გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა ოთხშაბათს, 11 თებერვალს, საღამოს რვა საათისათვის.
ავალიანის საქმეზე ეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა იყო მას შემდეგ, რაც დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალი დაუმძიმეს და მათ წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს.
- ამასთან, გიგა ავალიანზე ძალადობა ახალი საქმის - რაც ასევე ძალადობას ეხება - ხუთ ეპიზოდს შორის ერთ-ერთია.
- პარალელურად, ავალიანის მკვლელობის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეცაა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის საფეხურზე არიან.
- პროკურატურამ ახალ საქმეში, - სადაც ძალადობის სხვა ეპიზოდებიც ფიგურირებს, - ბრალდებულებს უფრო მძიმე ბრალი 10 თებერვალს წაუყენა, მათ შორის. გიგა ავალიანის ეპიზოდზეც.
ახალ საქმეში სამივე ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა წარუდგინეს დამატებით ბრალად.
ამას გარდა, ბრალი დაუმძიმდა შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მოზარდს, რომელიც ავალიანზე თავდასხმას ტელეფონით იღებდა.
მას ახლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასაც ედავებიან - ჯგუფურად, - რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
დანარჩენი ორი ბრალის შინაარსი დემეტრე ჩიქოვანისთვის და ა.გ-სთვის გიგა ავალიანის ეპიზოდში უცვლელია, გარდა ერთისა - დაემატა ჯგუფურობის კომპონენტი, რაც ასევე დამამძიმებელი გარემოებაა.
ვის რა ედება ბრალად და რა ემუქრება - ვრცლად
საბოლოოდ, ა.გ.-ს - რომელიც ავალიანის საქმეში მთავარი მონაწილეა - ბრალად ედება:
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კიდევ ერთ არასრულწლოვან გ.რ.-ს - რომელიც ავალიანზე ძალადობას იღებდა, - ბრალად ედება:
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
დემეტრე ჩიქოვანს კი ბრალად ედება:
1. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
2. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).
მას ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებულთა პოზიცია
დემეტრე ჩიქოვანი და ა.გ. ბრალს არ აღიარებენ. გ.რ კი დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებული გ.რ.-ის ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ დაცვის მხარეს „სრულიად უკანონოდ“ მიაჩნია გიგა ავალიანის საქმის ნაწილში მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დამძიმება:
„მსგავს მექანიზმს, - როდესაც საქმე სასამართლოში არსებითად განიხილება, უეცრად იწყება პარალელური წარმოება და თან პარალელურად ხდება იმ საქმის დამძიმება, რომელიც უკვე განიხილება, - ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, - განაცხადა მან და ამას „საშიში“ უწოდა.
ამაზე პასუხად პროკურორმა ქეთი სონიძემ მოგვიანებით, სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ორმაგ ბრალდებასა“ და „ორმაგ მსჯავრს“ შორის განსხვავება არსებობს და, მართალია, კანონმდებლობით აკრძალულია ერთსა და იმავე საქმეზე ორმაგი მსჯავრდება, თუმცა არსადაა შეზღუდვა ბრალდებაზე.
მისი თქმით, კონკრეტულად მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს ორი მიზეზის გამო: „ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესია, მეორე კი ის, რომ ბრალდების მხარემ გაგვაფრთხილა ინფორმაციის გახმაურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაზე“.
„მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ თავად პროკურატურა ტელევიზიით აქვეყნებს ამ მტკიცებულებებს“, - თქვა მან.
„ჩემი შვილი [ახალ] ვიდეოებში არ არის“ - გაბაშვილი
ბრალდებული ა.გ.-ის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი ამბობს, რომ სამშაბათს გაეცნო ახალ ვიდეოებს: „ჩემი შვილი იქ არ ჩანს საერთოდ“.
„ჩვენ რაც გვაჩვენეს ვიდეოები, სახეები არ ჩანს, მაგრამ დაფარული არაა [როგორც პროკურატურის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში იყო დაფარული]“, - თქვა მან.
„რაც ჩანს, იქ ჩემი შვილი არაა და მიკვირს, რატომ ავრცელებს პროკურატურა ასეთ განცხადებებს“, - განაცხადა გაბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ერთ-ერთ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით დაადასტურა: „ლიფტში დანით ნამდვილად ჩემი შვილია“.
ამ ვიდეოში ა.გ.-ს შავტარიანი დანა უჭირავს და კამერაში, - რომელიც სავარაუდოდ მეორე ხელით თავად უჭირავს, - ამბობს: „ამას რომ დავითრევ და იმენა *^&%*!^&, უჰ“. ამ სიტყვების თქმისას დანას ნელ ტემპში ამოძრავებს.
დამატებით კითხვაზე, არის თუ არა მისი ვაჟი კიდევ ერთ სხვა ვიდეოში ის, ვისაც სისხლიანი ფეხსაცმელები აცვია, - მსხვერპლის ცემის შემდეგ, - გაბაშვილი ამბობს:
„არაა ჩემი შვილი. ფეხსაცმლით არჩევთ, ჩემი შვილია თუ არა?.. საგამოძიებო უწყებამ დაამტკიცოს და დადოს იმის მტკიცებულება, რომ სისხლიანი ფეხსაცმლით არის ჩემი შვილის. ბოლოს და ბოლოს, მე ვყიდულობ ფეხსაცმელს, ვიცი, ეს არ არის ჩემი შვილი“.
მისი თქმით, არ იცის, საიდან არის ეს ვიდეოები ამოღებული.
„ჩემი შვილი იმ ვიდეოებში არ არის, არა ტანსაცმლით, არა ხმით, არა სახით“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
„დაე, დაისაჯოს - ოღონდ ობიექტურად“ - ჩიქოვანის დედა
დემეტრე ჩიქოვანის დედამ, სოფო ძნელაძემ სასამართლოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა:
„გიგა ავალიანის საქმეზე შემიძლია იგივე გითხრათ, რასაც აქამდე ვამბობდი: დემეტრეს არავითარ [დანაშაულის] მომზადებაში, - რა ბრალიც წაუყენეს, - მონაწილეობა არ მიუღია“.
„ამისი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს კონკრეტულად იმ ბრალში“, - განაცხადა მან და დასძინა:
„ამას [ახალ ვიდეოებსა და ბრალს] რაც შეეხება, - რაშიც არის ჩემი შვილი დამნაშავე, დაე, დაისაჯოს. მე არავითარი უსამართლობის განცდა არ მექნება, - ოღონდ ობიექტურად“.
წინა დღეს მან განაცხადა, რომ მისი შვილი ახლად გავრცელებული ვიდეოებიდან მხოლოდ ერთში ფიგურირებს, „სკვერის ჩხუბში“; მისი თქმით, ჩხუბის მიზეზი არ იცის, თუმცა, რაც დაინახა, „სკვერში გოგოები, ბიჭები უამრავი ხალხია, [ჩემს შვილს] სახე დაფარული ჰქონდა (მე რაც დავინახე), მაგრამ ჩემი შვილია და ვიცანი“.
„მათი მონაწილეობა დასტურდება“ - პროკურორი
სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა ქეთი სონიძემ განაცხადა:
„თუ ობიექტურად შევხედავთ, ვნახავთ, რომ ამ ჩანაწერებში [ბრალდებულთა] იდენტიფიკაცია შესაძლებელია“.
„ამ ჩანაწერების გარდა, დაკითხულია ასობით მოწმე, ათეულობით მოწმე ადასტურებს მათს [ბრალდებულთა] მონაწილეობას“, - განაცხადა პროკურორმა.
--
- პროკურატურამ 10 თებერვალს განაცხადა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე სამივე ბრალდებული 2025 წელს დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის კიდევ ოთხ ეპიზოდში მონაწილეობდა;
- გამოძიების ვერსიით, ისინი წინასწარ შერჩეულ ადამიანებს სოციალური ქსელით, გოგონების სახელით, შეხვედრაზე იტყუებდნენ, თავს ესხმოდნენ, სცემდნენ და ძალადობის ვიდეოებს თავად იღებდნენ და ავრცელებდნენ.
- „სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?“ - ასე გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
- 2025 წლის 1 ოქტომბერს, ღამის 22:20 საათისთვის, თბილისში, თემქის დასახლებაში, სასწავლო ცენტრიდან გამოსულ ახალგაზრდა მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა.
- ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ და სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ. ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა.
- პროკურატურის ვერსიით, შუბლში მუშტის ერთი ჩარტყმით, გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა. თავდამსხმელები მიიმალნენ.
- ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის მეზობელმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს.
- მან 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- ოჯახი გამოძიებას ამ დრომდე არაეფექტურობაში ადანაშაულებდა და მოითხოვდა, რომ საქმე ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციით შეფასებულიყო.
ფორუმი