Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოსაცდელი ვადა „ჯეოსთილისთვის“


საწარმოო გამონაბოლქვით შეწუხებულმა რუსთაველებმა სამშენებლო არმატურის მწარმოებელ კომპანია „ჯეოსთილს“ ერთი თვე მისცეს გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად.

რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუასთან შეხვედრაზე „ჯეოსთილის“ წარმომადგენელიც იყო მიწვეული. შეხვედრა ეკოლოგიის საკითხებზე მომუშავე არაფორმალურ ჯგუფ „გავიგუდეს“ ინიციატივით 15 მაისს გაიმართა - მას შემდეგ, რაც წინა დღეს რუსთავში მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ჯეოსთილსა“ და სხვა საწარმოებს მხარდაჭერას დაჰპირდა. მინისტრმა ისიც თქვა, რომ ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც რუსთაველებს აწუხებთ, საწარმოებთან თანამშრომლობით გადაწყდება.

„’ჯეოსთილის’ შემთხვევაში ვიცით, რომ არის შეკითხვები ეკოლოგიური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე. ვნახავთ, როგორი იქნება საბოლოო ანგარიში, მაგრამ საწარმო [„ჯეოსთილი“] მზად არის, რომ საერთაშორისო ნორმებს უპასუხოს და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გადაიარაღებაც განახორციელოს. მომავალშიც ჩავალ ასეთ საწარმოებში და ადგილზე გავეცნობი მათ პრობლემებს და ერთად მოვნახავთ მათი გადაწყვეტის გზებს“, თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 14 მაისს, რუსთავის საწარმოების მონახულების დროს.

ნიკოლოზ მუსერიძე
ნიკოლოზ მუსერიძე

ჯგუფ „გავიგუდეს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკოლოზ მუსერიძემ, რუსთავის მერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქში შავი და ფერადი მეტალურგიის ან ცემენტის წარმოებით დაკავებულ არც ერთ საწარმოს სტანდარტის შესაბამისი ფილტრები არ აქვს. ამიტომ ადგილობრივი აქტივისტები სხვადასხვა სახის აქციებს გააგრძელებენ:

„ერთი თვე დაველოდებით, თუმცა ჩვენს სამოქმედო გეგმას გავყვებით. კამპანია „გავიგუდე“ არ დასრულდება მანამ, სანამ რუსთავის მასშტაბით ნებისმიერი საწარმო არ მოაგვარებს, გამონაბოლქვის მიზეზით იქნება ეს თუ [ტექნიკური] დაზიანების, გარემოზე მიყენებულ ზიანს“.

ნიკოლოზ მუსერიძის ინფორმაციით, საწარმოებს ნარჩენების მართვის გეგმაც კი არ აქვთ. დაახლოებით ერთი თვის წინ რუსთავში ერთ-ერთმა კომპანიამ სცადა შენობის ასაშენებლად „ჯეოსთილის“ საწარმოო ნარჩენების გამოყენება, რაც აქტივისტებმა აღკვეთეს და რუსთავის მერიას შეატყობინეს. ამისთვის „ჯეოსთილი“დააჯარიმეს.
თავის მხრივ, „ჯეოსთილის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა პაატა მუჯირმა, რომელიც მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საწარმოს ნარჩენების მართვის გეგმაც აქვს და სტანდარტის შესაბამისი ფილტრებიც:

პაატა მუჯირი
პაატა მუჯირი

„ქარხანაში ფილტრები არსებობს 2010 წლიდან. ისინი შეესაბამება სტანდარტს“.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემების მიხედვით, რუსთავში ვითარება არცთუ საგანგაშოა. კერძოდ, ავტომატური სადგურების მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის ბოლო შედეგებით, 2 მაისს რუსთავში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ნორმას მხოლოდ 1,3-ჯერ აღემატებოდა. ამავე მონაცემებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია.

ეს მაჩვენებლები საეჭვოა რუსთაველებისთვის, რომლებიც ყოველდღე ხედავენ ქარხნების გამონაბოლქვს. შეკითხვები აქვს რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუასაც,რომელიც არც საწარმოების მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშებს ენდობა:

„ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული კითხვები - ოფიციალურ და სამართლებრივ კითხვებზეა საუბარი, რომელიც არ ეხება მხოლოდ „ჯეოსთილს“, ეს ეხება ყველა საწარმოს - მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. მათ სხვადასხვა სანებართვო პირობით ევალებათ კვარტალში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ წარადგინონ გარემოზე მავნე ზემოქმედების ანგარიში, რასაც არ ვეთანხმები. წელიწადში ერთხელ წარდგენილი ანგარიშის გადამოწმება ძალიან რთულია“.

ირაკლი ტაბაღუა
ირაკლი ტაბაღუა

ირაკლი ტაბაღუას თქმით, გასამკაცრებელია მარეგულირებელი კანონმდებლობა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საწარმოების გარემოზე ზემოქმედების ტექნიკური ანგარიშები შესაბამისმა უწყებამ არა წელიწადში ერთხელ, არამედ მეტი სიხშირით მიიღოს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG