Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი ტაბატაძე - სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში


შავლეგო ტაბატაძე
შავლეგო ტაბატაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო რწმუნებული დღეს შვიდ რეგიონში წარადგინა, მათ შორის იმერეთის მხარეში რწმუნებულად შავლეგო ტაბატაძე დაასახელა. მამუკა ბახტაძემ რწმუნებულების დანიშვნა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის გეგმების განხორციელებას დაუკავშირა და თქვა, რომ მათი საქმიანობა სწორედ ამ თვალსაზრისით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. პრემიერ-მინისტრმა შავლეგო ტაბატაძე დაახასიათა, როგორც გამორჩეული სამხედრო და განსაკუთრებით გამოყო მისი მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და ის წვლილი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში აქვს შეტანილი. მამუკა ბახტაძემ დღესვე რეგიონების განვითარების პოტენციალის გამოყენებასა და მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

გადმოწერა
გია გოქაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიაზიისა „ევროპა ჩვენი სახლია“, ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა არ განმარტა, რა ნიშნით შეარჩია მოქმედი გენერლის კანდიდატურა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე.

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა და განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა მუნიციპალიტეტებსა და მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ახლად დანიშნული რწმუნებულისავე განცხადებით, ის მხარის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრისა და მათი გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, განხორციელდება თუ არა საკადრო ცვლილებები.

სახელმწიფო რწმუნებულად გენერალ შავლეგო ტაბატაძის დანიშვნას უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები ქუთაისში. არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაღალი წოდების სამხედრო პირის დანიშვნა საჯარო მოხელის თანამდებობაზე პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს. გია გოქაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიაზიისა „ევროპა ჩვენი სახლია“, ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა არ განმარტა, რა ნიშნით შეარჩია მოქმედი გენერლის კანდიდატურა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე.

ახალი რწმუნებულის დანიშვნით გამოწვეულ კითხვებზე ლაპარაკობს სამოქალქო აქტივისტი ნუგზარ კოხრეიძეც. მისი აზრით, თუ იმერეთის რწმუნებულის დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაშინ მთავრობის მეთაურს ამაზე უნდა ესაუბრა. სამოქალაქო აქტივისტი ასევე მიიჩნევს, რომ სამხედრო და საჯარო სამსახურების მართვა ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავდება.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას მიმდინარე წლის მარტიდან ამ დრომდე ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა.

იმერეთის მხარეში ახალი რწმუნებულის დანიშვნისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი გიგა შუშანია, ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხელმძღვანელი. შუშანია შავლეგო ტაბატაძის წარდგენას იმერეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნას უკავშირებს და ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში იმერეთში გუბერნატორის ინსტიტუტი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა.

შავლეგო ტაბატაძის დანიშვნას „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის არაორდინარულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ქუთაისის საკრებულოს წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მერაბ მეშველიანი. მეშველიანი დასძენს, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია პარტიული აქტივის დასაქმების ადგილია და რეალური ფუნქცია მას არ გააჩნია.

იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში ახალი რწმუნებული ამ დრომდე არ მისულა და არც ის არის ცნობილი, დარჩება თუ არა თანამდებობაზე რწმუნებულის ორი მოადგილე. სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დღეს დანიშნულმა შავლეგო ტაბატაძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელი იმსახურა, გენერლის წოდება მას გასულ წელს მიენიჭა. უფრო ადრე კი, 2016 წელს, აღმოსავლეთ სახმელეთო ჯარების სარდალი იყო. მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას მიმდინარე წლის მარტიდან ამ დრომდე ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი რწმუნებული გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG