Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსახლების მოლოდინი სიცოცხლისთვის სახიფათო საცხოვრებელში


ყოფილი სასტუმროს შენობაში ამჟამად 34 ოჯახი ცხოვრობს.
ყოფილი სასტუმროს შენობაში ამჟამად 34 ოჯახი ცხოვრობს.

„ამ ერთ ოთახშია ყველაფერი: საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო. აქ ვრეცხავ სარეცხსაც და რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი ნაჩუქარია მეზობლებისა და მეგობრებისგან. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ვერ გავაკეთე რემონტი, ეს თანხებთანაა დაკავშირებული და ვარ ასეთ პირობებში. მაღალი ქულა მე უნდა მქონდეს, ფანჯარაც არ მქონდა და შუშა მეგობარმა მომცა. იმედი მაქვს, მივიღებ ბინას, მაგრამ როდის?“ - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა ვიტალი გავაშელი, რომელიც, 25 წელია, ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო “თბილისის” შენობაში ცხოვრობს. მძიმე პირობების გამო ახალი ბინით დაკმაყოფილების განცხადებით დევნილთა სამინისტროს სპეციალურ კომისიას მიმართა, მაგრამ კომისიამ მიიჩნია, რომ ვიტალი გავაშელი ახალი საცხოვრებლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. ვიტალი ჰყვება, რომ ამჟამად მისი ყოველთვიური შემოსავალი 160 ლარია, როგორც დევნილისა და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის.

დაზიანებული სახურავიდან წვიმის წყალი ოთახებში ჩადის.
დაზიანებული სახურავიდან წვიმის წყალი ოთახებში ჩადის.

ყოფილი სასტუმროს შენობაში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ამჟამად 34 ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა სამი და მეტი წევრისგან შედგება. დაზიანებული შენობიდან დევნილი ოჯახების განსახლება,ბოლო რამდენიმე წელია, ეტაპობრივად მიმდინარეობს. ხუთსართულიან შენობაში დარჩენილ დევნილებს დაზიანებული სახურავიდან წვიმის წყალი ოთახებში ჩასდით, სასმელი წყლისა და კანალიზაციის დაზიანებული მილებიდან წყალი დერეფნებსა და ოთახებში იღვრება, ჭერი და კედლები ნესტისგან იშლება, იატაკი კი აყრილია. რამდენიმე ოჯახი ერთი ტუალეტით სარგებლობს. დევნილები ამბობენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისი და საფრთხის შემცველია:

კანალიზაციის დაზიანებული მილებიდან წყალი დერეფნებსა და ოთახებში იღვრება
კანალიზაციის დაზიანებული მილებიდან წყალი დერეფნებსა და ოთახებში იღვრება

„სირცხვილია, ასეთი შენობა რომ დგას ქუთაისის ცენტრში, გამვლელ-გამოვლელი გაოცებული უყურებს. შპალერი გავაკარი, ცოტა მოვაწესრიგე, მაგრამ იატაკზე ბეტონია და სიცივეა. შუქი თუ არ ავანთე, ოთახებში ბნელა. თაგვები და ვირთხები დარბიან, კანალიზაციის წყალი მოდის, გამსკდარია მილები და ყველა სართულზე ჩამოდის. ზემოდან წყალს რომ გაუშვებენ, ჩემს ოთახში ჩამოდის და ჭურჭელი მაქვს დადგმული. წარმოიდგინეთ, ზამთარში, სიცივეში, წყალი რომ მოდის ოთახში და იქვე გძინავს. ჭერიდან და კედლებიდან ბათქაში ცვივა და ყოველ დილით ვხვეტავ. ბეტონის მოზრდილი ნაწილებიც ცვივა“;

„24 კვადრატულ მეტრ ოთახში 8 ადამიანი ვცხოვრობთ. ოთხი შვილი მყავს - სამი ბიჭი და ერთი გოგო - და როგორ უნდა ვცხოვრობდეთ?!“

„გვიჭირს 25 წელი ამ დანგრეულ შენობაში. წყალი ყველგან ჩამოდის. ყველაფერი გვაწუხებს. სიბინძურეა, ვირთხებია“;

„ჭერი გვენგრევა უკვე, სადაცაა. მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და როცა წვიმს, ქოლგით და ბოტებით უნდა იარო. როგორც გარეთ, ისე წვიმს შესასვლელში და ჩემს ოთახშიც. ჩემს ოჯახს 4 ქულა აქვს. ამ ქულით ამ ეტაპზეც არ დამაკმაყოფილებენ. უნდა გქონდეს 7, 8 და მეტი, რომ დაგაკმაყოფილონ“, - ამბობენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

ჭერი და კედლები ნესტისგან იშლება, იატაკი კი აყრილია.
ჭერი და კედლები ნესტისგან იშლება, იატაკი კი აყრილია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, გიორგი სანთელაძის,ინფორმაციით, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახები ახალი ბინებით ეტაპობრივად რამდენიმე კრიტერიუმით დადგენილი ქულების მიხედვით დაკმაყოფილდებიან. სანთელაძის განმარტებით, უპირატესობა ენიჭებათ მათ, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს ან სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, ასევე ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ომის ვეტერანებს და მარჩენალდაკარგულებს:

„ქუთაისში, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებთა ბინებით დაკმაყოფილების საკითხი განიხილება ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების მიხედვით.ქულების მინიჭების პროცედურისას გათვალისწინებულია სხვადასხვა სოციალური სტატუსი. რაც მაღალია ქულა, უფრო მალე მოხდება ბინით დაკმაყოფილება სულადობის მიხედვით და ოჯახებს გადაეცემათ ფართი. ბინების მშენებლობები მიმდინარეობს ქუთაისში და ქუთაისში მცხოვრები დევნილები ბინებს მიიღებენ აქვე. ეტაპობრივად მიიღებენ ბინებს ჯერ მაღალქულიანი და შემდეგ დაბალქულიანი ოჯახები“.

დევნილი ოჯახების ნაწილი ამ დრომდე რჩება გაუსაძლის პირობებში.
დევნილი ოჯახების ნაწილი ამ დრომდე რჩება გაუსაძლის პირობებში.

ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილების რამდენიმე კომპაქტური ჩასახლებაა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილება 2009 წლიდან დაიწყო. ქუთაისში რამდენიმე შენობას ბოლო წლებში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, პარლამენტის მახლობლად აშენდა 16-სართულიანი კორპუსი და მთავრობამ ბინები გამოისყიდა ახლად აშენებულ კორპუსებშიც, თუმცა დევნილი ოჯახების ნაწილი ამ დრომდე რჩება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ, გაუსაძლის პირობებში. ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობიდან, სადაც საფრთხის შემცველ პირობებში ამ დრომდე რჩება 200-მდე ადამიანი, სხვადასხვა დროს 4-ჯერ განასახლეს დევნილები და თითო ჯერზე ქუთაისის სხვადასხვა უბანში 12-მდე ოჯახს გადაეცა ბინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG