Accessibility links

"ივანიშვილის ყველა გადაწყვეტილება არის ტაქტიკური. მისი ამოცანაა შეინარჩუნოს ძალაუფლება"


„მთავარია, გავიაზროთ რატომ და რისთვის იღებს გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“, იქ ერთი ადამიანი წყვეტს ამ ყველაფერს - ბიძინა ივანიშვილი. ყველა მისი გადაწყვეტილება, ჩემი დაკვირვებით, არის ტაქტიკური. მისი ამოცანაა შეინარჩუნოს ძალაუფლება", - ამბობს გიორგი რუხაძე.

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვე დარჩა და ჯერ კიდევ არ არის სრულად გარკვეული რა პირობებში, რა წესებით ჩატარდება ის. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის პროპორციულთან მიახლოებულ ვარიანტზე გადასვლას ითვალისწინებს ახლა საყოველთაო-სახალხო განხილვის ფაზაშია. პირველი ასეთი განხილვა 4 ივნისს გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მეორე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიით მოეწყობა. თავის მხრივ ოპოზიციაში მიმდინარეობს აქტიური პროცესი საარჩევნო ტაქტიკის განსაზღვრისთვის - იქნება ეს მაჟორიტარობის კანდიდატებზე, თუ იმაზე - არჩევნების პროცესის რა ეტაპზე უნდა იმოქმედონ მათ ერთიანი ტაქტიკით ან დამოუკიდებლად. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთ-ერთი დამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი რუხაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ჩვეულებრივი ამბავია - პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდნენ არჩევნების წინ. ეს ნორმალურია და ჯანმრთელია.

ის პროცესი, რაც ახლა ხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - ჭიდაობა, რომელშიც ჩართულია ასევე საერთაშორისო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და ვფიქრობ, თითოეული ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რადგან ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, მისი არჩევანი მაქსიმალურად იყოს ასახული იმ პროპორციაში, რომელსაც მივიღებთ პარლამენტში და შემდეგ უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

საქართველოს ისტორიაში ჯერჯერობით არ დადგა დრო, როცა ამაზე დავა აღარ იქნება.

პოლიტიკოსებისთვის ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჯერ პოლიტიკოსებმა ვერ მოახერხეს თამაშის წესებზე შეთანხმება და ახლა ვუახლოვდებით იმ მომენტს, როცა ეს შეიძლება მოხდეს. ძალიან მტკივნეულად ხდება ეს ყველაფერი.

მთავარი განსხვავება საქართველოსა და დასავლურ დემოკრატიებს შორის სწორედ ეს არის, რომ საქართველომ ჯერ ვერ მოახერხა არჩევნების კონტექსტში თამაშის წესებზე შეთანხმება, დასავლურმა დემოკრატიებმა ეს მოახერხეს.

ეს რუბიკონი თუ გადავლახეთ და მოვახერხეთ სისტემის რაც შეიძლება პროპორციულისკენ ცვლილება, საქართველო გადავა განვითარების ახალ ეტაპზე“.

რატომ მიდის ეს პროცესი ასე მტკივნეულად? რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ მუდმივად „სხვა გამოსავალი“ ეძებოს და რატომ ცდილობს ოპოზიცია წარმოაჩინოს, თითქოს ეს ცვლილებები უკვე მიღებულია?

„მთავარია, გავიაზროთ რატომ და რისთვის იღებს გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“, იქ ერთი ადამიანი წყვეტს ამ ყველაფერს - ბიძინა ივანიშვილი. ყველა მისი გადაწყვეტილება, ჩემი დაკვირვებით, არის ტაქტიკური. მისი ამოცანაა შეინარჩუნოს ძალაუფლება და შედეგად დაიცვას თავისი ფიზიკური თუ აქტივების და ა.შ. უსაფრთხოება. აქედან გამომდინარეა ყველა გადაწყვეტილება.

ერთი წლის წინ დადგა საფრთხე, რომ მას შეიძლებოდა დაეკარგა ძალაუფლება შესაძლო რიგგარეშე არჩევნების შედეგად, მძლავრი პროტესტის ფონზე, ან რევოლუციური სცენარის შედეგად და მან მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება ტაქტიკურ დონეზე. გამოვიდა და შეპირდა საზოგადოებას, რომ ერთ წელიწადში დაგეგმილი არჩევნები იქნებოდა პროპროციული წესით და იქ გადაწყვიტეთ სწორად მოვიქეცით თუ არასწორადო.

სიტყვის გატეხაც იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება, რადგან, როცა ამ სიტყვის გატეხა მოხდა, მაშინ ვითარება იყო აბსოლუტურად შეცვლილი - ივანიშვილმა დაინახა, რომ მას ძალაუფლების დაკარგვის ისეთი საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მათემატიკურად რომ დათვალეს, ნახეს, რომ პროპორციულის შემთხვევაში ძალაუფლების დაკარგვის ალბათობა დიდი იყო.

ამას მოჰყვა ახალი პროტესტების ტალღა და უპრეცედენტო ზეწოლა დასავლეთიდან. ამ ტიპის კრიტიკა საქართველოს აქამდე არ მიუღია. ეს შემიძლია თამამად გითხრათ. მან აქ უკვე დაინახა, რომ დასავლეთმა „ყურით მიათრია“ მოლაპარაკების მაგიდასთან და აიძულა იმ 8 მარტის შეთანხმებაზე მოეწერა ხელი. აქაც ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა და შეთანხმდა ამ ყველაფერზე, მაგრამ, როგორც კი დაინახა, რომ კორონავირუსი გაჩნდა, ყურადღება სხვაგან წავიდა, კვლავაც შეეცადა იგივე დონეზე ემოქმედა - ან არ შეესრულებინა ან ბოლომდე არ შეესრულებინა შეთანხმება.

ამის გაგრძელება რა არის: „ქართულ ოცნებას“ მოკავშირეებთან ერთად აქვს საკმარისი ხმები, რომ სისტემის ცვლილება მიიღოს მაშინაც კი, თუ ოპოზიცია მას მხარს არ დაუჭერს, მაგრამ მიიღებს თუ არა, დამოკიდებული იქნება იმაზე, ტაქტიკურად რა მდგომარეობა იქნება იმ დროს, როცა ამ ცვლილების მომენტი დადგება.

ოპოზიცია თვლის, რომ არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე კიდევ ერთხელ სიტყვის გატეხა პრაგმატულად კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება „ოცნებისთვის“. ოპოზიციას აქვს მიზეზი, რომ არ შევიდეს სხდომაზე. „ქართული ოცნება“ შეეცდება მიიღოს ცვლილებები, რომ აჩვენოს ოპოზიციის დესტრუქციულობა. ეს საარჩევნო პიარის ნაწილი იქნება.

მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება 8 მარტის შეთანხმება, „ოცნება“ მიიღებს ამ ცვლილებებს. ეს მას გაურთულებს ამოცანას, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში შეეცდება, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება“.

რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს:

„ოპოზიციაში არის ცალკეული ძალის მცდელობა, უკან არ დაწიოს საკუთარი პარტიის ინტერესები და მეორე მხრივ, ერთიანობა შეინარჩუნოს და კონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ბუნებრივია, არაერთგვაროვანია ეს ყველაფერი. ლეიბორისტების ოფისში მაგიდასთან ზის ძალიან ბევრი პარტია სხვადასხვა ზომისა და შინაარსის პარტია.

მე ვეთანხმები ოპოზიციის ტაქტიკას. თუ დავუშვებთ, რომ ეს სისტემა მიღებული იქნება და ის წააგავს ძალიან პროპორციულ სისტემას, პროპორციულ ნაწილში ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ითამაშონ პროპორციული თამაში და მაჟორიტარულ ნაწილში უნდა ითამაშონ ერთიანი თამაში. ეს კარგი სტრატეგიაა, თუმცა ძნელად განსახორციელებელი. თუ რომელიმე ოლქში კონკრეტული ოპოზიციური ძალა არ დააყენებს კანდიდატს, ის პროპორციული ხმების ნაწილსაც კარგავს. ამ ხმებზე უარის თქმა პოლიტიკაში არაჯანმრთელი რამ არის“.

5 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ გამოცხადებულ ინიციატივაზე („ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში კანდიდატის არდაყენების შესახებ) გიორგი რუხაძე ამბობს:

„ეს რომ არ მომხდარიყო სატელევიზიო ეთერით, არამედ დახურულ კარს მიღმა, მოლაპარაკების მაგიდასთან და შემდეგ გაეჟღერებინათ, ბევრად უფრო ჯანმრთელი და კარგი იქნებოდა ოპოზიციისთვის, მაგრამ რაც არის, ისიც მიკვირს. ოპოზიციამ აჩვენა რაღაც თვალსაზრისით, რომ ის არც ისე გაკოტრებულია, როგორც „ოცნება“ ამბობს ხოლმე. მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება, პოზიციების დაცვა, პრინციპულობის შენარჩუნება, უკეთესად მიიტანა გზავნილი დასავლელ პარტნიორებთან, ვიდრე „ოცნებამ“ გააკეთა ეს ყველაფერი“.

რას მოუტანს ამომრჩეველს საკონსტიტუციო ცვლილებები, თუკი ის განხორციელდა და საარჩევნო სისტემას მიუახლოვებს სრულად პროპორციულ სისტემას:

„პროპორციული სისტემა დასასრული კი არ არის, დასაწყისია. როცა პოლიტიკური ძალები თამაშის წესებზე შეთანხმდებიან, ეს მისცემს შედარებით მცირე ზომის პარტიებსაც პარლამენტში მოხვედრის საშუალებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს პარტიებს შორის კონკურენციას, შიდა კონკურენციას და ეს აისახება პროდუქტის ხარისხზე, რომელსაც პარტიები წარუდგენენ ამომრჩეველს.

თუ წესებზე საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა, პოლიტიკური პროდუქტი უკეთესი ვერანაირად იქნება“.

პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, ეფუძნება 8 მარტის შეთანხმებას. „დილის საუბრების“ სტუმარი მოელის, რომ დასავლეთი ბოლომდე შეეცდება ამ შეთანხმების განხორციელებას, ვინაიდან მასში დასავლეთის პასუხისმგებლობის ნაწილიც არის:

„ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ძალიან სამარცხვინოა საქართველოსთვის, როცა პოლიტიკური სპექტრი ვერ ახერხებს ელემენტარულზე შეთანხმებას და საერთაშორისო მოთამაშეების მაგიდასთან დასხდომა დასჭირდათ.

აქ პასუხისმგებლობის ერთგვარი წილი არის ბრიუსელსა და ვაშინგტონზე და დასავლეთი არ აპატიებს თავხედობას არც ერთ მხარეს, თუ ბოლომდე არ შეასრულებენ 8 მარტის შეთანხმებას. ამ შეთანხმებას რომ ორი მხარე აქვს და ეს რომ ნაწილობრივ არის შესრულებული, ყველამ იცის.

ბოლო ორი თვის განმავლობაში მოვისმინეთ ის, რაც აქამდე არასდროს უთქვამს დასავლეთს - „პოლიტიკური პატიმრები გამოუშვით ციხიდან“.

ეს ადამიანები თავიანთ სიტყვებს უკან არ წაიღებენ და ბოლომდე შეეცდებიან ზეწოლა განახორციელონ „ქართულ ოცნებაზე“. დასავლეთშიც მიხვდნენ, რომ ივანიშვილი ტაქტიკურად მოქმედებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“.

იმისდა მიუხედავად, ბოლომდე მიიყვანს, თუ არა „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, გიორგი რუხაძეს ცვლილებები გარდაუვლად ესახება:

„ახლა რომც არ მიიღონ და უხეშად გაიმარჯვოს „ქართულმა ოცნებამ“ ძველი სისტემით და დარჩეს ხელისუფლებაში, ძალიან გაუჭირდება ქვეყნის მართვა. ყოველი კრიზისი, რომელსაც კონსტიტუციურად პროპორციული არჩევნები მოჰყვება, იქნება ახალი შესაძლებლობა ოპოზიციისთვის. სასურველია ეს ყველაფერი ახლა მოხდეს, შედარებით უმტკივნეულოდ. ეს უკეთესი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ და თავად ივანიშვილისთვისაც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG