Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენო ადამია - სახალხო გენერალი


გენო ადამია ფოტოზე მარცხნიდან მეორე, ფორმაში ჩაცმული
გენო ადამია ფოტოზე მარცხნიდან მეორე, ფორმაში ჩაცმული

გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხიდზე დაიღუპა, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. გენო ადამია იყო სოხუმის 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელი. ბრიგადა, რომელიც 5 ათას მოხალისეს აერთიანებდა, მან საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა.

გენო სენაკში იყო დაბადებული და აფხაზეთში მოგვიანებით გადმოვიდა. სამხედრო პირი არ იყო, ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა. მშვიდობიანობისას მისი გატაცება ახალგაზრდა სპორტსმენების მფარველობა იყო, მათ ხშირად ფინანსურადაც ეხმარებოდა ხოლმე. იარაღი 1992 წელს აიღო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. იბრძოდა მისი ორივე შვილიც.

მისი შვილი, ელგუჯა ადამია, ამბობს, რომ გენომ თავის გარშემო მოხალისე მეომრები შეოიკრიბა. სპონტანური რაზმი დღითი დღე იზრდებოდა:

„შევარდნაძე რეკავდა: გენო, შენ უნდა ჩაუდგე სათავეშიო. იღიმებოდა, მე სამხედრო არა ვარო... ერთ თვეში 23-ე ბრიგადა შეიქმნა, მასში 6 ბატალიონი შედიოდა, მათ შორის ერთი - სატანკო“.

ყველა ძია გენოს ეძახდა, მათ შორის მისი ტოლებიც კი. ძია გენოს ეძახდა ჟიული შარტავაც. „ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მის სიტყვაზე ათასები მიდიოდნენ ომში“, - იხსენებს აფხაზეთის მაშინდელი შს მინისტრი დავით გულუა.

23-ე ბრიგადის I ბატალიონის მეთაური დავით ღვინჯილია ამბობს, რომ თუკი სოხუმის მიმართულებით რამე ბრძოლა იყო, ყველას გენო ადამია ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ეს თავდაცვითი ბრძოლები იყო, თავად თავს არავის დასხმიან.

დავით ღვინჯილია: „ძალიან პირდაპირი იყო. ჭარბად ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ ეს მისი ქალაქია და უნდა დაიცვას. მერე აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ორგანიზატორიც ყოფილა. 23-ე ბრიგადა, რომელიც გენომ შექმნა, პირველი დისციპლინირებული ბრიგადა იყო. მისთვის ავტორიტეტი არ არსებობდა, შევარდნაძესაც დაუპირისპირდა“.

დაპირისპირება გამოიწვია სოჭის ხელშეკრულებამ, რომლის საფუძველზეც ქართულმა მხარემ ქალაქიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანა.

„გენომ პირდაპირ თქვა, რომ ეს არის სოხუმის ჩაბარების გეგმა. სადაც ხმა მიუწვდებოდა, ყველგან ლაპარაკობდა ამას, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მაინც დაშალეს ბრიგადა და სოხუმი და აფხაზეთი შეიარაღების გარეშე დატოვეს“, - ამბობს დავით ღვინჯილია.

ელგუჯა ადამია, რომელიც მაშინ სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო, იხსენებს, როგორ გადაივსო იმ დღეებში ჰოსპიტალი დაჭრილებით, დაშავებულებს შორის მამა და ძმაც იყვნენ.

ელგუჯა ადამიას კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:40 0:00

თამაზ ლიპარტელიანი წიგნში „ომი აფხაზეთში“ გენო ადამიას სიტყვებს იხსენებს: „აფხაზეთი გაყიდულია, მაგრამ სანამ სული მიდგას, ვიომებ!“

დავით გულუა: „დაახლოებით 12 ბრძოლა მოიგო, არც ერთი არ წაუგია. საბოლოოდ, განიარაღებული, იძულებული გახდა დამარცხებულიყო, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტი გენერალი, მობრუნდა და თავი შეაკლა“.

გენო ადამია კოდორის ხიდთან მოკლეს, როდესაც უკან, სოხუმში შესვლას ცდილობდა. მისი ნეშტის გადმოსვენება მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოხერხდა. დაკრძალულია თბილისის ძმათა სასაფლაოზე.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG