Accessibility links

logo-print logo-print

ენგურის ხიდი ჩვენთვის ჩაკეტილია - გალელები კარანტინის გაუქმებას ითხოვენ


ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ პანდემიის მიზეზით გასული წლის მარტის შუა რიცხვებიდან ჩაკეტილი ენგურის ხიდი გახსნილია, თუმცა მგზავრებისგან თითქმის დაცლილი. აფხაზეთის მცხოვრებნი საოკუპაციო ხაზის კვეთაზე უარს ამბობენ, რადგან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლისთანავე სავალდებულო 5-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ კარანტინის ვადა 12-დან 5 დღემდე შეამცირა, ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებნი განმარტავენ, რომ ეს პირობა მათზე მორგებული არ არის.

მეც გადმოსვლა მინდა, მაგრამ წყლით უნდა გადავიდე. ერთდღიანი და ორდღიანი საქმე რომ გაქვს, 5 დღეს კარანტინში ხომ ვერ დაყოფ? პენსიონრები მიდიან, თორემ ახალგაზრდა არავინ წასულა...

11 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხიდის გახსნის შესახებ გააკეთა განცხადება, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს ძირითადად მხოლოდ პენსიონერებმა. მათთვის ეს შესაძლებლობა არახალია, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება გამონაკლისის სახით 2020 წლის ოქტომბრიდან თვეში ერთხელ აძლევს ხანდაზმულებს „საზღვრის“ კვეთის უფლებას. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებით, პენსიონერებს ემსახურება მიკროავტობუსი, რომელსაც ისინი მიჰყავს საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სადაც პენსიის გამცემი ავტომანქანა ელოდებათ. თანხის მიღებისთანავე ისინი უკან ბრუნდებიან.

გალში მცხოვრები 47 წლის ქალი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ სანამ იარსებებს კარანტინის ვალდებულება, ხიდი აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რეალურად ჩაკეტილი დარჩება. განმარტავს, რომ კარანტინისთვის თავის არიდების მიზეზით, სხვა მგზავრების მსგავსად, გადაადგილებას ისევ შემოვლითი გზით არჩევს სიცოცხლის რისკის ფასად - მდინარე ენგურის გადაცურვით. რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჩაკეტილი მოსახლეობის ყოფას მხოლოდ კარანტინის გაუქმება ან მაქსიმუმ 2 დღემდე შემცირება თუ შეამსუბუქებს.

მეც გადმოსვლა მინდა, მაგრამ წყლით უნდა გადავიდე. ერთდღიანი და ორდღიანი საქმე რომ გაქვს, 5 დღეს კარანტინში ხომ ვერ დაყოფ? პენსიონრები მიდიან, თორემ ახალგაზრდა არავინ წასულა. ეს პენსიონრებიც ხიდამდე მიდიან, სადაც მანქანა ელოდებათ... ეს ხიდი გახსნილი არაა. ხიდი გახსნილია მაშინ, როცა ახალგაზრდას შეუძლია წავიდეს და საღამოს უკან დაბრუნდეს თავის სახლში. ამ ხიდით ვერავინ ისარგებლებს, იმიტომ რომ 5 დღე კარანტიში უნდა იყოს. წყლით გადავა ყველა. უბრალო ხალხისთვის ეს არაფერი არაა. უბრალოდ, თვითონ პოლიტიკოსებმა თუ დაიწერეს ქულა, მეტი არაფერი“, - ამბობს გალის მცხოვრები.

ერთი წელია, ციხეში ვართ. ან ჩაგვკეტონ და ან გაგვიშვან. რა გახდა ეს კარანტინი, რა დავაშავეთ ასეთი ჩვენ უბედურებმა?!. ვინ ვართ, ვერ გაგვიგია...
ზაირა არონია

აფხაზეთთან საოკუპაციო გზაზე ენგურის ხიდი ერთადერთი ე. წ. გამშვები პუნქტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მას ჩაკეტვამდე ყოველდღიურად ასობით მოქალაქე კვეთდა. მგზავრები ძირითადად ერთ დღეში ახერხებდნენ საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩამოსვლას და უკან გამგზავრებას.

გალელები ზუგდიდში მიდიან პენსიის ასაღებად, დევნილის ფულის ასაღებად, ბაზაში პროდუქტის საყიდლად, ტექნიკ საყიდლად. დრო რო გექნება, ნათესავთან შეივლი და მასაც ნახავ. მიდიხარ და საღამოს უკან ბრუნდები, ან, ყველაზე დიდი, მეორე დღეს“, - თქვა აფხაზეთის მცხოვრებმა.

გალელები ჰყვებიან, რომ ე. წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ რაიონის სოფლებში მცხოვრებთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მათ გაცილებით ძვირად უწევთ ადგილზე მედიკამენტებისა და სურსათის შეძენა.

სოციალურ პრობლემებთან ერთად ერთი წელი ჩაკეტილ აფხაზეთში ცხოვრება ემოციურად განსაკუთრებით მძიმე ხანდაზმულებისთვის აღმოჩნდა. მათ დიდ ნაწილს ოჯახის წევრები დანარჩენ საქართველოში ჰყავს. ერთი წელია, შვილები არ უნახავს 81 წლის ზაირა არონიასაც.

ერთი წელია, ციხეში ვართ. ან ჩაგვკეტონ და ან გაგვიშვან. რა გახდა ეს კარანტინი, რა დავაშავეთ ასეთი ჩვენ უბედურებმა?!. ვინ ვართ, ვერ გაგვიგია. გვითხრან ბარემ, რომ თქვენ ჩვენი ხალხი არ ხართ, ჩვენი ოქალაქე არ ხართ. გადაკეტონ ეს გზა და მოგვიშორონ თავიდან. არც ამათ ვუნდივართ და არც იქითა მხარეს“, - ამბობს ზაირა არონია.

ენგურის ხიდთან
ენგურის ხიდთან

ენგურის ხიდის გახსნაზე განცხადება 11 თებერვალს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გააკეთა. მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა მექნიზმისა და ბერკეტის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარს მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფას. აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიით შექმნილი გარემოების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება სავალდებულო კარანტინის 12-დან 5 დღემდე შემცირების შესახებ.

ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი ხუთ დღეს დაყოფენ საკარანტინო სივრცეში დაპისიარტესტის შედეგად უარყოფითი პასუხის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა 5-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საკარანტინო სივრცე დატოვონ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ადგილზე, ენგურის ხიდზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განთავსებულნი არიან ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გადმოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ შეფასებულ იქნეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოხდეს მათი ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

პანდემიის მიზეზით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა. ამ ხნის მანძილზე ხიდი რამდენჯერმე მხოლოდ ცალმხრივად გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო ხელისუფლება გამონაკლისის სახით საოკუპაციო ხაზზე მხოლოდ ავადმყოფებს, "ენგურჰესის" თანამშრომლებს და პენსიონერებს ატარებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG