Accessibility links

site logo site logo

გია ვოლსკი - "სასამართლო ადრე იყო ისეთი, როგორიც უნდოდა სააკაშვილს, ახლა არის ისეთი, რომ საერთაშორისო სტანდარტებში ვართ მოწინავე ადგილზე"


პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლოში კლანი მაშინ დაინახა, როცა აღმოაჩინა, რომ ის "აღარ დაექვემდებარა იმ დიქტატს", რომელიც 2012 წლამდე ჰქონდა:

"ვინაიდან სასამართლო რევოლუციურ პროცესებს არ აჰყვა 2012-ში და მეტიც სააკაშვილი და მისი გუნდი გაასამართლა. აქედან გამომდინარე ეგ კლანია".

გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასა და მის მიერ შექმნილი რეალობის შეფასებასაც ეხმაურება:

"1990-იანი წლებიდან ეგეთ უფსრკულთან ვდგავართ. ახლა რა მდგომარეობაცაა შექმნილი, თანამედროვენი ვართ გარკვეული სირთულის და ეს არ არის განპირობებული მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური პარტიების შეუთანხმებლობით. მსოფლიო შეიცვალა მნიშვნელოვნად. მსოფლიო შეიცვალა იმდენად, რომ საფრთხე, რომელიც საქართველოს ექმნება თითქოს ვიღაცის გონებაში ამ პოლიტიკურ რუკაზე შერწყმულია იმ საერთო-გლობალურ პროცესებთან, რომელიც ახასიათებს ამ დიდი ძალების ერთმანეთთან დაპირისპირებას".

პარლამენტის ვიცესპიკერი ინტერვიუში "ნაციონალურ მოძრაობაზე", მის ლიდერსა და ეროვნული თანხმობის მიღწევის პერსპექტივაზე აცხადებს:

"ეროვნული თანხმობა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე არ გადის. მე მგონია, რომ პირიქით, ეროვნული თანხმობა თუ ვინმეს უნდა, ადამიანმა ვინც დააშავა და სერიოზულად დააშავა, თან მხოლოდ იმის მეასედი ნაწილი გაქვს წაყენებული სასამართლოს მხრიდან, ალბათ, თუ არ მოიხდის ბოლომდე, გარკვეულად უნდა მოინანიოს მაინც და თუ ასეთი არ ხდება, აქ უკვე სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ.

ვითარება, რომელიც შეიქმნა, არის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იმ პროცესებზე, რაც ჩვენს გარშემო მიდის, რაც რეგიონში მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, პარტიის მხრიდან, რომელიც ცდილობს, რომ საერთაშორისო დაძაბულობა გამოიყენოს თავის წარმატებისათვის და დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი, იმის თქმა, რომ ის მიდის სალომე ზურაბიშვილთან ან ასი დღის მერე მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, ეს არის მლიქვნელობა ხალხის წინაშე, განსაკუთრებით იმ ადამიანების წინაშე, ვისაც დაუშავეს“.

ინტერვიუს დროს გია ვოლსკი რამდენჯერმე შეეცადა "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივიდან წარმოეჩინა სურათი:

„ლოგიკურად რომ დავუფიქრდეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რომ გავაანალიზოთ, იმათი პერსპექტივიდან, პრაქტიკულად ვერც დაჯდებიან იმიტომ, რომ ლიდერი, რომელიც აფინანსებს, რომელიც ერთადერთია და განუმეორებელია, [ციხეშია]...მელია ლიდერად არ აღიქმება, რაღაცა სლენგი რომ ვიხმარო, ბოევიკების ლიდერს უფრო ჰგავს, ვიდრე პარტიულ ლიდერს...სხვაგვარად როგორ ქნან, ადამიანი ზის ციხეში, როგორ მოახერხონ? ვერ შეავსეს ის ველი, სადაც არის ციხეზე შეტევა, შტურმი ვერ განახორციელეს, ის მასიური არეულობა ვერ განახორციელეს, რაც დაგეგმილი იყო და ამ იმაში იქნება შიმშილობა გამოგვადგესო და სად უნდა ვილაპარაკოთ, რა თემაზე ვილაპარაკოთ?.. მაგათთვის დაიკეტა ეს თემა, ვერ წამოგყვება, ვერ დაგელაპარაკება“.

გია ვოლსკის განცხადებით, "ყველაფერი, რაც აინტერესებს დღეს რუსეთის ფედერაციას, ეს არის დესტაბილიზაცია იმ რეგიონში, რომელიც შეიძლება ნატოს პლატფორმად იქცეს

...ფაქტობრივად მსოფლიო ომია და საქართველო არის ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელობის სეგმენტი ამ ფრონტის ხაზზე. ასე თუ არ შევხედეთ სიტუაციას, ვერ მიხვდებით სად არის მავნებლობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტი პარტია უშვებს ამ ვითარებაში, ცდილობს რა დესტაბილიზაცია მოახდინოს".

ფრაქციის "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც რუსეთის მიერ ნატოს შემდგომი გაფართოებისა და ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის მოსპობას მოითხოვს, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს:

"რუსული თემის ექსპლოატაცია მიმდინარეობს და შემოტანილია განცხადება არა იმიტომ, რომ მართლა აღელვებს და დარწმუნებულია, რომ ამ განცხადებით პრობლემა მოგვარდება, არამედ იმიტომ, რომ მერე შენ გითხრას, მე რომ ასეთი მკაცრი პოზიციით გამოვედი და ამ განცხადებას მხარს არ უჭერ ან დროულად არ ღებულობო".

შეკითხვას "3+3"-ის ფორმატის რაობასა და მის მიმართ საქართველოს ოფიციალურ პოზიციაზე, გია ვოლსკი ასე პასუხობს:

"3+3 ომის ნაწილია... გუშინ თუ გუშინწინ აზერბაიჯანელები და სომხები შეთანხმდნენ რკინიგზის გაკეთებაზე... არ უნდა ჩავერთოთ... კიდევ პრიმიტიულია მარტო იმის თქმა, რომ არ უნდა ჩავერთოთ. იქ თურქეთის ჩართულობაც კი მხოლოდ იმითია გაპირობებული, რომ რუსეთმა უპირატესობა არ მოიპოვოს ამ სომხურ-აზერბაიჯანული მოგვარების თემაში, რადგან რუსეთმა განაპირობა ომი, ამან განაპირობა რუსეთის ახალი ბაზის შექმნა და ამ პერსპექტივაში უნდა ვუყუროთ საკითხს და არა ისე, რომ თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი ზიან გაღიმებულები, ტაშს უკრავენ და საქართველოა ამის წინააღმდეგი მხოლოდ. ერთადერთი ქვეყანა რეგიონში არის საქართველო, ვინც ეწინააღმედეგება ამ რუსული გეგმის ექსპლოატაციას, გაკეთებას, განვითარებას. რუსეთი სამაგიეროდ ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაციას. აი, ეს არის ფორმულა".

შეკითხვას - საკმარისად მკაფიოდ გამოხატა თუ არა საქართველომ პოზიცია ამ პლატფორმის მიმართ, როცა რუსეთში ჩატარებულ შეკრებაზე საქართველოს დროშა მაინც დადგეს, კვლავ "3+3"-ს უწოდებენ და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ჩართვის იმედს გამოხატავს, პარლამენტის ვიცესპიკერი პასუხობს:

"კი, საკმარისად გამოვხატეთ. ეს ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრება არაა. ეს არის პოლიტიკური თამაში ზედაპირზე, რომლის უკან მიდის პროცესები".

2020 წლის შემდეგ საქართველოს არ აქვს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, რაც წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და მონიტორინგის ინსტრუმენტს. რა არის ამის მიზეზი. გია ვოლსკი ასახელებს ასეთს:

"პრობლემა არის სასამართლოს თემა, რომელთან დაკავშირებითაც ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია მართებულია, ვინაიდან ის ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკურ პარტიებს შორის, საშუალებას არ იძლევა ჯანსაღი სიტუაცია შეიქმნას თუნდაც მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით.

ახლა პიროვნებებზე ჩამოდის საკითხი, რომ - იცით, რა, ესენი ჩვენს დროსაც იყვნენ, ჩვენ მათი მეშვეობით ვცდილობდით საქართველოში გადატრიალება მოგვეხდინა სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ ვინაიდან სასამართლო რევოლუციურ პროცესებს არ აჰყვა 2012-ში და მეტიც სააკაშვილის და მისი გუნდი გაასამართლა, აქედან გამომდინარე ეგ კლანია. ჩვენ დროს რომ იყო, მაშინ კლანი არ იყო. რადგან ეს სასამართლო არ ექვემდებარება იმ დიქტატს, რომელიც გვქონდა, 2012-ში დავკარგეთ", - ასე, თითქოსდა "ნაციონალური მოძრაობის" პირით ასრულებს სასამართლოს კლანზე პასუხს ვოლსკი - "სასამართლო ადრე იყო ისეთი, როგორიც უნდოდა სააკაშვილს, ახლა არის ისეთი, რომ საერთაშორისო სტანდარტებში ვართ მოწინავე ადგილზე".

- კვლავაც ცოცხალია, თუ მოკვდა 19 აპრილის შეთანხმება?

გია ვოლსკი:

"შეთანხმება როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებსაც ბოლომდე უნდა მივყვეთ და მათ შორის არის კონსტიტუციის თემა. არ შეიძლება დიქტატს ექვემდებარებოდე. დიქტატი ჰქვია გარემოებას, როცა შენ ერთი ხარ ყველაფერზე პასუხისმგებელი, აწერ ხელს, ასრულებ და მეორე მხარე ჩასაფრებულია, რომ შენ თუ რამეს შეასრულებ, შენვე ჩაგაგდებს უხერხულ მდგომარეობაში. როცა კონკრეტული პარტია, პარტიაც აღარ არის მგონი - კონკრეტული ძალა ჩასაფრებულია, ელოდება როდის დაუშვებ იმას, რომ მას მიეცეს მეტი ბერკეტი, რომ ქვეყანა არიოს".

როგორ და რატომ მიიღო "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე და რა აჩვენა მმართველმა პარტიამ ამით შეთანხმების სხვა ხელმომწერებსა და დასავლელ პარტნიორებს?

"ვაჩვენეთ, რომ არსებობს კონსტიტუცია, არსებობს საკონსტიტუციო ნორმები და ამ საკონსტიტუციო ნორმებს გავყვებით. მოვაწერეთ ხელი იმ მიზეზით, რასაც ქვია ეროვნული შეთანხმება, რომ მე და თქვენ ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას. მე ვაწერ ხელს, თქვენ არ აწერთ. ჩემს ხელმოწერას სისუსტედ მითვლით - ამის ანგაჟირებას აკეთებთ, რომ დასუსტდა მოწინააღმდეგე.

...სახელმწიფოში სიტუაცია რაც შეიქმნა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყენა იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები გაეგრძელებინა და იმიტომ გამოვედით [შეთანხმებიდან]".

- იჩენს თუ არა ინტერესს მმართველი პარტია 5-6 ივლისს ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის მიმართ?

"ამ თემასთან დაკავბშირებით პასუხს ველოდებით და მოვითხოვთ კიდევაც", - აცხადებს გია ვოლსკი და თვლის, რომ "ეს 5 ივლისის თემა, ყველაფერი რაც მოხდა, მოხდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუნდაც მმართველი პარტიის წინააღმდეგ".

პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, "ყველაფერი, ძალადობიდან დაწყებული, ძალადობის პროვოცირება - ვინც ჩაიდინა დანაშაული, უნდა მოეთხოვოთ მკაცრად პასუხი". ამასთან გია ვოლსკი აცხადებს:

"მაქვს საფუძველი, ვამტკიცებ, რომ ეს იყო სერიოზულად პროვოცირებული შეტაკება, იმ ადამიანების მიერ მოწყობილი, რომელსაც ქვია "ნაცმოძრაობა" და მასთან დაკავშირებული გარკვეული პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფები სხვადასხვა. ამაზე სპეციალური სტრატეგია იყო შემუშავებული და ყველამ, ვინც დაუშვა ძალადობა და გადაცდომა კანოინიდან, რა თქმა უნდა, იმოქმედა ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესების წინააღმდეგ".

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG