Accessibility links

გაფრთხილება, როგორც მუქარა


ზურაბ აბაშიძე, გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში, „უცვლელი მესიჯით“, უფრო ზუსტად, ტრადიციული მათრახითა და თაფლაკვერით ჩამოვიდა.

„მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა 27 თებერვალს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის მორიგი რაუნდის წინ.

ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე...
გრიგორი კარასინი

რუსმა დიპლომატმა თავიდან არ დააზუსტა, თუ რა იგულისხმა „უსიამოვნო მოულოდნელობებში“; რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ამ კომენტარის გავრცელების შემდეგ, ბევრმა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, კარასინის ეს „გაფრთხილება“ აღიქვა, როგორც შეფარული მუქარა.

პრაღის ფეშენებელურ სასტუმრო „ავგუსტინეში“ დახურულ კარს მიღმა გამართული სამსაათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, გრიგორი კარასინმა რადიო თავისუფლების განმეორებით კითხვას, უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, არაპირდაპირ, „ნატოსა და აშშ-ის მიერ რეგიონში მზარდი აქტიურობით“ გამოწვეული შეშფოთების გამოხატვით უპასუხა:

„უსიამოვნო მოულოდნელობები ვფიქრობ რომ არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რეგიონის გარე სახელმწიფოთა მისწრაფება, უფრო აქტიურად ჩაერთონ სამხრეთ კავკასიის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ჩვენს შეშფოთებას და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც დააზუსტა, რომ გარე სახელმწიფოებში იგულისხმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და აშშ-ის მზარდი აქტიურობა საქართველოს ტერიტორიაზე.

„ჩვენ მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს. და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით.

ცხადია, ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს. ვინაიდან იგი არღვევს სახელმწიფოთაშორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს, გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

კარასინის განცხადებების პარალელურად ნატოს სამხედრო წვრთნების ინტენსივობასა და მათში ნატოს არაწევრი უკრაინისა და საქართველოს „აქტიურად ჩართვის“ შესახებ 27 თებერვალს არაორაზროვანი განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. სერგეი შოიგუს თქმით, ალიანსი განაგრძობს წინა ხაზის ბაზირების სისტემის განვითარებას ბალტიისპირეთში და აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში.

​რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე შოიგუმ თქვა, რომ ნატო რუსეთს აიძულებს საპასუხო ზომების მიღებას.

მთლიანობაში, რუსეთის სამხედრო უწყებისა (სერგეი შოიგუ) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (გრიგორი კარასინის) განცხადებები იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის შემუშავებასაც აქტიურად შეუდგა კრემლი ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების პასუხად.

20 თებერვალს, ფედერალური კრების წინაშე გამოსვლის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების შემცირების შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის საპასუხოდ, მოსკოვი გაშლის სარაკეტო სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ შეიარაღებაზე იქნება დამიზნებული, არამედ აშშ-ისა და მოკავშირეთა ტერიტორიებზე განლაგებულ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ სწორედ რუსეთი არღვევს მის მიერვე ნაკისრ ვალდებულებებს, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და ძირს უთხრის მისი მეზობელი სახელმწიფოების - საქართველოსა და უკრაინის - სახელმწიფოებრიობას, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობენ.

რუსეთმა თავისი დექსტრუქციული ნაბიჯებით შექმნა ვითარება, როდესაც კრემლთან კონსტრუქციული დიალოგი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს მომლაპარაკებელი მხარისათვის.

„არ მესმის იმათი, ვინც მოგვიწოდებს, რომ შევწყვიტოთ ცეცხლი. თუ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს, ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ომს, მაშინ უკრაინა აღარ იარსებებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG