Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი „პარაზიტები“ საქართველოში


გოგი გვახარია სამხრეთკორეულ ფილმზე „არჩევანის გარეშე“
გოგი გვახარია სამხრეთკორეულ ფილმზე „არჩევანის გარეშე“

საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ „ოსკარის“ საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმის ნომინაციაზე წარდგენილ პარკ ჩან-ვუკის თრილერს „არჩევანის გარეშე“, რომლის პრემიერა წელს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოეწყო.

„არჩევანის გარეშე“ (2025, სამხრეთი კორეა, რეჟისორი პარკ ჩან-ვუკი)

ეს კორეული ფილმის „გილიოტინის“ რიმეიკია, თავისუფალი ინტერპრეტაცია ფრანგი რეჟისორის „შავი კომედიისა“, რომელიც 2004 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

პარკ ჩან-ვუკმა ფილმის შექმნას 20 წელიწადი მოანდომა. როგორც ამბობენ, პროექტს პრობლემა შეუქმნა თავად კოსტა-გავრასმა, რომელიც ამერიკელი მწერლის, დონალდ უესტლეიკის წიგნის ეკრანიზაციის უფლებას ფლობდა. გაუგებარია, რატომ უწევდა წინააღმდეგობას კოსტა-გავრასი. ფაქტია, კორეული ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კინოს მოყვარულები დაინტერესდნენ 20 წლის წინ გადაღებული ფრანგული ფილმით, რომლის პრემიერამ იმხანად სრულიად შეუმჩნევლად ჩაიარა.

„არჩევანის გარეშეს“ მთავარი გმირი, ქაღალდის ინდუსტრიის ინჟინერი და ოჯახის კაცი, სახელად იუ მან-სუ, ერთ დღეს უმუშევარი რჩება. სტაბილურობა, მუდმივი შემოსავალი მისი ცხოვრების წესს განსაზღვრავდა... ახლა ყველაფერი დაენგრა. სასოწარკვეთილი კაცი შურისძიებას გადაწყვეტს - შეადგენს კონკურენტების სიას და მათ ერთიმეორის მიყოლებით გაუსწორდება. იუ მან-სუს მიზანია, როგორმე დაიბრუნოს თავი იმ სისტემაში, რომელმაც ჯერ მშვიდ ცხოვრებას მიაჩვია, შემდეგ კი განდევნა, როგორც „ზედმეტი კაცი“.

პარკ ჩან-ვუკის შემოქმედება ვისაც გიყვართ, ხვდებით, ალბათ, რამ განაპირობა მისი დაინტერესება კოსტა-გავრასის ფილმით. ბურჟუაზიული ოჯახი, უფრო სწორად, საშუალო კლასის სახლი კორეელ რეჟისორთან ყოველთვის სიმბოლოა საზოგადოებისა, რომელსაც მიღწეული პრივილეგიების ტყვეობა ავადმყოფურ შიშსა და პანიკაში აცხოვრებს - პრივილეგიის დაკარგვა აქ სიცარიელეში აღმოჩენას ნიშნავს. ადამიანი, რომელიც თავისი სოციალური როლის დაკარგვას ვერ ეგუება, პარკ ჩან-ვუკთან ერთდროულად სასაცილოა და საცოდავი, საშიში და საბრალო... არსებითად, ზუსტად ასეთია ფრანგული „გილიოტინის“ პროტაგონისტიც. ოღონდ განსხვავება ამ ორი ავტორის სტილს შორის მაინც თვალსაჩინოა - კორეელი სოციალურ სატირას სისხლით აზავებს. მისთვის მნიშვნელოვანია, შურისძიების თავგადასავალი იყოს არა მარტო დაძაბული (კოსტა-გავრასი მინიმალური ხერხებით აღწევს „სასპენსს“), არამედ სანახაობრივი, მასშტაბური, შეიძლება ითქვას, „გრანდიოზული“, როდესაც უბრალოდ სისხლს და ძალადობას კი არ ვხედავთ ეკრანზე, არამედ სისხლის ჩანჩქერებს და სისასტიკეს, რომელიც მაყურებელსაც კი „ატკენს“.

საშუალო დონის მენეჯერის ტრაგიკომიკური თავგადასავალი, ამბავი მეოჯახე კაცისა, რომელიც თავის მცენარეებს აღმერთებს, მაგრამ სოციალური როლის შენარჩუნებისთვის მზადაა გადაიქცეს სასტიკ ჯალათად, კორეელი რეჟისორისთვის არაჩვეულებრივი სიუჟეტია იმის საჩვენებლად, თუ... როგორ ვირტუოზულად ფლობს იგი კინოს ენას. მაგრამ თუკი თავის საუკეთესო ფილმში „წასვლის გადაწყვეტილება“ პარკის ვირტუოზული რეჟისურა გამოიხატება ამ ავტორის უნარში, წარმოადგინოს ძალადობა სისხლის გარეშე, ვნებიანი სასიყვარულო ისტორია სექსის გარეშე, ააგოს სიუჟეტი ნახევარტონებსა და ნიუანსებზე, აქ, ფილმში „არჩევანის გარეშე“ მას ნიუანსები აღარ ხიბლავს... თუ არ ჩავთვლით მთავარი როლის შემსრულებელს, კორეელ ვარსკვლავს, ლი ბიონ-ჰუნს, მის ღრმა მზერას, რომელიც ერთდროულად სევდიანი და სასაცილოა, ზუსტად ისეთი, როგორიც აქვთ ადამიანებს პარკ ჩან-ვუკის საუკეთესო ფილმებში.

