Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარუმატებელი ფილმის სიმართლე

გოგი გვახარია გვირჩევს პარასკევ საღამოს სანახავ ფილმს - „კრემლის ჯადოქარი“
გოგი გვახარია გვირჩევს პარასკევ საღამოს სანახავ ფილმს - „კრემლის ჯადოქარი“

“კრემლის ჯადოქარი”(2025, საფრანგეთი, რეჟისორი ოლივიე ასაიასი)

ინტერნეტში, პირატულ კინოსაიტებზე გამოჩნდა ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის ფილმი “კრემლის ჯადოქარი”, რომლის პრემიერა შარშან ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. მოლოდინის მიუხედავად, “კრემლის ჯადოქარი” საქართველოს კინოთეატრებში არ უჩვენეს, რაც ეჭვს აჩენს, რომ ჩვენი კინოგაქირავების სისტემა ისევ ვერ ემიჯნება ე.წ. დსთ-ის ქვეყნების გაქირავების სისტემას, ანუ, არსებითად, მოსკოვს, სადაც თავიდანვე ცხადი იყო, რომ „კრემლის ჯადოქრის“ ჩვენებას კინოთეატრებში არ დაუშვებდნენ.

არადა, ჯულიანო და ემპოლის წიგნის ამ ეკრანიზაციას რუსეთში და საქართველოში კომერციული წარმატება გარანტირებული ჰქონდა - გარდა იმისა, რომ ფილმი ყოფილი საბჭოთა კავშირის უახლეს ისტორიას ასახავს, მასში მთავარ როლებს ასრულებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჯუდ ლოუ მთლად ვლადიმირ პუტინს ასახიერებს, პოლ დანო კი ფილმის მთავარ პერსონაჟს, ვადიმ ბარანოვს, რომელიც პუტინის ყოფილი მრჩევლის, ვლადისლავ სურკოვის პროტოტიპია...

ჰო, ესაა ყველაზე ხშირად გამოთქმული პრეტენზია „კრემლის ჯადოქრის“ მიმართ: პუტინი - პუტინია, ბერეზოვსკი - ბერეზოვსკი (რომელიღაც ეპიზოდში „ბადრი პატარკაციშვილიც“ გამოჩნდება), სურკოვს კი რატომღაც სახელი შეუცვალეს. უფრო მეტიც, ფილმის შესავალში ჩართეს წარწერა: „ფილმში აღწერილი ამბები და პერსონაჟები გამოგონილია და ყოველთვის არ ასახავს სინამდვილეს“... გამოდის, რომ „გამოგონილია“ ვლადიმირ პუტინიც?

მოსალოდნელი იყო, რომ „კრემლის ჯადოქარს“ დასავლელი პრორუსი მემარცხენეები დაიწუნებდნენ. ასაიასის ფილმის პირველ ნაწილში ავტორები არ მალავენ თავიანთ სიმპათიას „პერესტროიკის“ ეპოქის მიმართ, ფილმის მთავარ გმირს, პუტინის მომავალ მრჩეველს კი გამოხატავენ როგორც განათლებულ ახალგაზრდას, რომელიც გორბაჩოვის მმართველობის ეპოქას „ბოროტების იმპერიის“ დასასრულად აღიქვამს.

მე უფრო მაკვირვებს თითქმის „ორკესტრირებული კამპანია“, რომელიც ოლივიე ასაიასის ფილმის წინააღმდეგ წამოიწყო რუსეთიდან გახიზნულმა ინტელიგენციამ. რუსულ ლიბერალურ პრესას რომ გადავხედოთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ „კრემლის ჯადოქარი“ 2025 წლის ყველაზე ცუდი ფილმია. ჯულიანო და ემპოლის წიგნის ამ ეკრანიზაციაში კრიტიკოსები ხედავენ ისტორიის პრიმიტიულ ინტერპრეტაციას და სტერეოტიპებს, რომლებიც რუსეთის შესახებ დაგროვდა დასავლეთში.

თავისთავად “კრემლის ჯადოქარი”, როგორც მხატვრული ნაწარმოები, მიუხედავად ძალიან კარგი მსახიობებისა, ცოცხალი დიალოგებისა (ეს უფრო წიგნის დამსახურებაა), ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის - საშუალო ხარისხის სერიალს ჰგავს ისტორიული ფაქტების მექანიკური დახვავებით… ინგლისურად მოსაუბრე ბერეზოვსკით, პუტინით და ბუტაფორიული “რუსეთის დეკორაციით”, რომელიც რიგაშია გადაღებული.

უფრო მეტიც, მსახიობების კარგი თამაში შეიძლება… ფილმის ნაკლადაც კი მივიჩნიოთ. მათი სურვილი, თავიდან აიცილონ სქემატურობა პერსონაჟის დახასიათებაში, გარკვეულწილად ჯალათების და კრიმინალების “გაადამიანურებით” სრულდება. ირონია და დისტანცია, რომლებსაც პოლ დანო და ჯუდ ლოუ იყენებენ თავიანთი გმირების დახასიათებისას, მაყურებლის ნაწილმა შეიძლება ვერ აღიქვას. მით უმეტეს, თუკი ისტორიულ პერსონაჟებს ფილმის მთავარ გზავნილს დაუკავშირებს… და სწორედ ეს გზავნილია, რომელმაც, ვფიქრობ, გააღიზიანა “კარგი რუსები” და რომელმაც პირადად მე ყველაზე ძალიან დამაინტერესა ოლივია ასაიასის ფილმში.

ადამიანისთვის, რომელიც რუსულ კულტურაზე გაიზარდა, ნამდვილად არაა სასიამოვნო “კრემლის ჯადოქრის” ავტორების დასკვნა - რუსული საზოგადოება ვერ ეგუება ჰორიზონტალურ მართვას და დემოკრატიას, რუსეთი თითქოს თავად მოითხოვს მართვის ვერტიკალურ მოდელს და დიქტატურას. ამ დასკვნამდე მიდის “კრემლის ჯადოქრის” პროტაგონისტი მას შემდეგ, რაც ცხადი ხდება, რომ ელცინის გუნდის ლიბერალური მმართველობა სრულიად არაორგანულია რუსული საზოგადოებისთვის.

ელცინის მემკვიდრე, ვლადიმირ პუტინი, თავდაპირველად ასევე გამოდიოდა დასავლეთთან რუსეთის ინტეგრაციის იდეით, თუმცა კრემლის ეს ახალი გუნდი ირჩევს დომინირების, ბატონისა და მონის პოლიტიკას. იმპერიულობა, დამორჩილების ვნება, ვერტიკალური კომუნიკაცია რუსეთის უახლესი ისტორიის ორგანული ნაწილი ხდება. ჯერ კიდევ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე.

ჯულიანო და ემპოლიმ, დღეს საკმაოდ პოპულარულმა მწერალმა, თავისი სადებიუტო წიგნი 2022 წელს გამოსცა. იმხანად დასავლურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ პოპულარული იყო “იდუმალებით მოცული რუსული სულის” იდეა, რომელსაც ეს წიგნი ცალსახად ეწინააღმდეგება. მაგრამ დღევანდელი ვითარების ფონზე, ვფიქრობ, უკვე არასაკმარისად.

ასაიასს უთუოდ შეეძლო დაემატებინა ფილმში უკრაინის ამბები, შეეძლო გაეგრძელებინა კრემლის ნაცრისფერი კარდინალის ბიოგრაფია და პასუხი გაეცა ერთ, მართლაც რომ რთულ კითხვაზე - რატომ გაემიჯნა პუტინი მემარჯვენე-ლიბერალურ ელიტას, რომელმაც იგი ხელისუფლებაში მოიყვანა და რატომ მიაგნო დასაყრდენს პროფაშისტურ, ნაციონალისტურ, პრობოლშევიკურ ჯგუფებში…

იმიტომ, რომ დაინახა იმპერიული რუსეთის აღდგენის სურვილი თავის ხალხში? თუ იმიტომ, რომ თავად გაუჩნდა “ახალ სტალინად” გადაქცევის მოთხოვნილება? მაგრამ ეს უკვე სხვა კინო იქნებოდა. არა “პრიალა ფილმი” ჰოლივუდის ვარსკვლავებით და დრონით გადაღებული პეიზაჟებით “მასშტაბურობის” ეფექტისთვის, არამედ დრამა ორსონ უელსის თუ ეიზენშტეინის სტილში, რასაც საშუალო ნიჭის ფრანგ რეჟისორს ნამდვილად ვერ მოვთხოვთ. თანაც, იმსახურებს კი ვლადიმირ პუტინი თავისი ბიოგრაფიის გადაქცევას სერიოზულ პოლიტიკურ დრამად?

და მაინც, „კრემლის ჯადოქარი“ 2025 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფილმად მიმაჩნია, რადგანაც, მიუხედავად ამ ზედაპირულობისა, ასაიასის პოლიტიკური ტრილერი მილიონობით ადამიანის ფიქრის თავისებური ილუსტრაციაა, ხოლო ფილმში გამოხატული კრემლის კულუარები, პროპაგანდა და ძალაუფლების თამაშები სრულ თანხვედრაშია თანამედროვე ყოფიერებასთან. „რუსეთი ცნობს მხოლოდ მმართველობის ვერტიკალურ ფორმას“ - გაისმის ეკრანიდან, რაც ძალაუნებურად დააფიქრებს მაყურებელს: სად, პლანეტის რომელ კუთხეში დაგვრჩა დღეს ჰორიზონტალური მმართველობა?

ჯულიანო და ემპოლის წიგნი და შემდეგ ასაიასის ფილმიც საკმაოდ მტკივნეულ საკითხს შეეხო: იდეას, რომ პუტინიზმი მხოლოდ ერთი ადამიანის ან ვიწრო ჯგუფის პროექტი არ არის და მას რუსულ საზოგადოებაში უფრო ღრმა ფესვები აქვს. სწორედ ეს თეზა აღიზიანებს ბევრ ემიგრირებულ რუს ინტელექტუალს. ბევრს არაფრით არ უნდა იმის დაჯერება, რომ პუტინიზმი მისი პირადი პასუხისმგებლობაცაა.

2022 წლის შემდეგ რუსულ ლიბერალურ წრეებში გავრცელებული იყო არგუმენტი: „ეს პუტინის ომია და არა რუსეთის ომი“. „კრემლის ჯადოქარი“ კი, როგორც წიგნი და მეტ-ნაკლებად ფილმიც, სხვა მიმართულებით მიდის — აჩვენებს, რომ იმპერიული ამბიციისა და „ძლიერი ხელის“ მოთხოვნა გაცილებით ფართო ფენომენია.

ამ კვირის დასაწყისში “ქართული ოცნების” დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ლევან ხაბეიშვილის “5+1 შეთანხმებას”, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ციხიდან გაავრცელა, კარგი მოწაფისგან გადაწერილი ცუდი მოწაფის წერილი უწოდა. ოლივიე ასაიასის ფილმს თუ ნახავთ, შეიძლება გაგიელვოთ აზრმა, რომ “კარგმა მოწაფეებმაც” ჩინებულად გადაიწერეს საშინაო დავალება, რომელიც წლების წინ შეადგინეს „კრემლის ჯადოქრებმა“. ამ დავალების მოკლე შინაარსი ასეთია - ვინაიდან “ჯადოქრების” წარმოდგენით ხალხი ბნელია და არ იმსახურებს ევროპულ მომავალს, ამ ხალხს შუქი უნდა ჩაუქრო და სიბნელეში აცხოვრო. ვეღარაფერს დაინახავს და ასე უფრო ადვილად დაიმორჩილებ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG