Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლებული ხნულები ნიქოზში


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებსა და გამყოფ ღობეებთან ხნულების გავლება განაახლეს. საოკუპაციო ძალები უკვე მესამე წელია პერიოდულად ავლებენ ხნულებს, რომლებსაც ცხინვალის ფე ფაქტო ხელისუფლება ხანძარსაწინააღმდეგო ზოლს უწოდებს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ნიქოზთან ხნულები გაავლეს არა მხოლოდ ოკუპირებულ, არამედ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც.

განახლებული ხნულები ნიქოზში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:47 0:00
გადმოწერა

ოკუპირებულ სოფელ ტბეთიდან, სადაც ღობეები უკვე აღარ არის, ტრაქტორი ნიქოზის ტერიტორიაზე შევიდა და ხნულების გავლება დაიწყო. როგორც ნიქოზელები ამბობენ, ამ ყველაფერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები თვალს შორიდან ადევნებდნენ. საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს აფასებს განგრძობადი ოკუპაციის კიდევ ერთ გამოვლინებად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანამდე საოკუპაციო ძალებს გავლებული აქვთ ყველაზე გრძელი, 12-კილომეტრიანი, ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობე.

ეხლაც დამალულები არიან და ესენი რომ წავლენ, მოვარდებიან, რატომ ელაპარაკებიო. 86 წელია საქართველოში ვცხოვრობ და კაცს არ დაველაპარაკო?!
დავით ვანიშვილი

გორის მერის წარმომადგენელი ნიქოზის თემში გიორგი ლაზარაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა ძველი ხნულები განაახლეს. ხნულის სიგანე, დაახლოებით, 2-3 მეტრია და იგი საოკუპაციო ღობეს მთელ სიგრძეზე მიჰყვება.

მცოცავი ოკუპაციის კიდევ ერთი ფორმა, მავთულხლართების სახით, უცხოელმა დიპლომატებმა სოფელ ხურვალეთში ნახეს. გაეროში აკრედიტებული ელჩების ჯგუფი იმყოფებოდა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის 8 ქვეყნის ელჩები ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას და ინფორმაცია მიიღეს ადგილობრივი მცხოვრების, დავით ვანიშვილისგან, რომლის სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. უცხოელ დიპლომატებთან გასაუბრებამდე დავით ვანიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სტუმრებთან ურთიერთობას უკრძალავენ:

ეხლაც დამალულები არიან და ესენი რომ წავლენ, მოვარდებიან, რატომ ელაპარაკებიო. 86 წელია საქართველოში ვცხოვრობ და კაცს არ დაველაპარაკო?!“.

დავით ვანიშვილი
დავით ვანიშვილი

მან გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებს უამბო, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად ეუბნებიან, თუ არ გინდა, ადექი და გადასახლდიო.

ამჯერად ჩამოსულია 8 ქვეყნის ელჩი. საქართველოს მიღწევებთან ერთად ეცნობიან გამოწვევებსაც და, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, რომლის მიმართ მათი ინტერესიც დიდია.
კახა იმნაძე

„სად წავიდე? აქ არის ჩემი მშობლების და და-ძმების საფლავები. აქ არის ჩემი სახლი და როგორ დავანებო? ასე მეუბნებიან, მაგნაირი სახლები ერთი და ორი არ დაგვიწვამსო, - განაცხადა დავით ვანიშვილმა.

დავით ვანიშვილთან შეხვედრისა და შექმნილი ვითარების გაცნობის შემდეგ უცხოელმა დიპლომატებმა ხურვალეთი უკომენტაროდ დატოვეს. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის, ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციაში აკრედიტებული ელჩები საქართველოში ყოველწლიურად ჩამოდიან და ქვეყანას ეცნობიან.

ამჯერად ჩამოსულია 8 ქვეყნის ელჩი. საქართველოს მიღწევებთან ერთად ეცნობიან გამოწვევებსაც და, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, რომლის მიმართ მათი ინტერესიც დიდია, - განუცხადა რადიო თავისუფლებას კახა იმნაძემ. მისივე თქმით. ელჩებმა თავისი თვალით ნახეს, თუ რა სახე აქვს რუსულ ოკუპაციას.

მცოცავ ოკუპაციას საქართველოს ხელისუფლება ერგნეთში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააპროტესტებს. ამავე შეხვედრაზე ქართული მხარე ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემასაც მოითხოვს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა მაისის შუა რიცხვებში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG