Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მშვენიერაძე: „ეს არ არის ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა თავისუფლებების წინააღმდეგ“


გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი, უფლებების დამცველი გიორგი მშვენიერაძე რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობს:

რადიო თავისუფლება: გიორგი, როგორ შეაფასებთ იმას, რაც „ბასიანში“ 12 მაისს, გამთენიას მოხდა?

გიორგი მშვენიერაძე: ის, რაც წუხელ ვნახეთ და რაც დღემდე გრძელდება, აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სახელმწიფო, შესაძლებელია, იყენებდეს თავის საპოლიციო ძალას, თუ ის ბრალდებულებს აკავებს. მაგრამ წუხანდელი ფაქტი არ ყოფილა ბრალდებულების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაცია. იმ ბრალდებულებისა, რომლებსაც, თურმე, შსს სამი თვეა უთვალთვალებს და მათი დაკავების შესახებ სასამართლოს ბრძანებაც კი ჰქონია.

ეს პატარ-პატარა გალაშქრებები არის საზოგადოების იმ ნაწილის წინააღმდეგ გალაშქრება, ვისაც სწამს თავისუფლების იდეის და იბრძვის კიდევ ამ იდეისთვის.

ეს იყო თბილისის რამდენიმე მაღალი დონის ღამის კლუბის დარბევა. იმ კლუბებისა, რომელთაც სახელი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აქვთ განთქმული და თავისუფალ ცხოვრებასთან ასოცირდება.

რადიო თავისუფლება: მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში ხალხის ნაწილი მიესალმებოდა კიდეც მომხდარს...

გიორგი მშვენიერაძე: დიახ, ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანთა რაღაც ნაწილში კლუბური ცხოვრება გარყვნილებასა და გადაგვარებასთან ასოცირდება. ეს ძალიან ცუდია. თუმცა, კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ხელისუფლება ამ ხალხს თამაშში აყვა და საზოგადოებას დაანახა, რომ პარასკევ საღამოს, ასობით სპეცრაზმელით შეუძლია შევარდეს კლუბში 8 ადამიანის დასაკავებლად და ისინი სამაგალითოდ დასაჯონ. ეს დასჯა კი არის დარბევა და არა მართლმსაჯულების განხორციელება.

რადიო თავისუფლება: თქვენ არადემოკრატიული სახელმწიფო ახსენეთ, რა პარალელს გაავლებდით? რომელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გახსენებთ „ბასიანის“ სპეცოპერაცია ?

გიორგი მშვენიერაძე: იმ ქვეყნებს, სადაც ეშინიათ თავისუფლების. რადგან ეს არ არის ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა თავისუფლებების წინააღმდეგ. ეს პატარ-პატარა გალაშქრებები არის საზოგადოების იმ ნაწილის წინააღმდეგ გალაშქრება, ვისაც სწამს თავისუფლების იდეის და იბრძვის კიდევ ამ იდეისთვის.

„მორალური“ და „ზნეობრივი“ თითქოსდა „უმრავლესობის“ პოზიციიდან დანახული პოლიციელების ქცევა ძალიან საშიშია თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოებისთვის, რადგანაც არც სახელმწიფოს, არც მის რომელიმე ინსტიტუტს არ მიუნიჭებია მათთვის უფლება, გახდნენ მორალურობისა და ზნეობრიობის მცველები ამ ქვეყანაში. მათ ეს ფუნქცია იტვირთეს, როგორც იტვირთავს ხოლმე თავის თავზე არადემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG