Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუქმდა სასჯელი გაურკვეველ ნარკოტიკებზე - რას ამბობენ ნარკოლოგები?


საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით გაუქმდა პატიმრობა ნარკოტიკებზე, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას. რა ვიცით ამ ნარკოტიკებზე უფრო კონკრეტულად?

„ამ გადაწყვეტილებასთან ერთად ბევრი კითხვა რჩება, ძალიან რთული იქნება ამ ნიშნების მიხედვით ნივთიერებების დაყოფა.“ - ამბობს ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი, რომელიც რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2 აგვისტოს გადაწყვეტილებამ სიცხადის ნაცვლად ბუნდოვანება გამოიწვია.

“რთულია ცალსახად დაასახელო, რომელიმე ნარკოტიკი, რადგან ყველა ინდივიდუალურად მოქმედებს სხვადასხვა ადამიანზე. ასევე, გააჩნია დოზას და სისტემატიურობას, ძალიან პირობითი და სუბიექტურია ამის დაყოფა. ერთადერთი, ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ მეთქვა კანაფი, მაგრამ მისი მოხმარება უკვე დაშვებულია, რადგანაც უფრო მარტივი გასამიჯნი იყო სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან.“ - გვეუბნება ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი.

მარიხუანამაც კი, რომელის მოხმარებაც რიგ შემთხვევაში არ იწვევს აგრესიას, შეიძლება კონკრეტულ ადამიანზე სხვაგვარად იმოქმედოს, პარანოიდული გახდეს და ა.შ გაერო არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ნარკოტიკების კლასიფიკაცია მოხდეს.
ხათუნა თოდაძე

მისი თქმით, დეკრიმინალიზაციის პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ნარკოტიკის მიმართ ერთნაირი მიდგომა. არ შეიძლება ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში მიდიოდნენ :„დიდი კანონპროექტის განხილვა დღისწესრიგიდან ამოღებულია და არ მგონია საპარლამენტო არჩევნებამდე ვინმე მიუბრუნდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება რეფორმების კონტექსტში როგორ უნდა ჩაჯდეს გაუგებარია.” ​

როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ხათუნა თოდაძემ გვითხრა, მისთვისაც რთულია ნარკოტიკების სიაზე საუბარი. მისი თქმით, პრობლემა მოიხსნება თუკი პარლამენტში განახლდება მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც გააუქმებს სისხლისსამართლებრივი დევნას ნარკოტიკის მოხმარებისთვის.

პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა.
აკაკი ზოიძე

„სხვა შემთხვევაში მოგვიწევს, რომ სპეციალისტების ჯგუფი შეიკრიბოს და იმსჯელოს ამა თუ იმ ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ, რაც ძალიან რთულია, რადგან მარიხუანამაც კი, რომელის მოხმარებაც რიგ შემთხვევაში არ იწვევს აგრესიას, შეიძლება კონკრეტულ ადამიანზე სხვაგვარად იმოქმედოს, პარანოიდული გახდეს და ა.შ გაერო არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ნარკოტიკების კლასიფიკაცია მოხდეს, როგორც მსუბუქი და მძიმე, თუმცა არის ქვეყნები მაგალითად ჰოლანდია, რომელსაც აქვს ასეთი დაყოფა.“- გვეუბნება ხათუნა თოდაძე.

ნარკოლოგების შეფასებებს იზიარებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ნარკოდამოკიდებულების მიმართ უნდა მოხდეს:

„სწრაფ მიჩვევას რომელი ნარკოტიკიც იწვევს, სწორედ იმ შემთხვევაშია საზოგადოების ჯანდაცვის კუთხით გამართლებული, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობისა და პრევენციის მეშვეობით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ. ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა“, - ამბობს აკაკი ზოიძე.

რა პროცედურები უნდა გაიაროს სასამართლო გადაწყვეტილებამ, ვის, როდის და რომელ ნარკოტიკს შეეხება ცვლილება ჯერ უცნობია. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე მომზადდა.

ომბუდსმენის აპარატში სამ აგვისტოს რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მიმდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილების ძირეული შესწავლა და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი შესაძლებელი იქნებოდა ორშაბათს, თუმცა ამ დრომდე ომბუდსმენის აპარატიდან პასუხი მომდევნო პროცედურულ საკითხებზე ჯერ არ მიგვიღია.

ამ მოცემულობით გამოდის, რომ სასამართლომ დასაშვებად სცნო "გაურკვეველი" ნარკოტიკების მოხმარება, მაგრამ არაფერი შეცვლილა. თუკი რომელიმე ნარკოტიკის მოხმარებისას (გარდა მარიხუანისა) დაგიჭირეს, მაინც უნდა ამტკიცოთ, იწვევს ის სწრაფ შეჩვევას, აგრესიულ ქცევას, თუ არა.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG