Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი იანტბელიძე: „ღია ცის ქვეშ ვვარჯიშობთ, დისტანციის დაცვით“


თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში 2020 წლის საერთაშორისო შეჯიბრებების განახლებული კალენდარი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ, უთხრა. მისივე ინფორმაციით, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება, სავარაუდოდ, კალენდარში შეიტანს მსოფლიოს ჩემპიონატსაც, რომელიც წლევანდელ გეგმაში არ შედიოდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, თითქმის სამი თვეა, სახლის პირობებში ვარჯიშობენ. ბოლო დღეებში რამდენიმე სპორტსმენი, ნაკრების დამრიგებლის ზედამხედველობით, ერთობლივ მზადებაზე გადავიდა. ოღონდ ეს საწვრთნელი პროცესიც მკაცრი შეზღუდვებით მიმდინარეობს.

- სირბილი და ღია სივრცეში ვარჯიში ბიჭებს ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებაში დაეხმარება. სრულყოფილად მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია საჭირო, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ტექნიკა-ტაქტიკაზე მუშაობას ვერ ვახერხებთ, - გვითხრა გიორგი იანტბელიძემ. - ამ ეტაპზე მთავარია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს პირველივე დღეებიდან მოყოლებული პირნათლად ვიცავთ. იმედია, იძულებითი პაუზა მალე დასრულდება.

- ახლახან გამოქვეყნდა ახალი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც საწვრთნელი პროცესის განახლებას შეძლებთ.

- პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებით პროტოკოლს, რა თქმა უნდა, გავეცანით. შევეცდებით მოსამზადებელი გეგმა ამ რეალობის გათვალისწინებით შევიმუშაოთ. სრული დატვირთვით ვარჯიშს როდის გავაგრძელებთ, ჯერ არ ვიცით. მთავარია, პროცესი იწყება.

- ჭიდაობა კონტაქტური სახეობაა და, ალბათ, გარკვეული წინაღობები საერთო შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც დარჩება...

- დარწმუნებული ვარ, როდესაც საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესი სრულად აღდგება, უსაფრთხოების ნორმებიც მაქსიმალურად იქნება დაცული.

- ნაკრების რამდენიმე წევრი ერთად უკვე ავარჯიშეთ...

- ამჟამად თბილისში მცხოვრები ხუთი-ექვსი სპორტსმენი ვარჯიშობს ჩემი ზედამხედველობით. საწვრთნელი პროცესი ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს, დისტანციის დაცვით. გუშინ ვაკის პარკში ირბინეს, დღეს - მამკოდაში. ერთობლივად ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელია.

- ტურნირები როდის განახლდება?

- ჯერ ოფიციალურად მხოლოდ ისაა გამოცხადებული, რომ ივლისამდე გასამართი ყველა შეჯიბრება გაუქმებულია - მათ შორის გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირიც. ზაფხულში დაგეგმილი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები გაურკვეველი ვადით გადაიდო. მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება ახალ კალენდარზე უკვე აქტიურად მუშაობს და, როგორც ვიცი, ახალ განრიგს ივნისის ბოლოს გამოაქვეყნებს. შეჯიბრებები, ალბათ, შემოდგომიდან გაგრძელდება და, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატიც, რომელიც წლევანდელ კალენდარში არ იყო შეტანილი. ოლიმპიურi თამაშების გამო, მსოფლიოს პირველობა 2020 წელს არ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, ოლიმპიადა 2021 წლამდე გადაიდო...

- იძულებითი პაუზა უკვე ორ თვეზე მეტია, გრძელდება. რამდენად ძნელი იქნება სპორტსმენებისთვის აქტიურ სპორტულ რეჟიმში დაბრუნება?

- მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, არ შეჩერებულან და სახლის პირობებშიც აქტიურად ვარჯიშობენ, ეს არაა საკმარისი ფორმის შესანარჩუნებლად, მაგრამ არ ვთვლი, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. როგორც კი დარბაზში დავბრუნდებით, შევიმუშავებთ ახალ მოსამზადებელ გეგმას და დარწმუნებული ვარ, ბიჭები დაკარგულს ნაბიჯ-ნაბიჯ აინაზღაურებენ.

- მოჭიდავეთა უმრავლესობას, საწვრთნელი პროცესის პარალელურად, წონის კონტროლზეც უწევთ ზრუნვა. იძულებითი პაუზა და რეჟიმიდან ამოვარდნა ამ მხრივაც ხომ არ შეუშლით ხელს?

- ნაკრების წევრები და კანდიდატები პროფესიონალები არიან. მჯერა, წონა ისე არ გაექცევათ, რომ მერე პრობლემები შეექმნათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG