Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერული უთანასწორობა პოლიტიკურ პარტიებში


ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 124-ე ადგილზეა 193 ქვეყანას შორის. 150-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 23 დეპუტატი ქალია (15,3 %). 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მერობის 63 კანდიდატიდან მხოლოდ 1 იყო ქალი. ქალების რაოდენობა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია პარტიულ აღმასვლასთან: რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო ნაკლები ქალი გვხვდება.

„ქვედა დონეზე, რაზეც პარტიის ძლიერება დგას და საიდანაც საარჩევნო ხმები მოდის, სულ ქალები არიან. პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ქალები ვერ ახერხებენ პარტიის მმართველ ორგანოებში მოხვედრას იმ პროპორციით, როგორც ამას ახერხებენ კაცები“, - ამბობს ბაკურ კვაშილავა, საზოგადობრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი.​

როგორც კვლევამ აჩვენა, წამახალისებელი ზომა საკმარისი არ აღმოჩნდა პარტიებისათვის, რათა მათ ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის შეეწყოთ ხელი.
ბაკურ კვაშილავა

არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD-ს („აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“) მხარდაჭერილი კვლევის მიხედვით, რომელიც 2017 წლის პერიოდს (მათ შორის 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს) მოიცავს, პოლიტიკურ პარტიებში ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით, ვითარება მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ შევიდა ცვლილება ( 37-ე მუხლი, მე-7 პარაგრაფი), რომლის შესაბამისად, პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30 %-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30 პროცენტით.

ბაკურ კვაშილავა
ბაკურ კვაშილავა

„როგორც კვლევამ აჩვენა, წამახალისებელი ზომა საკმარისი არ აღმოჩნდა პარტიებისათვის, რათა მათ ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის შეეწყოთ ხელი. შესაბამისად, მიღებული საკანონმდებლო ცვლილება ჯერჯერობით შედეგიანად ვერ ჩაითვლება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ბაკურ კვაშილავამ.

თუკი არჩეულებს შორის კაცები მნიშვნელოვნად ჭარბობენ. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალი კანდიდატები მხოლოდ პროპორციული სიის ბოლოს აღმოჩნდნენ ან ისეთ რაიონებში იყვნენ წარმოდგენილი მაჟორიტარობის ან მერობის კანდიდატებად, სადაც გამარჯვების მინიმალური შანსი ჰქონდათ.
ბაკურ კვაშლავა

კვლევისთვის შეირჩა პარტიები, რომლებმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3 %-ზე მეტი მიიღო. ეს პარტიებია: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, ლეიბორისტული პარტია.

როგორია ამ პარტიების პროპორციულ სიებში ქალების წილი? რამდენმა ქალმა მიიღო მანდატი? რამდენი ქალი იყრიდა კენჭს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში? როგორია პარტიების მიერ მერობის კანდიდატებად წარდგენილი ქალების პროცენტული მაჩვენებელი?

  • „ქართული ოცნება“: პროპორციული სია - 22,7 % ქალი; მიღებული მანდატები - 22,4 % ქალი; მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი ქალები - 7,8 %; მერობის კანდიდატი ქალები - 1,6 %.
  • „ნაციონალური მოძრაობა“: პროპორციული სია - 30,1% ქალი; მიღებული მანდატები - 16,6 % ქალი; მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი ქალები - 16,6 %; მერობის კანდიდატი ქალები - 11,9 %.
  • „ევროპული საქართველო“: პროპორციული სია - 31,7 % ქალი; მიღებული მანდატები - 15,2 % ქალი; მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი ქალები - 22,1 %; მერობის კანდიდატი ქალები - 12,1 %.
  • „პატრიოტთა ალიანსი“: პროპორციული სია - 33 % ქალი; მიღებული მანდატები - 14,5 % ქალი; მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი ქალები - 14,1 %; მერობის კანდიდატები - 16,3 % ქალი.
  • ლეიბორისტული პარტია: პროპორციული სია - 45,3 % ქალი; მიღებული მანდატები - 11,8 %; მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი ქალები - 26,1%; მერობის კანდიდატი ქალები - 21,1 %.

ბაკურ კვაშილავას თქმით, პროპორციულ სიებში ქალთა წარმომადგენლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე მაჟორიტარულში. ქალების შეფარდება მამაკაცებთან განსაკუთრებით დაბალია მერობის კანდიდატებს შორის.

„მნიშვნელობა არ აქვს, გენდერულად რამდენად დაბალანსებულად გამოიყურება პარტიის მიერ შედგენილი საარჩევნო სია, თუკი არჩეულებს შორის კაცები მნიშვნელოვნად ჭარბობენ. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალი კანდიდატები მხოლოდ პროპორციული სიის ბოლოს აღმოჩნდნენ ან ისეთ რაიონებში იყვნენ წარმოდგენილი მაჟორიტარობის ან მერობის კანდიდატებად, სადაც გამარჯვების მინიმალური შანსი ჰქონდათ. ყველა პარტიას მინიმუმ ორჯერ მეტი კანდიდატი ჰყავს წარმოდგენილი პროპორციულ სიებში, ვიდრე მერობის კანდიდატად. პოლიტიკური პარტიის მხრიდან ასეთი მიდგომა გენდერული დისკრიმინაციის არაპირდაპირი და შეფარული გზაა“, - ამბობს ბაკურ კვაშილავა.

გენდერული თანასწორობის ჯამური ინდექსი სამი კომპონენტისგან შედგება:

საარჩევნო კომპონენტი (ერთიანი მაჩვენებლის 50 %) - მოიცავს რამდენიმე ინდიკატორს, რომელიც აფასებს კანდიდატებად წარმოდგენილ ქალთა რაოდენობას და არჩეულ ქალთა რაოდენობრივ მაჩვენებელს.

ინსტიტუციონალური კომპონენტი (ერთიანი მაჩვენებლის 25 %) - რამდენად მაღალია გენდერული ცნობიერება პარტიის შიგნით, მის მმართველ ორგანოებში.

პროგრამული კომპონენტი (ერთიანი მაჩვენებლის 25 %) - ფასდება ქალთა და გენდერული თანასწორობის საკითხების პრიორიტეტულობა პარტიის დღის წესრიგში.

გენდერული თანასწორობის ჯამური ინდექსი

კვლევის ავტორთა თქმით, ყველაზე დაბალი საერთო მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს, რაც მოსალოდნელ შედეგებზეც ვრცელდება, რადგან მცირდება არაპრივილეგირებული ჯგუფის შეფარდება კანდიდატების საერთო რაოდენობის ფონზე, ვინაიდან გამარჯვების ალბათობა იზრდება. ამის მიზეზი შიდა პარტიული კონკურენციაა, რომელშიც არაპრივილეგირებული ჯგუფების წარმომადგენლები იშვიათად იმარჯვებენ.

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე, დირექტორი ორგანიზაციისა „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD), ამბობს, რომ პარტიები უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანების პოლიტიკაში მონაწილეობას სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

„თანასწორობა, ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში, ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკაში, შიდა პარტიული დემოკრატია - ეს ტერმინები და იდეები არის არა თავისმოსაწონებელი თემები, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი საარჩევნო შანსების გასაზრდელად. სანამ ამ პრაქტიკულ ნაბიჯებს არ გადადგამენ, მანამდე ძალიან გაჭირდება პროგრესის მიღწევა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ცუცქირიძემ, რომლის თქმითაც, „მეტი ქალი პოლიტიკაში“ - სამართლიანობის საკითხიცაა, რადგანაც ქალები უნდა იყვნენ თანაბრად და აქტიურად წარმოდგენილი პოლიტიკაში, მათი ხმა უნდა ისმოდეს ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგშია, იქნება ეს უსაფრთხოება, ბიუჯეტი, ეკონომიკა, თავდაცვა, საგარეო ურთიერთობები თუ განათლება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG