Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუძლებს გელათი ქარს და წვიმას?


მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისე აღდგენა, რომ მას საფრთხე აღარ ემუქრებოდეს.

"[სამუშაოები] უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და ნებისმიერი დღით შეყოვნებამ, გაზაფხულის უხვნალექიანი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა შეუქცევადი და უმძიმესი ზიანი მიაყენოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს", - მიმართავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შესყიდვების სააგენტოს და სთხოვს, კონკურსის გარეშე, დაჩქარებული წესით მისცეს ხელშეკრულების გაფორმების უფლება, გელათის, უკვე მეორედ და ისევ დროებითი, გადახურვისთვის.

გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. რეაბილიტაციის დაწყებამდე, დაზიანებების გამო, გელათი იმ ძეგლების სიაშიც მოხვდა, რომელსაც საფრთხე და იუნესკოს ნუსხიდან ამოღება ემუქრებოდა. იუნესკო კომპლექსის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას ასე აღწერს:

"გელათის მონასტერი ასახავს შუა საუკუნეების საქართველოს "ოქროს ხანას", პოლიტიკური სიძლიერისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდს მეფე დავით IV-ე აღმაშენებლის (1089-1125) და თამარ დედოფლის (1184-1213) მეფობის ეპოქაში… მონასტერი მდიდრულად არის მორთული მეთორმეტე საუკუნიდან მეჩვიდმეტე საუკუნემდე პერიოდის კედლის მხატვრობით, ასევე მე-12 საუკუნის მოზაიკით... ამასთან, ძეგლის თითქმის ხელუხლებელი გარემო იძლევა არქიტექტურისა და ლანდშაფტის შერწყმის აღქმის შესაძლებლობას".

2014 წელს ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ძეგლი კვლავ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხის წინაშეა. შარშან ახალდაგებულ კრამიტში წვიმის წყალმა გაჟონა და ფრესკები დასველდა. ამ დროს გადაწყდა, რომ ძეგლის გადასარჩენად დროებითი, თუნუქის სახურავი უნდა მოეწყოთ.

გელათი წყლის ჩაჟონვის შემდეგ
გელათი წყლის ჩაჟონვის შემდეგ
ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

დროებითი გადახურვის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ძლიერმა ქარმა ტაძრის დასავლეთ მკლავს თუნუქის სახურავის ფრაგმენტი მოაძრო. 19 იანვარს ტაძრის სახურავის ეს მონაკვეთი სპეციალისტებს დათოვლილი დახვდათ.

დროებითი გადახურვისას "სწრაფად განხორციელებადი და ფინანსურად შესაძლებელი ვარიანტი" შეირჩა. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორს აცნობებდა, რომ თავიდანვე არსებობდა იმის ალბათობა, რომ დროებითი სახურავიდან წვიმის და ნადნობი წყალი კრამიტის და კედლის შეერთების ადგილებში, ჩავიდოდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იანვარში განგაში უმიზეზოდ ატყდა, დროებითმა სახურავმა იმუშავა და "გელათში" წყალი აღარ ჩასულა.

"კომპანიამ, ვინც ეს პროექტი მოამზადა, გვითხრა, რომ 100-პროცენტიან გარანტიას ვერაფერზე მოგვცემდნენ. ფაქტი ხო სახეზეა, აგვისტოს შემდეგ იქ წყალი არ ჩასულა", - ამბობს ანთიძე.

ანთიძეს ვკითხეთ, რატომ გადაწყდა ისეთი დროებითი გადახურვის შერჩევა, რომელიც 100%-ით ვერ დაიცავდა ისტორიული ძეგლის სახურავს, მან ასე გვიპასუხა:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სასწრაფო წესით გაგვეკეთებინა. რისკი იმისა, რომ წყალი კიდევ სადმე ჩასულიყო, არსებობდა, მაგრამ მთავარი იყო, რომ დიდი ხანი არ დაგვეტოვებინა დაცვის მექანიზმის გარეშე".

ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ცნობილი დროებითი გადახურვის სხვა ხარვეზები. მათი ნაწილი პარლამენტის კულტურის კომიტეტისთვის ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. აღსრულების ეროვნული ბიურო 16 იანვარს გადაღებული ფოტო- და ვიდეომასალით აღწერდა, რომ დროებით სახურავს რამდენიმე ადგილზე არ ჰქონდა წყლის შემკრებები, დაშვებული ხარვეზები კი "გელათის" ჩუქურთმებსა და ფასადს აზიანებდა.

ის, რაც ვერ აღმოაჩინა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მოხვდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის დასკვნაში. კერძოდ: წყალგადამყვანების გადაბმის ადგილები გაუმართავი იყო და აპარებდა წყალს; ზოგიერთ ადგილზე თუნუქი არასწორი, ქანობის საწინააღმდეგო მიმართულებით იყო დაგებული; თუნუქის გადაბმის ადგილების სამაგრები წყალს არ ატარებდა და ჟონავდა; დროებითი ნაგებობის დაბოლოებები მოკლე იყო და ვერ ასრულებდა დანიშნულებას.

ეს დასკვნა ცნობილია სააგენტოს დირექტორისთვისაც. სწორედ ამიტომ ნიკოლოზ ანთიძეს შევახსენეთ, რომ გაზაფხულის უხვნალექიანობის გამო სამუშაოების დაჩქარებას ითხოვდა და ვკითხეთ, გაუძლებს თუ არა "გელათის" გადახურვა უხვ ნალექსა და ქარს.

"ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ შესაძლოა, ძალიან ძლიერმა ქარმა, გაკეთებული, კრამიტიანი სახურავიც კი წაიღოს - ამას ვერავინ იტყვის... იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყო დროებითი სახურავის დაზიანება, ჩვენ სპეციალური ნაგებობები მოვუწყეთ - რაც ქარის დარტყმას აარიდებს. წვიმასაც გაუძლო და თოვლსაც".

გელათის სახურავი რესტავრაციის დროს კრამიტით შპს "იკორთა 2007"-მა გადახურა. იმის გამო, რომ სამუშაოების თავდაპირველი შემსრულებელი ეს კომპანია იყო, დაშვებული ხარვეზების ადგილების თუნუქით გადახურვა მასვე დაავალეს. სამუშაოების ისევ ხარვეზებით შესრულების გამო ძეგლთა დაცვის სააგენტომ მისი სანქცირება გადაწყვიტა და დამატებით ზარალის ანაზღაურების პროცედურები დაიწყო. ახლა სააგენტო დროებითი გადახურვის ახალ კომპანიას ეძებს და მის ხელახლა მოსაწყობად 238 ათას ლარს ხარჯავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG