„არჩევანის წინაშე დაგვაყენეს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან პოლიციელების ნაცემი აპოლონ [პაპუნა] ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი.
მისი მონათხრობის თანახმად, პროკურატურის პირობა ასეთი იყო: საქმის მასალებს სრულად მიიღებდნენ და გაეცნობოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერდნენ ხელს. არგუმენტი - „გამოძიების ინტერესები“.
„პროკურატურის ინტერესია - ობიექტური და სამართლიანი გამოძიების მომიზეზებით - დაიდოს გაუთქმელობის ხელწერილი... წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ კანონი აძლევს შესაძლებლობას, არ გაგვაცნონ საქმის მასალები. ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე და გავაკეთეთ არჩევანი, მასალებზე წვდომის სასარგებლოდ, მოვაწერეთ ხელი გაუთქმელობას და საქმე სრულად გადმოგვეცა კიდეც...“ - ამბობს რევაზ რევაზიშვილი.
გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრეს დაზარალებულებსაც. თუ მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია საჯარო სივრცეში მოხვდება, გამავრცელებელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
რადიო თავისუფლება: ეთანხმებით პროკურატურას, მიგაჩნიათ, რომ მსგავსი რეზონანსის საქმეზე გაუთქმელობის მოთხოვნა დასაბუთებულია?
ადვოკატი: „მიმაჩნია, რომ მასალების გაუთქმელობის ინსტიტუტს, სამართლიანობის კუთხით, დამატებით რეგულაციები სჭირდება. უპირობო დისკრეცია, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს, მეტ სიცხადეს და მეტ დასაბუთებულობას მოითხოვს. ეს შეზღუდვა მხოლოდ პროკურატურის შეხედულებაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული“.
ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელების, ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ვანიკო მისირელის ადვოკატი, ივანე სამხარაძე, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მისთვის გაუთქმელობის პირობა „ჯერჯერობით“ არავის ჩამოურთმევია. მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს აღიარებენ და ინანიებენ, „სხვა არაფრის თქმა ამ ეტაპზე არ შეუძლია“.
გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერა არც ბრალდებული პატრულის, ალექსი ბადალოვის ადვოკატისთვის, ნოდარ ცინცაძისთვის არ უთხოვია პროკურატურას. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
რადიო თავისუფლებას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, რომ დაზარალებულ მხარეს „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი.
უწყებაში განმარტეს, რომ გამოძიება სწრაფად დაიწყო, სწრაფად გრძელდება და ბრალდების მხარის მთავარი ინტერესია, რომ გამოძიების პროცესი არ დაზიანდეს.
საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურას აქვს უფლება, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმის დეტალები. თუმცა ამ უფლების გამოყენებამ არ უნდა დაარღვიოს მხარეების შეჯიბრებითობა და თანასწორობა.
ძალადობის ამ საქმეზე ექვსი პოლიციელია დაკავებული. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებული პოლიციელები არიან ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე;
დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ორ ადგილობრივს: პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს. ვლადიმერ გოდერძიშვილი და ვანიკო მისირელი ბრალს აღიარებენ. ალექსი ბადალოვი - არა. სხვების პოზიცია უცნობია. პოლიციელები სასამართლო სხდომას არ დასწრებიან.
ეს ამბავი 27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ძალადობის ამსახველი კადრები გორელმა ჟურნალისტებმა ლადო ბიჭაშვილმა და გიორგი ახალკაცმა გადაიღეს და გაავრცელეს.
აღმოჩნდა, რომ ლადო ბიჭაშვილი სწორედ იმ კორპუსში ცხოვრობს, რომლის წინაც პაპუნა ლოცულაშვილს და შემდეგ მის მეგობარს - ლაშა აბისონაშვილს - პოლიციელების ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ამავე კორპუსის პირველ სართულზე აქვს ავეჯის საწარმო ლაშა აბისონაშვილს.
მისი მონათხრობის თანახმად, შესვენებაზე ბავშვობის მეგობარმა პაპუნა ლოცულაშვილმა შეუარა, „ცოტა მიირთვეს“ კიდეც, ძალადობა კი იმ დროს მოხდა, როდესაც ლოცულაშვილი საწარმოდან გავიდა სამსახურში დასაბრუნებლად.
ლაშა აბისონაშვილმა „არაადამიანური ღრიალის ხმა გაიგო“. გარეთ გასულმა კი მიწაზე დაგდებული მეგობარი დაინახა, პოლიციელებით გარშემორტყმული, რომლებიც პაპუნა ლოცულაშვილს ურტყამდნენ. ჩარევა სცადა და მას ამ დროს სცემეს.
პროკურატურა მომხდარს უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით იძიებს, პარალელურად გამოძიება გრძელდება ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგაც. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ კაცი, რომელსაც გორში, „კომბინატის დასახლებაში“, პოლიციამ სცემა, შესამოწმებლად გააჩერეს. ის კი პოლიციელებს აგრესიულად დაესხა თავს.
ამ ვერსიას უარყოფს და ვიდეოკადრებზე დაყრდნობით საპირისპიროს ამტკიცებს აპოლონ ლოცულაშვილის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი.
კადრების მიხედვით, პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციელები ორ სხვადასხვა ადგილას სცემენ წიხლებითა და ხელებით, თავში მუშტსაც ურტყამენ: ჯერ ბუჩქნარში, რომელიც გზიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული, შემდეგ ქვიან გრუნტზე. ორივე ადგილზე ლოცულაშვილს ხელები უკან აქვს შეკრული, ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ აყენებს მას ფეხზე ორი პოლიციელი, მესამე მის წინ ტელეფონით დგება, იღებს სცენას - პოლიციელი წიხლს ურტყამს კაცს. პაპუნა ლოცულაშვილი მას ხელს უბრუნებს.
არსად ჩანს, რომ ის ვინმეს ქვას ურტყამს, რაზეც შს მინისტრის მოადგილე ჰყვება. ამ დროს მას ხელები უკვე ზურგს უკან აქვს შეკრული.
„ლოცულაშვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს, მაქსიმალურად მოკლე დროში. ჩვენ გვესმის, რომ გარკვეული მტკიცებულებების მოპოვება და შეფასება აუცილებელია, მაგრამ ჩვენ დიდი ხანი ამას ვერ დაველოდებით, უახლოეს მომავალში ვაპირებთ წერილობით მივმართოთ საქართველოს პროკურატურას და მოვითხოვოთ, შეწყდეს აპოლონ ლოცულაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა“, - ამბობს ადვოკატი.
29 წლის პაპუნა ლოცულაშვილი გორში ცხოვრობს და "საქართველოს ბანკში" მუშაობს. ნასამართლები არასდროს ყოფილა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამომძიებლებმა მასთან გასაუბრება ვერ შეძლეს. აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის სხდომა, სადაც პოლიციელებს პატიმრობა შეუფარდეს, ისე ჩატარდა, რომ დაზარალებული გამოკითხული არ იყო.
ძალადობიდან მეორე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ტკივილების გამო იგი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იქამდე კლინიკა "ვივამედში" თავად მივიდა. კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ის სტაციონარში მკურნალობას არ საჭიროებდა“.
საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ცნობით კი, პაციენტმა თავად თქვა უარი სტაციონარში დარჩენაზე და გაეწერა. შეუძლოდ მოგვიანებით გახდა და ისევ კლინიკაში დააწვინეს.
ექიმების მონაყოლის თანახმად, ლოცულაშვილს
- მოტეხილი აქვს ნეკნი;
- თავზე აქვს ზედაპირული ტრავმები;
- ნაღრძობი და დაჟეჟილი აქვს სხივ-მაჯის სახსარი;
- ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.
ადვოკატი აცხადებს, რომ პაპუნა ლოცულაშვილი მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია. ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.
ლაშა აბისონაშვილის დედის, ნინო ელიკაშვილის ცნობით, მის შვილს ფეხი და თავი აქვს დაზიანებული.
„ძირს დააგდეს, პოლიციელმა თავზე ფეხიც დააბიჯა“, - ეუბნება ნინო ელიკაშვილი რადიო თავისუფლებას.
მომხდარის სავარაუდო სიუჟეტი
პაპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა, რადიო თავისუფლებას მომხდარის შესახებ ძმის მონათხრობი გაუზიარა. მასთან ინტერვიუ 29 მაისს ჩავწერეთ. პაპუნა ლოცულაშვილს მედიასთან კომუნიკაცია არ სურს. გამოძიებას კი ჩვენება უკვე მისცა.
„ჩემი ძმისგან ასე ვიცი, რომ მანქანა ფეხებში გაუჩერეს, ძალიან უხეშად. ჩემმა ძმამ რომ პასუხი გასცა, რანაირად ატარებ, ხომ არ მეჯახები, რას შვებიო? გადმოვიდნენ და გახდნენ აგრესიულები, დაუწყეს ხელების მოქნევა, რტყმა. სამნი იყვნენ, ორი გაკავებას ცდილობდა...“
პროკურატურის ცნობით [ასეა ფორმულირებული ბრალის დადგენილებაც], სამი პოლიციელი, რომლებთანაც პაპუნა ლოცულაშვილს შელაპარაკება მოუვიდა, არიან მართლწესრიგის დაცვის ოფიცრები: 21 წლის ვლადიმერ გოდერძიშვილი, 19 წლის საბა წაველიძე და 34 წლის გიორგი (ზაკო) წრკიალაშვილი.
„პოლიციელებმა შეაჩერეს პაპუნა ლოცულაშვილი... სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.... გოდერძიშვილმა დაარტყა რამდენჯერმე პაპუნა ლოცულაშვილს. წკრიალაშვილმა ფეხი დაარტყა ლოცულაშვილს და შემდეგ ხელი გაარტყა ლოცულაშვილის მეგობარს [ლაშა აბისონაშვილს]“, - თქვა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა 29 მაისს გორის რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზში, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ.
პროკურორ ნინო ზურაბიშვილის ცნობით, შელაპარაკების შემდეგ მართლწესრიგის დაცვის ოფიცრებმა პატრული გამოიძახეს, შემდეგ კი ადგილზე გორის შს სამმართველოს განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ.
გიგლა ლოცულაშვილი კი ამბობს, რომ პოლიციელების დამხმარე ჯგუფების მოსვლამდე მისმა ძმამ ადვოკატთან დარეკვა მოახერხა.
„...შემდეგ ჩემმა ძმამ ამოიღო ტელეფონი და დაურეკა "საქართველოს ბანკში" ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ ასე შვრებიან პოლიციელები და გამომიგზავნეთ ადვოკატი. ამის შემდეგ მოვიდნენ სხვა პოლიციელებიც და ყველამ ნახეთ, რაც მოხდა...მანამდე, სანამ ვიდეოების გადაღება დაიწყებოდა, მანამდე მოხდა ეს“, - ამბობს გიგლა ლოცულაშვილი.
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე კი ამტკიცებს, რომ ლოცულაშვილი პოლიციამ შესამოწმებლად შეაჩერა, ის კი არ დაემორჩილა.
- „მტკიცებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი საპოლიციო ღონისძიება ადგილზე არ მიმდინარეობდა, მინდა მჯეროდეს, რომ შს მინისტრის მოადგილე შეცდომაშია შეყვანილი“, - ამბობს საპასუხოდ ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი.
- „მშვიდობიანი კომუნიკაცია იქ არ ყოფილა პირდაპირ აგრესია იყო.. ამბობენ გადამოწმების მიზნითო.. გაჩერების მოთხოვნა ჩემი ძმის მიმართ არ ყოფილა, პირდაპირ მანქანა მიუჩერეს ფეხებში, არ გადმოსულან, არ მიუმართავთ, არ უთხოვიათ გადამოწმება როგორც პოლიციელებს.. რომ აჩერებ ადამიანს და ამოწმებ, საბუთებს სთხოვ და ასე შემდეგ, იქ იყო პირდაპირ აგრესიული მოპყრობა“, - ამბობს გიგლა ლოცულაშვილი.
- „ათრიეს [პაპუნა ლოცულაშვილი] გრუნტოვან მიწაზე - რა დაზიანებებია, ჯერ არ ვიცით, მონაცემები არაა წარმოდგენილი. რომელი საფრთხე არ არსებობს, ბატონო კოლეგებო, მომეტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე, სასჯელის სახიდან გამომდინარე? ასაკზე ვსაუბრობთ, 19 წლისააო, მაგრამ ის პოლიციელია, მათ ევალებოდათ, მაღალ მატერიებზე არ ვსაუბრობ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არ ეცემათ“, - თქვა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა.
ამ საქმეზე ერთადერთი ნეიტრალური მტკიცებულება ის ვიდეოჩანაწერია, რომელიც ჟურნალისტებმა გადაიღეს. მათ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცეს და ყველა მტკიცებულება სრულად გადასცეს.
პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული არ ჰქონდათ.
იმ დროს, როცა ვიდეო სოციალურ ქსელში აიტვირთა, პოლიციელები ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილზე იყვნენ. პაპუნა ლოცულაშვილი დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მალევე ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
„ცივი იარაღი ჰქონდა თან“, - თქვა პოლიციელმა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვები შემთხვევის ადგილზე დაუსვეს. ეს ვერსია საქმის მასალებში აღარ მოხვედრილა.
„ათასნაირ რაღაცას იგონებენ, რომ რამით გაამართლონ თავისი აბსურდული საქციელი. ერთი გამოდის და ამბობს, დანა ჰქონდაო, არ უტარებია ცხოვრებაში და არც ჰქონდა; მეორე ვერსიაც შემოგვთავაზეს, ქვა ჩაარტყაო - რა ვიცი რა გითხრათ“, - ამბობს გიგლა ლოცულაშვილი.
მომხდარი გაიხსენა კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ლაშა აბისულაშვილმაც. ის არ დაუკავებიათ:
„მე და ჩემი ძმაკაცი გვცემეს მაგრად. მანქანა "მიუშვეს" და ამას მოჰყვა შელაპარაკება - ცემეს და მე ვაშველებდი... ფეხით მიდიოდა, "პერერივზე" იყო სამსახურიდან და ფეხით მიდიოდა - რატომ მომიშვიო მანქანაო, ჰკითხა. ყვირილზე გამოვედი.. აქეთ გადმომიყვანეს, აქეთ მცემეს - სუყველა [სცემდა]. მე არ ვიცი მიზეზი, თვითონაც არ იცოდნენ მიზეზი.
გასაშველებლად მივედი - ვანეიტრალებდი სიტუაციას - ძირს ეწვინათ და მაინც სცემდნენ. მეც მაქვს დაზიანება... ეგრევე, მაგ ჩხუბის მერე გამიშვეს. არსად არ ვყოფილვარ განყოფილებაში, ჩემი ძმაკაცი არ ვიცი, ძალიან ცუდად იქნება ჩემი ძმაკაცი ალბათ, მე რა დამმართეს და წარმომიდგენია.
ვინც მოვიდა და ვინც გამოიძახეს, სულ ყველამ სცემა. ჩემი დაკავება არც უნდოდათ, ეს გაუშვითო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს - გა..ვი აქედანო. ჩემმა მეგობარმა თქვა, მანქანა მომიშვა და ხელი გამომიქნიაო. [ჩემმა მეგობარმა] მან უთხრა, „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობ, ადვოკატს დავურეკავო და მაგაზე უფრო გახდნენ აგრესიულები“.
მოგვიანებით, ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი გორის იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა სისხლის სამართლის გამოძიება მის წინააღმდეგ არ შეუწყვეტიათ.
პოლიტიკა VS სამართალი - პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახის მოთხოვნა
„ოჯახის პოზიციაა, რომ მალე მოუხსნან ბრალი, რომ შემდგომი რეაბილიტაცია მშვიდად გაიაროს“, - ამბობს გიგლა აბისულაშვილი.
დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას ელის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი. ის არც სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ეს არ იყო მხოლოდ გადაცდომა, არამედ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
„...იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, პოლიციელების სხვა თანამშრომლების ქმედება სამართლებრივად შესაფასებელია, მათ არ მიიღეს ზომები ან უმოქმედოდ იყვნენ...მინიმუმ უნდა გამოიკითხონ, ჯერ გამოძიებას ისინი არ გამოუკითხავს და თუ გამოკითხეს, მათი მონაყოლის შესახებ გაუთქმელობის გამო ხმამაღლა ვერ მოვყვები“, - ამბობს ის.
31 მაისს გიგლა ლოცულაშვილმა ძმის სახელით ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ „ძმის აზრს“ აზიარებს.
ამ პოსტის თანახმად, პაპუნა ლოცულაშვილი მიმართავს ადამიანებს, რომლებიც „ამბის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ“, თუმცა არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს:
„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი რაც მოხდა მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“, - წერია გიგლა ლოცულაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
პაპუნა ლოცულაშვილის სახელით გაზიარებული პოსტის პარალელურად, ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელიც ნაცემი კაცის ინტერესებს იცავდა. დაწერა, რომ ის აღარ არის პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი:
„დღეიდან მე აღარ ვარ პაპუნას ადვოკატი. აღნიშნული საქმის წარმოებას საქართველოს ბანკის იურისტი გააგრძელებს! მადლობა ჟურნალისტებს, მადლობა ჩემს კოლეგებს“.
პაპუნა ლოცულაშვილის სახელით გამოქვეყნებული ამ ტექსტის განმარტება ადვოკატმა რევაზ რევაზიშვილმა იტვირთა.
მისი თქმით, ლოცულაშვილის პოზიცია არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ოჯახი საზოგადოების, ჟურნალისტებისა და მედიის მხარდაჭერას არ აფასებენ. პირიქით, ისინი აცნობიერებენ, რომ ვიდეოკადრების გარეშე მათი სამართლებრივი მდგომარეობა დღეს შესაძლოა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო. „სწორედ ამიტომ, მათ მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც საქმის გახმაურებაში მონაწილეობდა“.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მათი სურვილია, რომ საქმე სამართლებრივ ჩარჩოში დარჩეს და პოლიტიკურ საკითხებს არ დაუკავშირდეს. მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და არა კერძო დავა, პროცესის პოლიტიკური კონტექსტით დატვირთვამ შესაძლოა სამართლებრივ განხილვას ხელი შეუშალოს.
„ამიტომ, ისინი ფოკუსირებულნი არიან საქმის სამართლებრივ შეფასებასა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე და არა მის პოლიტიკურ ინტერპრეტაციაზე“, - ამბობს ადვოკატი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტამდე, 28 მაისს, ლოცულაშვილის მამიდამ, ლია ლოცულაშვილმა, მისცა ინტერვიუ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს", "იმედსა" და "პოსტივის". ის პედაგოგია და გორის მე-10 სკოლაში ასწავლის. იმ მომენტისთვის პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს მოძალადე პოლიციელების დასჯის მოთხოვნით, გორის პოლიციასთან საპროტესტო აქცია ჰქონდათ დაანონსებული. ის აქციაზე არ მისულა.
„არ მჭირდება მე არც ოპოზიციის და არც არავის ჩარევა. აქ უნდა იმოქმედოს კანონმა. გუშინ ისეთი პიროვნებები შემოგვესივნენ გარშემო, რომ ვატყობ, საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სისტემა არაფერ შუაში არ არის, სისტემური რატომაა? მოხდა შემთხვევა. იმათ თავიანთ ძალაუფლებას გადააჭარბეს. მაქვს იმედი, რომ ბოლომდე იქნება გამოძიება მიყვანილი“, - თქვა ლია ლოცულაშვილმა. მის ამ პოზიციას სოციალურ ქსელში აგრესიაც მოჰყვა, კრიტიკაც და მოწონებაც.
მეორე დღეს ლია ლოცულაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „საცინად ამიგდეს... მე რა შემიძლია გავაკეთო? რა გზა მაქვს? ველოდები ხელისუფლებას.. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც კადრები გადაიღო“.
სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი აქვს გიგლა ლოცულაშვილსაც. ეთანხმება აზრს, რომ ვიდეოკადრების გარეშე მისი ძმა შესაძლოა ახლა დაკავებული ყოფილიყო. მასთან ინტერვიუ მამიდის ხმაურიანი სატელევიზიო კომენტარიდან მეორე დღეს, 29 მაისს, ჩავწერეთ.
„პატიოსანი ადამიანი რომ გაიგდეს წიხლის ქვეშ, ამიტომ მოჰყვა ასეთ რეზონანსი. მთელი ქალაქი იცნობს ჩემს ძმას, რა არ უქნეს, როგორი სიტყვებით არ მიაყენეს შეურაცხყოფა ფიზიკური, ფსიქიკური, მორალური თუ სულიერი, ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი...არანაირი პრობლემა მე და ჩემს ძმას არცერთი მთავრობის დროს პოლიციასთან არ გვქონია. ეს ქვეყანა და ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს მოპყრობას და უკეთეს ცხოვრებას ამ ქვეყანაში“, - უთხრა გიგლა ლოცულაშვილმა რადიო თავისუფლებას.
კერძო შემთხვევა თუ სისტემური დანაშაული
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. ასეთი არაერთი გამოუძიებელი საქმეა. მათ შორის 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პოლიცია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ვიდეოკამერების წინ ძალადობდა.
გორში პოლიციელების მოქალაქეზე ძალადობის ამსახველი კადრები ხელისუფლების კრიტიკოსებმა სისტემური ძალადობის გაგრძელებად და ანარეკლად მიიჩნიეს.
იყო ერთი განსხვავება - გორის შემთხვევაში, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ნანახი მალევე საჯაროდ დაგმეს და საგამოძიებო სტრუქტურებს „სწრაფი რეაგირება“ მოსთხოვეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მომხდარს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.
მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. მან დაგმო პოლიციელების კანონსაწინააღმდეგო ქმედება, განსაკუთრებით კი „არასათანადო მოპყრობის ფაქტები“.
იურისტმა ლონდა თოლორაიამ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დანაშაულებრივი „საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა“.
ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს ბევრჯერ გაიხსენეს, როგორ დააჯილდოვა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ასობით ნაცემი დემონსტრანტი აკითხავდა კლინიკებს, დაკავებულები კი ე.წ. დაკავების "მარშრუტკებსა" თუ პოლიციის განყოფილებებში ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ამორალურ ქცევასა და წამებასთან გათანაბრებულ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საჯაროდ საუბრობდნენ.
ამ თავდასხმიდან წელიწადი და ხუთი თვე ისე გავიდა, რომ ამ ხნის მანძილზე ათობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით არავინ დაუკავებიათ. მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ ნიღბების გამო მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა.
მხოლოდ 2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტზე სულ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. ამ საქმეებს გრიფით საიდუმლო დაედო, სასამართლო განხილვა კი დაიხურა.
მართალია, გაუთქმელობის ხელწერილი სხდომების დახურვას არ უკავშირდება, თუმცა არსებობს გამოცდილება, როცა გაუთქმელობის ხელწერილს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სხვადასხვა არგუმენტით, განხილვის დახურვაც მოჰყვა. მაგალითად, ე.წ. ციანიდის საქმე, გრიგოლ ლილუაშვილის საქმე, ბაჩო ახალაიას საქმე...
პროკურატურას ვკითხეთ, ხომ არ მოითხოვენ სასამართლო განხილვების დახურვას ამ საქმეზეც. „ერთმანეთთან არაფერ შუაშია“, - განგვიცხადეს უწყებაში.
ბრალდებულ პოლიციელებს სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილებაც შეუჩერდათ. პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა სასამართლო სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ პოლიციელები იყენებენ თავიანთ პროფესიულ გამოცდილებას და გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებაში არ ეხმარებიან, ანუ კოლეგების წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებას არ აძლევენ. მან ბრალდებულ პირთა წრის გაფართოება არ გამორიცხა.
არც პროკურორს და არც მოსამართლეს არ უხსენებია ქვა და პაპუნა ლოცულაშვილის მიერ ვინმეს დაზიანება.
სამაგიეროდ, ახსენა ადვოკატმა ვანო სამხარაძემ. მისი ცნობით, პოლიციელი ვლადიმერ გოდერძიშვილი, რომელსაც ის იცავს, თავი აქვს გატეხილი. მან სხდომათა დარბაზში ივარაუდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ,,დაზიანებები უნდა ჰქონდეს მიღებული აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილის მხრიდან.''
გარეთ გამოსულმა კი ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქმის მასალებს არაა გაცნობილი და არ იცის, რა ვითარებაში დაშავდა პოლიციელი.
რადიო თავისუფლებამ საქმის პროკურორს ჰკითხა, მიუთითოს ვიდეოზე ეპიზოდი, როცა, სავარაუდოდ, პაპუნა ლოცულაშვილმა პოლიციელს ქვა ჩაარტყა, როგორც ამას შს მინისტრის მოადგილე ამტკიცებს სატელევიზიო კომენტარში. პროკურორმა გამოძიების ინტერესები მოიშველია და კითხვას არ უპასუხა. თუმცა რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ამ საქმეში ერთადერთი ნეიტრალური მტკიცებულება ჟურნალისტების გადაღებული ძალადობის ამსახველი კადრებია.
„რა იქნებოდა, კადრები რომ არავის გადაეღო?“ - ამ კითხვას პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი პასუხობს: „ყველამ იცის, რომ კადრების გარეშე პაპუნა ლოცულაშვილის სამართლებრივი მდგომარეობა სრულიად განსხვავებული იქნებოდა“. თუმცა მის თავზე ამ დრომდე „ჰკიდია” სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.
ფორუმი