„არჩევანის გარეშე“ ვენეციის ფესტივალზე პრიზის გარეშე დარჩა. ჟიურიმ, შეიძლება ითქვას, დემონსტრაციულად დაიწუნა თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური რეჟისორის ახალი ნამუშევარი, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ მისი თაყვანისმცემლები (ფაქტობრივად, მთელი 20 წელიწადი!). დაიწუნა, როგორც რიმეიკი, რომელიც ვერანაირად ვერ უტოლდება ფრანგულ ორიგინალს ვერც რეჟისურით, ვერც იუმორით, ვერც სასპენსით და, რაც მთავარია, დაიწუნა, როგორც ფაქტობრივად ახალი ვერსია ბონ ჯუნ-ჰოს „პარაზიტებისა“ - თანამედროვე კორეული კინოს ყველაზე ტიტულიანი ფილმისა, რომელშიც სოციალური უთანასწორობისა და შურისძიების თემა ორიგინალურად იყო გადაწყვეტილი, ერთგვარ ნეოსიურრეალისტურ სტილში, უსაზღვრო ირონიით ყველას, მათ შორის, „პარაზიტების“ მიმართ. „არჩევანის გარეშე“ ასევე არაა მოკლებული იუმორს, თუმცა ზოგიერთ სცენაში, სამწუხაროდ, ყველაზე იაფფასიანი „კომედი შოუს“ სტილში. მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე მაინც რჩება ხელოვნურის, გაკეთებულის შთაბეჭდილება, საკმაოდ ვულგარულად გამოხატული „იდეოლოგიური კლიშეებით“, რომლითაც საბოლოოდ მართლდება ფილმის პროტაგონისტი - „ველური კაპიტალიზმი“ უბრალოდ აიძულებს „კრავებს“, გადაიქცნენ „მგლებად“... მოძალადედ გადაქცეული მსხვერპლი და ახლა უკვე „მსხვერპლის მსხვერპლებიც“ აღიარებენ, რომ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება იმ სისტემის გარეშე, რომელმაც ისინი გამოაძევა და გააუბედურა.

პარკ ჩან-ვუკის ფილმის ვენეციური პრემიერის შემდეგ (რომელიც მთლად იღბლიანი არ გამოდგა) ბევრი რამ შეიცვალა ამ პლანეტაზე. მოახლოვდა ამერიკული „ოსკარის“ ცერემონიალი და ნომინანტებს შორის ვიხილეთ კრიტიკის მიერ ნაკლებად აღიარებული ფილმები, მათ შორის, „არჩევანის გარეშე“, რომლის მსოფლიო პრემიერას ძალიან კარგი პრესა მოჰყვა. არა, კრიტიკოსები ვერ გადავეჩვიეთ ეკრანიზაციის შედარებას ლიტერატურულ პირველწყაროსთან, ფილმის რიმეიკის შედარებას ორიგინალთან. ამას ისევ ყველა აკეთებს და ისევ ადარებენ კორეულ ფილმს კოსტა-გავრასის კამერულ დრამას. თუმცა რატომღაც არ ადარებენ დღევანდელ მსოფლიოს 20 წლის წინანდელს, როცა ფრანგმა მემარცხენე რეჟისორმა გადაიღო „გილიოტინა“ - სასტიკი კომედია კაპიტალიზმის სისასტიკის შესახებ.

დღეს ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. სისტემას ახლა ხელოვნური ინტელექტი ეუფლება და ახლა უკვე ის აკარგვინებს მშრომელ ადამიანს სამუშაოს. მანქანები ემსახურებიან მათ მფლობელებს, რომლებსაც არ ემუქრებათ ძალაუფლების დაკარგვის საშიშროება არც პროფკავშირების, არც ამბოხებული მასების მხრიდან. არ ვიცი, როგორ დაასრულებდა თავის ფილმს პარკ ჩან-ვუკი 20 წლის წინ, კოსტა-გავრასი მაშინვე რომ დათანხმებულიყო მისი ფილმის კორეულ რიმეიკზე, მაგრამ დღეს გადაღებული „არჩევანის გარეშე“ დასრულდა ზუსტად ისე, როგორც ეკადრება დიდ ხელოვანს, - თავის არცერთ ფილმში რომ არ დაუკარგავს რეალობის გრძნობა, - სისტემას შეიძლება გაუმკლავდე, კონკურენტები შეიძლება ამოხოცო, რევოლუციაც წარმატებით დაასრულო, მაგრამ როგორ უნდა გადაირჩინო თავი, როცა „პროგრესი“ გემტერება? ამაზე პასუხი არ არსებობს. ჯერჯერობით მაინც.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG