Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოსვლის შემდეგ მკურნალობა დამჭირდა - ესებუას საქმის მოწმემ 7-საათიანი მძევლობა გაიხსენა


სასამართლო სხდომა ბადრი ესებუას საქმეზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლო. 30 მარტი, 2023 წელი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გრძელდება "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა. 30 მარტის სხდომაზე სასამართლომ დაზარალებული მალხაზ აბურჯანია დაკითხა. ის შენობაში თავდამსხმელის შეჭრისას კიდევ 6 პირთან ერთად ბანკის სამზარეულოში დაიმალა და 7 საათზე მეტი გაატარა.

მალხაზ აბურჯანიას თქმით, 2020 წლის 21 ოქტომბერს პირად საქმეზე იმყოფებოდა ბანკის მეორე სართულზე, როცა პირველი სართულიდან ხმაური და შეშფოთებული ადამიანების ხმები გაიგონა. როცა შეიტყო, რომ შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი, გასაქცევად შენობის მესამე სართულზე ავიდა, სადაც აივნის კარი თანამშრომლებმა საშვის დახმარებით გააღეს და მათთან ერთად დარბაზში მყოფმა მომხმარებელთა ნაწილმაც მოასწრო გასვლა, 7 ადამიანი კი შიგნით დარჩა. მათ შორის ერთი მალხაზ აბურჯანია იყო.

იმის გამო, რომ მათ საშვი არ ჰქონდათ და აივნის კარი ვერ გააღეს, მესამე სართულზევე სამზარეულოში დამალვა გადაწყვიტეს. დაზარალებულის სიტყვებით, აქ მათ 7 უმძიმესი საათი გაატარეს:

ვიღაცასთან ლაპარაკობდა ტელეფონით [თავდამსხმელი], რას ლაპარაკობდა, ზოგჯერ ვარკვევდი, ზოგჯერ ვერა. ის რაც გავიგე, იყო, რომ ვიღაცასთან ჰქონდა კომუნიკაცია - ითხოვდა ფულს, ვერტმფრენს და გასასვლელ გზას... ძალიან ცუდად ვიყავით. საშინელება იყო. მე ახალი გაკეთებული მქონდა ოპერაცია ხერხემალზე და მოკლესახელოიანი მაისურით ვიყავი. ოთახში იყო კონდიციონერი და გაიყინა იქაურობა. ცუდად გავხდი. ამ 7 საათში ზოგჯერ ვიდექი, ზოგჯერ ბეტონზე ვიჯექი. არ იყო საკმარისი სკამი. იქედან გამოსულზე მკურნალობა მომიწია. სიმართლე გითხრათ, ამ სიცივეში ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, თირკმლები თითქმის გაჩერებული გვქონდა. უხერხულობის მიუხედავად მომიწია შიგნით მოშარდვამ. იქ გოგო იყო და ვთხოვე.... თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდით, მაგრამ...”, - თქვა მალხაზ აბურჯანიამ.

მისი მონათხრობით, შენობა შემდეგ დატოვეს, როცა ფანჯრიდან დაინახეს, როგორ გავიდა და მანქანაში ჩაჯდა თავდამსხმელი რამდენიმე მძევალთან ერთად.

"ჩვენ ჩვენით გამოვედით. როცა დავრწმუნდით, რომ ის გავიდა, ჩვენც გავედით. გარეთ "პიკაპი" იდგა და დავინახეთ, რომ მანქანაში ჩასხდნენ - იყო შეიარაღებული კაცი და მასთან ერთად იყვნენ იქ ადამიანები, მაგრამ რამდენი იყო, ვერ გეტყვით. როცა ჩავედით ქვევით, უკვე პოლიციაც ამოდიოდა. კიბეზე შევხვდით მათ“, - მოჰყვა მალხაზ აბურჯანია.

დღეს გამოკითხული კიდევ ერთი დაზარალებულის, “საქართველოს ბანკის” თანამშრომელ რიმა სოსელიას ჩვენებით, გაუმართლა და იმ მძევლებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც გაქცევა ბანკის მესამე სართულის აივნიდან, სახანძრო კიბის საშუალებით მოასწრეს.

„ისე ვნერვიულობდი, ბევრი რამ არ მახსოვს, არც ის, როგორ ჩავედი იმ კიბეებზე”, - აღნიშნა დაზარალებულმა რიმა სოსელიამ.

30 მარტს გამართულ სხდომაზე ორი დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ, მხარეებმა წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

მანამდე გაიმართა კიდევ ერთი სასამართლო სხდომა, რომელიც ბადრი ესებუას დამატებით ბრალს შეეხებოდა. საუბარია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვის მუხლით წარდგენილ ბრალზე, რომელიც პროკურატურამ ესებუას 9 თებერვალს, დაკავების შემდეგ წარუდგინა. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და ჩანიშნა საქმის არსებითი განხილვის თარიღი.

ორწლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ესებუა ბრალს არ აღიარებს.

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, თავდამსხმელმა მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ასევე ნახეთ:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG