Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში მცხოვრებ 5 ათასამდე ადამიანს ახალი საბუთის აღება მოუწევს 


გალი. 2021 წელი
გალი. 2021 წელი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საოკუპაციო ხაზის გადასაკვეთად სოხუმში დამოწმებული საბუთი - ფორმა №9 ჰქონდათ, იანვრიდან ამ დოკუმენტით გალში შესვლას ვერ შეძლებენ.  

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გამგზავრების და უკან დაბრუნების მსურველებს მოუწევთ დროებითი ბინადრობის მოწმობის და ე.წ. აფხაზური პასპორტის აღება.

გადაწყვეტილების შესახებ აფხაზურ მედიაში გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჯამბულ კორტავამ ისაუბრა.

„ფორმა №9-ის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2021 წლის 31 დეკემბრამდე. აქედან გამომდინარე 2022 წლის 1 იანვრიდან შეჩერდება [ფორმა №9-ით] გამშვებ პუნქტ ენგურზე, აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლა და აქედან გასვლა. მივმართავ გალის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ განაცხადი აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის და ბინადრობის მოწმობის მისაღებად, რაც შეიძლება სწრაფად, უმოკლეს ვადებში დატოვონ დოკუმენტები“, - განაცხადა ჯამბულ კორტავამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის 30 მარტს მიიღო ე.წ. კანონი, რომელიც რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს.

ამ გადაწყვეტილებით, დროებითი ბინადრობის მოწმობა ენიჭებათ მეტწილად გალის მცხოვრებლებს, რადგან მათ უმრავლესობას არ გააჩნია ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა. თუმცა ბინადრობის მოწმობის აღებაზე გალელების დიდი ნაწილი უარს ამბობდა, რადგან თვლიდნენ, რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის გათვლილი.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ბინადრობის მოწმობასთან ერთად ასევე 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო ახალი ე. წ. აფხაზური პასპორტების გაცემაც, მაგრამ ის გალის მცხოვრებლებმა რომ მიიღონ, უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. სწორედ ამ ფაქტების გამო გალელების ნაწილი ამ დრომდე ფორმა №9-ით სარგებლობდა.

დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, მანამდეც არაერთხელ ითქვა, რომ ეს საბუთი გაუქმდებოდა, მაგრამ მოქალაქეები პირადი ნაცნობობით მისი ვადის გახანგრძლივებას მაინც ახერხებდნენ. ერთ-ერთი მათგანია რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს:

„არ აგრძელებდნენ ვადას, მაგრამ თუ ვინმეს კაცი ჰყავდა, მარტო ისინი აგრძელებდნენ, სხვა შემთხვევაში გკითხავდნენ - საიდან გაქვს ეს დოკუმენტი და დაგიწყებდნენ მერე... მაგრამ ახლა ეს 1 იანვრამდეა, მერე ფორმა №9 არ იმოქმედებსო... ახლა ბინადრობის მოწმობაზე უმრავლესობას, თითქმის 60-70%-ს აქვს შეტანილი“, - აცხადებს გალში მცხოვრები რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბრისას.

რესპონდენტმა თავად უარი თქვა ბინადრობის მოწმობაზე, რადგან აფხაზეთში, სადაც გაიზარდა და ცხოვრობს, თავს უცხოელად არ მიიჩნევს. საკუთარ სახლში დასარჩენად და ცხოვრების გასაგრძელებლად, იძულებული გახდა, ე.წ. აფხაზური პასპორტის მიღებაზე გაეკეთებინა განაცხადი. ის ახლა ელოდება პასუხს, მისცემენ თუ არა ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეებისთვის გათვლილ დოკუმენტს:

„ბინადრობის მოწმობას ვერ ავიღებ ვერაფრით. მე აქ დავიბადე, ჩემი მშობლებიც აქ დაიბადნენ, მათი მშობლებიც და ა.შ. მე არ ვიკადრებ, რომ ჯიბეში ჩავიდო დროებითი მობინადრის მოწმობა. ეს მისცენ იმათ, ვინც ჩამოსულია და აქ დასახლდა“, - ამბობს გალში მცხოვრები ქალი.

მისივე თქმით, გალელების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება რეალურად არ აღსრულდება და მოქალაქეები კვლავინდებურად შეძლებენ ფორმა №9-ის ვადის გახანგრძლივებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG