Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაანონსებული დესტაბილიზაცია: სიმართლე თუ თამაში სტაბილურობის მოთხოვნილებისთვის?


თუ ხელისუფლებას მოვუსმენთ, რევოლუცია და დესტაბილიზაცია სურს მის მთავარ კონკურენტ ოპოზიციურ ძალას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. და არა მხოლოდ სურს, არამედ გეგმავს კიდეც მას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს, სულ ცოტა, ორჯერ თქვა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელიც, ამავე დროს, ხელმძღვანელობს დედაქალაქში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას. ბოლოს კახა კალაძემ 12 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზეც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ “წითელ ხაზებს გადასცდა“ და რომ მათი გეგმები უკავშირდება არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს და ამ სცენარისთვის იგი ყველა ინსტრუმენტს იყენებს.

კალაძის განცხადების შემდეგ „ნაციონალების“ „რევოლუციური სცენარი“ ახსენა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თუმცა საზოგადოება იქვე დაამშვიდა, რომ ოპოზიცია ვერ ეღირსება დესტაბილიზაციასა და რევოლუციას:

„ნაცმოძრაობის ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი. ასეთiვე სცენარი ჰქონდათ მათ 2016 წელსაც, სხვა დროსაც, თუმცა ისინი ამას საქართველოში ვერ ეღირსებიან“.

კობახიძის შემდეგ იგივე გაიმეორა თითქმის მთელმა უმრავლესობამ, მათ შორის გიორგი ვოლსკიმ, დავით მათიკაშვილმა, გია ჟორჟოლიანმა, სხვებმაც.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა კონკრეტული ინფორმაცია აქვთ, რის საფუძველზე ლაპარაკობენ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე, რა იციან „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციურ გეგმებზე, უმრავლესობის წევრები გვპასუხობენ:

  • „ნაცმოძრაობა“ დესტაბილიზაციის სცენარს წერს ყველა არჩევნების წინ 2012 წლიდან.
  • „ნაციონალებმა“ იციან, რომ მეორე ტურს წააგებენ და მათთვის კრიზისი ერთადერთი გამოსავალია.
  • ეს თქვა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და მისი საპრეზიდენტო პიარკამპანიის ხელმძღვანელმა ვიტალი შკლიაროვმა.

„ვაშაძე თავისი პირით ამბობს, რომ კონსტიტუცია არაფერ შუაშია და როგორც კი ამის საშუალება მიეცემა, ხალხის მობილიზაციას ეცდება. მისი რუსული პიარბრიგადაც იგივეს ამბობს, რომ იქნება რევოლუცია“ - ეს პარლამენტის ვიცე სპიკერის, გიორგი ვოლსკის სიტყვებია.

ოპოზიცია ხელისუფლებას უწუნებს „გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამის აღქმის უნარს“.

„წარმოიდგინეთ, მე ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ არის ტროას ცხენი ან ბურიდანის ვირი. ატეხავენ ყვირილს - სახედარი გვიწოდეს! ულაყი გვიწოდეს! ცხოველებს გვადარებენ. დაახლოებით ასეთი ამბავია. რა უნდა გაიგოს იმ ადამიანმა სხვა, როცა ბრჭყალებში ჩასმული სიტყვის არ ესმის. რაც შეეხება შკლიაროვის სიტყვებს, მან თქვა, რომ „როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე, ქვეყანაში დაიწყება რევოლუციური ცვლილებებიო“. - ამ სიტყვების ავტორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს დესტაბილიზაცია აძლევს ხელს, არის მთავრობა, რომელმაც ვერ მიიღო ხმათა სასურველი რაოდენობა და ახლა ცდილობს ოპოზიციას დააბრალოს დესტაბილიზაციის მცდელობები:

„თავად აწყობთ ყველანაირი არეულობა. ხომ ნახეთ, ერთ კარავს დაესივნენ და 16 მიიღეს. ეს 16 კარავია მათი დამარცხების სიმბოლო“, - ამბობს რომან გოცირიძე.

იქნება არა დესტაბილიზაცია, არამედ მშვიდი მეორე ტური, რომელშიც ხელისუფლება დამარცხდება - ასე ამბობენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. სერგო რატიანის შეფასებით, ცოტა უჩვეულოც კია ვითარება, როცა ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი დღეს სწორედ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორია და არა ხელისუფლება.

სერგო რატიანი მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:50 0:00

მოსალოდნელი დესტაბილიზაციის და დაანონსებული რევოლუციების თემა განსაკუთრებით დამახასიათებელია წინასაარჩევნო პერიოდებისათვის ან ხელისუფლებისათვის კრიტიკულ მომენტებში.

ირაკლი კობახიძე, მაგალითად, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წინაც აცხადებდა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომ მზადდებოდა პროვოკაცია: „მთელი ჯაჭვი უნდა ყოფილიყო. გვქონდა ინფორმაცია ე.წ. პარალელური ორგანიზაციების შექმნის შესახებაც. შექმნეს კიდეც ასეთი ორგანიზაცია "საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც "ნაცმოძრაობის" გეგმები უნდა განეხორციელებინა. რაც შეეხება ფაქტებს, ერთ-ერთი სერიოზული ინციდენტი მართლაც გოგიჩაიშვილის შტაბში დაფიქსირდა“.

მაგალითად, 2014 წელს ერთ-ერთ ასეთ დესტაბილიზაციაზე მოსახლეობას აფრთხილებდა მაშინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო საბურავების მომარაგება, რომ იგეგმებოდა ე.წ. ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება და წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულთან ასოცირებული პირების მობილიზება“.

დესტაბილიზაციას, კერძოდ, რუსეთიდან მომავალ საფრთხესა და აგენტურას ხშირად ახსენებდა ხოლმე წინა ხელისუფლების პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

მისი წინამორბედი ედუარდ შევარდნაძეც ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუებში ხშირად უსვამდა ხაზს მოსალოდნელ პროვოკაციას კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან: ექსტრემისტულ, პროვოკაციულ მოწოდებათა ავტორები საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის, მიმდინარე პროცესების მიღმა დარჩებიან“...

რით აიხსნება ხელისუფლებებისთვის დამახასიათებელი ეს რიტორიკა - განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში, კონკრეტულად კი, ახლა - და, რაც მთავარია, აქვს თუ არა ამ რიტორიკას რეალური საფუძველი? ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლება ცდილობს ითამაშოს საზოგადოებაში სტაბილურობისა და სიმშვიდის მოთხოვნილებაზე მარტივი მიზნისთვის - ის ხალხიც კი, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ მათთვის ძვირფასია სიმშვიდე, გარეთ გამოიყვანოს და „საარჩევნო უბნებამდე ცხვრებივით მიყაროს“.

გადმოწერა

„მასობრივი ისტერიის კულტივირებას ახდენენ, ვირუსს ავრცელებენ საზოგადოებაში, რაც, საბოლოო ჯამში, თავად ხელისუფლებისთვის არის სახიფათო, იმიტომ რომ საზოგადოების ასეთი დათრგუნვით შესაძლოა მიიღონ ერთჯერადი შედეგი, მაგრამ შურისძიება ძალიან მწარე იქნება“.

ანალიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ელიტას დღეს გაუჭირდება პოლიტიკურ კრიზისს ღირსეულად დახვდეს. მათი მთავარი მამოძრავებელი ახლა შიშით გამოწვეული აფექტია. აფექტის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კი აღარ ფიქრობს პოლიტიკის „წითელ ხაზებზე“. გია ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკიც ამის დემონსტრირებაა. მისივე შეფასებით, დღეს ქვეყანაში არც რევოლუციური ვითარებაა და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია რევოლუციური პოტენციალი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG