სოხუმში სწავლას თან ბევრი პრობლემა ახლავს - პირველ რიგში, გაუცხოება და, მეორეც, შესაძლოა, დიპლომის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოგთხოვონ.

ექსკურსიაზე ვიყავით სოხუმში და ქართულად რომ ვმღეროდით, მასწავლებლები მაინც გვეუბნებოდნენ, ქართულად ნუ იმღერებთო. ფორმიანებმა გაგვაჩერეს და გვითხრეს, ბაშვებო, რა კარგად მღერითო... ეს ჩვენთვის სტიმული იყო. გაუცხოებულები ვართ ერთმანეთთან, შიშის ფაქტორი დიდია. იყო შემთხვევები, გალელი ბავშვები წავიდნენ სოხუმში სასწავლებლად და მეორე კურსზე იძულებულები გახდნენ უკან წამოსულიყვნენ“.

აფხაზეთში არც ქართული დიპლომი ჭრის, მაგრამ ბევრი გალში დაბრუნებას და იქ მუშაობას არც აპირებს. „იქ პერსპექტივა არ არისო“, - ამბობენ ისინი.

სალომე: „ადრე უფრო იმედი ჰქონდა მოსახლეობას. ახლა ყოველდღე ხედავენ, როგორ გვიკეტავენ ხიდს; მილიციელი 50 რუბლის გამო გაჩერებს. როგორც ვიცი, ასეენგურსგაღმა საქართველოში 90-იან წლებში იყო“.

ინგა: „14 წლის ბავშვები დაოჯახდნენ, რადგან იქ ან კარგად უნდა გესწავლა, ან ოჯახი შეგექმნა. შემდეგ რომ ხედავდნენ, როგორ მოდიოდნენ მათი მეგობრები თბილისში, ნანობდნენ, მაგრამ რაღას იზამდნენ“.

სალომე: „ჩემს თავს აფხაზეთში ვერ ვხედავ. არადა, ძალიან მინდა ვხედავდე. ძალიან რთულია, როცა სახლიდან მიდიხარ. ამ დროს შესაძლოა ახალი საბუთები შემოიღონ და დაბრუნებაზე პრობლემა შეგექმნას. ამის გამო ბავშვები ხშირად ორჭოფობენ ხოლმე. დიპლომიანებიც უკან ბრუნდებიან აფხაზეთში და სახლში სხედან. ჩემი სურვილი იქნებოდა, ახალგაზრდობამ თავი მოიყაროს და რაღაც შეცვალოს“.

27 წლის შემდეგ

წელს აფხაზეთის ომიდან 27 წელი გავიდა. ამ თაობას ეს ომი არ ახსოვს, ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში დაიბადნენ. მათთვის ომი უფრო 2008 წელი იყო, როდესაც ე.წ. საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა, სკოლებში კი ქართულის სწავლება აიკრძალა.

ინგა: „თავიდან ქართულად ვსწავლობდით, მერე სიტუაცია შეიცვალა. ახლა რუსულად ასწავლიან და პატარა ბავშვებს ქართული თითქმის დაავიწყდათ, ვერც რუსულს სწავლობენ. საერთოდ ვერ იგებენ რა ხდება.

ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. რამდენჯერ ბავშვები რამეს მივაწერდით დაფაზე და მერე ვღელავდით, არ დარჩეს, კომისიამ რომ ნახოს, დავიღუპებითო. ქართული ვიცი, რადგან ნათესავებთან თბილისში მუდმივი ურთიერთობა მქონდა და დედაჩემი ზაფხულში შვიდ წიგნს მაინც მაკითხებდა. თუმცა ყველა ასე გამართულად ვერ საუბრობს“.

სალომე: „2008 წლის მერე ისევ იმ ქართველი სამხედროების დანახვა მინდოდა საზღვარზე, ყოველ გასვლაზე შოკოლადს რომ გვაძლევდნენ. აი, მაშინ მივხვდი რა იყო ომი!“

დაწერეთ კომენტარი

ეკა აკობია სირიის საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:50:32 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
ეკა აკობია სირიის საკითხზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG