Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალური დაზავება - სურვილი და რეალობა


ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი. 19 აგვისტო, 2019 წ.
ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი. 19 აგვისტო, 2019 წ.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იმედოვნებს, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შეძლებენ დაითანხმონ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მხარი დაუჭიროს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის, 23 მარტის მოწოდებას.

გლობალური დაზავების ინიციატივას მხარს უჭერს გაეროს უშიშროების მუდმივმოქმედი ხუთი წევრიდან ოთხი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, რომელიც, მართალია, რუსეთივით სამხედროებს საზღვარგარეთ საომრად არ გზავნის, მაგრამ აქტიურად არის ჩართული დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომში, რომელსაც 14 აპრილს „ჰიბრიდული და კიბერომის შემადგენელი ნაწილი“ უწოდა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, კეი ბეილი ჰაჩისონმა.

დღეს კი ნატოს თავდაცვის მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც მსჯელობდნენ, თუ როგორ დაუპირისპირდნენ უფრო ქმედითად დასავლური ალიანსის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციის მორიგ ნაკადს.

ზავი შემართული ჩახმახის პირობებში?

15 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი უახლოეს საათებში დაელაპარაკება ვლადიმირ პუტინს და შეახსენებს მას გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივას გლობალური ზავის შესახებ, რომელსაც, მაკრონის თქმით. მხარს უჭერენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები - აშშ, ბრიტანეთი და ჩინეთი.

მოვუწოდებ ყველა მეომარ მხარეს: შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედებები, უკუაგდეთ უნდობლობა და მტრობა, შალითა ჩამოაცვით იარაღს, შეწყვიტეთ საარტილერიო სროლები და ავიაიერიშები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა შეიქმნას დერეფნები სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების მისაწოდებლად...
გაეროს გენერალური მდივანი

„ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი აუცილებლად დათანხმდება და იმავე დღეს, როდესაც იგი ამას იტყვის, ჩვენ ჩავატარებთ ვიდეოკონფერენციას და გავახმაურებთ ამ მოწოდებას საზეიმოდ, დამაჯერებლად და ეფექტიანად“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსთან (Radio France Internationale) ინტერვიუში.

რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია არც მაკრონის ამ განცხადებაზე და არც გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის, მოწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 23 მარტის მიმართვაში კონკრეტულად არ არის ნახსენები არც ერთი მეომარი მხარე და ქვეყანა, რუსეთი, როგორც სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სახელმწიფო, ღიად არის ჩართული ორ დიდ საერთაშორისო კონფლიქტში.

რუსეთი 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის სამოქალაქო ომში და მნიშვნელოვან სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს, რომელსაც საკუთარი მოსახლეობის მიმართ არაერთ სასტიკ სამხედრო დანაშაულში ედება ბრალი.

წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ბოლო კვირის ქრონიკაში ვეღარ წააწყდებით ცნობებს საომარი შეტაკებების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ დაპირისპირებული მხარეები იცავენ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მიღწეულ საზავო შეთანხმებას სირიის ყველაზე ცხელ წერტილში, პროვინცია იდლიბში.

მაგრამ არავინ იცის, თუ რამდენად დიდხანს გასტანს ეს ზავი, რადგან რუსეთი და თურქეთი კვლავ განაგრძობენ სირიაში დაპირისპირებული ძალების მხარდაჭერას.

მოსკოვი კვლავინდებურად ამარაგებს სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს, რომლებიც არ ცნობენ უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას და რუსეთის დახმარებით კონტროლს ინარჩუნებენ აღმოსავლეთ უკრაინის დიდ ტერიტორიაზე.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პარალელურად, ექვსი წლის წინ დონბასში დაწყებულ საომარ კონფლიქტს 13 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა და, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის საერთო საფრთხისა, ბოლო ცნობებით, სხვადასხვა ინტენსივობის შეტაკებები და პოზიციური სროლები აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე კვლავაც გრძელდება.

„მოვუწოდებ ყველა მეომარ მხარეს: შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედებები, უკუაგდეთ უნდობლობა და მტრობა, შალითა ჩამოაცვით იარაღს, შეწყვიტეთ საარტილერიო სროლები და ავიაიერიშები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა შეიქმნას დერეფნები სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების მისაწოდებლად, რათა შეიქმნას შესაფერისი შესაძლებლობა დიპლომატიისათვის და გაჩნდეს იმედი იმ ადგილებში, რომლებიც ყველაზე დაუცველი არიან COVID-19-ისგან“, - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მიმართვაში.

რუსეთის - ისევე როგორც ჩინეთის - დეზინფორმაციის მოქმედებაში მოყვანილი მანქანა სულ უფრო და უფრო აქტიურდება. ამოცანა უცვლელია: ნატოსა და ევროკავშირის სისუსტის “გამოაშკარავება”...
თინათინ ხიდაშელი

იარაღის დაშალითებასა და ჩახმახის დაშვებას პოლიტიკური ნების შემთხვევაში წამები სჭირდება, მაგრამ ასეთი ნება აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს.

„მარტში რუსეთიდან დონბასში შეიტანეს 30 ვაგონი საბრძოლო მასალა და ტყვია-წამალი, აპრილის დასაწყისში კი - ჯერ ორი ვაგონი. სროლების ინტენსიურობაც იგივეა“, - აცნობა უკრაინის მთავარი სამხედრო დაზვერვის წყარომ საიტ „დონბას რეალიის“.

ამ ფონზე პოზიტიურად გამოიყურება კიევსა და დონბასელ სეპარატისტებს შორის მიღწეული შეთანხება პატიმართა მორიგი გაცვლის შესახებ, რაც 16 აპრილს უნდა გაიმართოს.

ვინ ადგენს დღის წესრიგს

შეიარაღებულ კონფლიქტზე კიდევ უფრო ძნელი შესაჩერებელია საინფორმაციო ომი, რომელსაც რუსეთი, ჩინეთი და სხვა აქტორები სოციალურ ქსელებში ე.წ. ბოტების, ტროლებისა და ყალბი ექაუნთების საშუალებით მიზანმიმართულად ეწევიან დასავლური ინსტიტუტების, ნატოსა და ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზნით.

სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემია, რომელსაც გაეროს გენერალურმა მდივანმა „კაცობრიობის საერთო ოჯახის საერთო მტერი“ უწოდა, არ აღმოჩნდა ისეთი არგუმენტი, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ ძალებს ხელს ააღებინებდა დეზინფორმაციის გავრცელებაზე, თუნდაც ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ იყენებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები პანდემიას ყალბი და საზიანო ხმების გასავრცელებლად, და ცდილობენ ჩვენს რიგებში განხეთქილების შეტანას...
იენს სტოლტენბერგი

„რუსეთის - ისევე როგორც ჩინეთის - დეზინფორმაციის მოქმედებაში მოყვანილი მანქანა სულ უფრო და უფრო აქტიურდება. ამოცანა უცვლელია: ნატოსა და ევროკავშირის სისუსტის “გამოაშკარავება”, ერთიანობის ბზარების გაფართოება და, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, დასუსტება“, - უთხრა თინათინ ხიდაშელმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა და საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რადიო თავისუფლებას.

მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო მედიამ მოსკოვის მიერ იტალიისათვის კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად გაღებული დახმარებაც, საბოლოო ჯამში, პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა, რათა ეჩვენებინა, თითქოს ევროკავშირმა იტალია გასაჭირის ჟამს მიატოვა, ხოლო რუსეთი დაუყოვნებლად გაემგზავრა „კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის იტალიური ფრონტის ხაზზე“.

„ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ იყენებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები პანდემიას ყალბი და საზიანო ხმების გასავრცელებლად, და ცდილობენ ჩვენს რიგებში განხეთქილების შეტანას. ამიტომ მოკავშირეებმა უნდა ითანამშრომლონ მჭიდროდ, რათა დაადგინონ, გააკონტროლონ და გამოაააშკარაონ მათი ეს ძალისხმევა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 14 აპრილს, ვიდეოპრესკონფერენციის დროს, რომელიც წინ უძღოდა ალიანსის თავდაცვის მინისტრთა ხუთშაბათის დისტანციურ მინისტერიალს.

მაგრამ რა ინსტრუმენტები აქვთ ნატოსა და ევროკავშირს, რომლებიც, როგორც დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, ყველა წესისა და პროცედურის დაცვით მოქმედებენ, ისეთი აქტორების მიმართ, რომლებიც მიჩვეული არიან ბრძოლას წესების გარეშე?

ადრე ასეთი კრიტიკული მომენტები ნატოს გაფართოების საწინდარი იყო. იქნებ ახლაც სწორედ ის მომენტი დადგა? ნატომ და ევროკავშირმა რუსეთს ქმედებით უნდა აჩვენონ, რომ სწორედ ისინი არიან დღის წესრიგის დამდგენნი.
თინათინ ხიდაშელი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, დარწმუნებულია, რომ „ღია და გამჭვირვალე მედია საუკეთესო ბურჯია პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ".

ამას გარდა, დღითი დღე იზრდება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მოკავშირეებისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად.

„კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის“ (EADRCC) მექანიზმის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება მიიღეს ესპანეთმა, იტალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა, ალიანსის ახალმა წევრმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, და სულ ბოლოს - წევრობის კანდიდატმა ბოსნია-ჰერცეგოვინამ.

ამ დახმარების მოლოდინში არიან უკრაინა და საქართველოც, რომელმაც COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საჭირო აღჭურვილობით დახმარებისათვის 3 აპრილს მიმართა (EADRCC)-ს.

მაგრამ საქართველო ნატოსგან სხვა, უფრო არსებითი, დახმარების მოლოდინშია. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შესასრულებელი აქვს ის პირობა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას მისცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს ნატოს რიგებში მათ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

არავინ ფიქრობდა, რომ ისეთ დროს, როგორიც ახლაა, ჩვენი მოწინააღმდეგეები შეეცდებოდნენ ჩვენს რიგებში განხეთქილების შეტანას, მაგრამ მათ ეს გააკეთეს და თან გაავრცელეს სიცრუე, თითქოს ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას...
კეი ბეილი ჰაჩისონი

„საჭიროა მეტი ინვესტიცია მედეგობისა და ერთობის შენარჩუნებისთვის, პარტნიორების წახალისებისა და დახმარებისთვის.

ადრე ასეთი კრიტიკული მომენტები ნატოს გაფართოების საწინდარი იყო. იქნებ ახლაც სწორედ ის მომენტი დადგა? ნატომ და ევროკავშირმა რუსეთს ქმედებით უნდა აჩვენონ, რომ სწორედ ისინი არიან დღის წესრიგის დამდგენნი“, - ამბობს თინათინ ხიდაშელი.

რუსეთისა და ჩინეთის დეზინფორმაციის მიმართ უფრო აქტიური საპასუხო ნაბიჯების მომხრეა აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში, კეი ბეილი ჰაჩისონი, რომელიც მოუწოდებს ყველა მოკავშირეს დეზინფორმაციას დაუპირისპირდნენ ფაქტებით და მომავალში უკეთ იხელმძღვანელონ მიღებული გამოცდილებით.

„არავინ ფიქრობდა, რომ ისეთ დროს, როგორიც ახლაა, ჩვენი მოწინააღმდეგეები შეეცდებოდნენ ჩვენს რიგებში განხეთქილების შეტანას, მაგრამ მათ ეს გააკეთეს და თან გაავრცელეს სიცრუე, თითქოს ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას. ისინი იტყუებოდნენ, თითქოს ეს ვირუსი ხან ევროპაში წარმოიშვა, ხან აშშ-ში, რაც იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რომელი საშუალებით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია. ყველაფერი ეს ტყუილია და ჩვენ ვცდილობთ მათ ფაქტებით დავუპირისპირდეთ. ყველაფერი ეს არის ჰიბრიდული და კიბერომის ნაწილი, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალს ალიანსის შიგნით. ეს არის არა მხოლოდ ჩვენ შორის უთანხმოების ჩამოგდების, არამედ ჩვენი ლიდერობის გაუფასურების მცდელობა იმ დროს, როდესაც ჩვენი მოსახლეობა ჩვენი ხელმძღვანელობით მოელის იმ დახმარებისა და მფარველობის მიღებას, რასაც ის ჩვენგან საჭიროებს“, - განაცხადა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, კეი ბეილი ჰაჩისონმა.

კორონავირუსის პანდემიისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები იდგა 15 აპრილს ნატოს თავდაცვის მინისტრთა უკვე ტრადიციულად ქცეული ვიდეოკონფერენციის დღის წესრიგშიც. შევთანხმდით, რომ ძალზე მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სუბიექტების მხრიდან მომდინარე მზარდი დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედება, მჭიდრო კონტაქტში მუშაობით სიცრუის გამოვლინება და მხილება, - აღნიშნულია დისტანციურად გამართული მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG