Accessibility links

გალში სასმელი წყლის მიწოდება დროში გაწელილი პრობლემაა


ასტამურ ასლანძია

ძველი მილები და მწყობრიდან გამოსული ჭაბურღილები გალის რაიონის საყოფაცხოვრებო-ინფრასტრუქტურული პრობლემების ნაწილია. ამ საკითხზე გალის მეურნეობის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ასტამურ ასლანძიას „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ელენაზავოდსკაია ესაუბრა.

ასტამურ ასლანძია: მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საშინელია. არსებობდა საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აფინანსებდა. ამ პროგრამის ფარგლებში გავარემონტეთ სახლების ერთი ნაწილის სარდაფების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კომუნიკაციები. სამწუხაროდ, ეს პროექტი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეჩერდა. მხოლოდ 6 სახლის სარდაფის შეკეთება მოვასწარით. რაც შეეხება სხვა სახლებს, ვინაიდან გალი დაბლობზე მდებარეობს, პრაქტიკულად სარდაფები და ეზოები სისტემატურად იტბორება გრუნტის წყლებით. გრუნტის წყლების გადინებაზეც ვმუშაობთ, მაგრამ მილები ძველია და მათ შენარჩუნებას ვცდილობთ. წყალგაყვანილობის მილების მთლიანად შესაცვლელად თანხა, სამწუხაროდ, არ გვაქვს.

ეხო კავკაზა: სასმელი წყლით მომარაგება შეუფერხებლივ ხორციელდება?

ასტამურ ასლანძია: დღეისათვის ქალაქი გალი და მასთან ახლოს მდებარე სოფლები ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხუდან მარაგდება წყლით. იქ ჩვენ წყლის სათავე ნაგებობა გვაქვს, მაგრამ მოძვეებული მილების გამო პრაქტიკულად სისტემატურად გვიწევს სარემონტო სამუშაოების ჩატარება. გალის რაიონის სოფელ შაშიკუარაში კიდევ ერთი დაუმთავრებელი პროექტი გვაქვს. აქ, ქალაქთან ძალიან ახლოს, არის წყალმომარაგების ჭები, სადაც საინვესტიციო პროექტის ფარგლებში მუშაობდა კომპანია, რომელმაც ოთხი ჭის შეკეთება და აღდგენა შეძლო, წყლის საქაჩებიც დამონტაჟდა, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო პროექტი ვერ დასრულდა. კიდევ 7 ჭის შეკეთებაა დაგეგმილი და თუ ეს განხორციელდა, გალში ძირითადი მაგისტრალით წყლის მიწოდების პრობლემა აღარ იქნება, ქალაქის ზედა ნაწილში კი წყლის მილების მთლიანად შეცვლაა საჭირო.

ეხო კავკაზა: არის თუ არა ქალაქ გალში რაიონები, სადაც საერთოდ არ მიეწოდება მოსახლეობას წყალი?

ასტამურ ასლანძია: ქალაქის ზედა ნაწილში, რომელიც მაღლობზეა. იქ მხოლოდ ტექნიკური წყლის მილი გვაქვს.

ეხო კავკაზა: როგორ ღებულობს მაშინ მოსახლეობა სასმელ წყალს?

ასტამურ ასლანძია: დაახლოებით ერთი კილომეტრის, 500 მეტრის რადიუსიდან უწევთ წყლის ზიდვა.

ეხო კავკაზა: თქვენ არ ეხმარებით? არ ამარაგებთ მათ?

ასტამურ ასლანძია: არა, სამწუხაროდ. წყლის ცისტერნები არ გვაქვს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალი ყოველთვის არის.

ეხო კავკაზა: სოფლებში? არის სოფლები, სადაც წყალი არ მიეწოდებათ?

ასტამურ ასლანძია: ცენტრალურ წყალსადენზე სოფლების ნაწილია მიერთებული, კერძოდ, შაშიკუარა, ლიაპი, ხიანცხა. დაბა ჩაგალს, აბირკიტშის, რომლებიც უშუალოდ ენგურჰესის მახლობლადაა განლაგებული, ცენტრალური წყალმომარაგება აქვთ. ყველა დანარჩენი სოფელი სასმელ წყალს წყაროებიდან, მდინარეებიდან და ჭებიდან იღებს. 18 სოფლიდან წყალი აქვს ოთხს. თავად წყალმომარაგების მაგისტრალი 700 და 500 მმ დაიმეტრის მქონე მილებია, რომელთა ასაკი უკვე 60 წელია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG