Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დააპაუზე უფასოდ" სესხების გადავადებასა და ჯარიმების გაუქმებას ითხოვს


მოძრაობა „დააპაუზე უფასოდ“ მოუწოდებს ხელისუფლებას საფინანსო დაწესებულებებს აეკრძალოთ პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე ან მკვეთრად შემცირებული შემოსავლებით დარჩენილი პირებისთვის მოცემულ პერიოდში სესხებზე ვადაგადაცილების გამო ჯარიმის დარიცხვა და სამართალწარმოების დაწყება.

მოძრაობა „დააპაუზე უფასოდ“ მოუწოდებს ხელისუფლებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საკრედიტო დაწესებულებებს აეკრძალოთ პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე ან მკვეთრად შემცირებული შემოსავლებით დარჩენილი პირებისთვის მოცემულ პერიოდში სესხებზე ვადაგადაცილების გამო ჯარიმის, პირგასამტეხლოს დარიცხვა და სამართალწარმოების დაწყება და კიდევ ერთხელ გადაავადოს ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ვალდებულებები. მოძრაობის სახელით დაიწერა პეტიცია, რომელზე ხელმოწერებიც გრძელდება და რომლის ინიციატორთა განცხადებითაც, შესაბამისი გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე უნდა მიიღოს, ვიდრე მას ამის შესაძლებლობას პრეზიდენტის დეკრეტი აძლევს.

მოძრაობის - „დააპაუზე უფასოდ“ - ხელმძღვანელი მარიკა არევაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ხშირად მიწევს კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ სესხები და მათ შორის გაპრობლემებული სესხები თუ კრედიტები. შესაბამისად, ჩემთვის ნათელი იყო, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა უმუშევრობას და ამდენი ადამიანის შემოსავლების გარეშე დარჩენას.

სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივით, მალევე შევიკრიბეთ საინიციატივო ჯგუფი. გვქვია „დააპაუზე უფასოდ“. გადავწყვიტეთ ადამიანებისთვის მიგვეცა იურიდიული რჩევები, რომ ეს მძიმე ვითარება მეეტწილად შემსუბუქებოდათ, რადგან პანდემიამ და შემდგომ უკვე პრეზიდენტის დეკრეტით გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ შექმნა ფორსმაჟორული ვითარება ქვეყანაში. ფორსმაჟორი კი არის მდგომარეობა, როცა მხარეებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შეუძლებელი ხდება ვალდებულების შესრულება და შესაბამისად, ეს გარემოება იძლევა ვადამოსული ვალდებულებების, მათ შორის სესხების და კრედიტების გადავადების შესაძლებლობას.

ბანკებმა, მართალია გადაავადეს კრედიტები, თუმცა მათ ერიცხება პროცენტი და ვადდება დროში. ერთი მხრივ, ეს არის დამატებითი ტვირთი მსესხებლისთვის, მეორე მხრივ გარკვეულწილად არის შეღავათი, ვინაიდან თუ არ მოხდებოდა ეს გადავადება ამ პერიოდში, ადამიანები მაინც ვერ შეიტანდნენ თანხას და იმდენად ბევრი პირგასამტეხლო დაერიცხებოდათ და ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგებოდნენ, რომ ეს პროცესი შეიძლება შეღავათად ჩაითვალოს.

...რომ არა ეს სქემა, ნამდვილად შეეძლოთ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი,უკვე ფორსმაჟორზე დაყრდნობით ინდივიდუალურად მიემართათ და გადაევადებინათ შეიძლება იმ პროცენტის გარეშეც, რადგან ფორსმაჟორი ან ხელშეკრულებით რეგულირდება ზოგადად, ან სასამართლო პრაქტიკა არეგულირებს, რადგან კონკრეტულად ფორსმაჟორზე მუხლები არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში. შესაბამისად, შეიძლება უკეთესი შედეგიც დამდგარიყო მსესხებლებისთვის. ალბათ, გარკვეულწილად ბანკების მხრიდანაც ამიტომ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული, რომ ფორსმაჟორით უფრო მეტი ურპოცენტო გადავადება არ მომხდარიყო ვიდრე ამ შეღავათებით“.

მარიკა არევაძე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ისეთ ფინანსურ ორგანიზაციებზე, როგორებიცაა: ონლაინ საკრედიტო დაწესებულებები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები:

“მათ არ გაითვალისწინეს არც ფორსმაჟორი, არც შექმნილი ვითარება, სრულიად უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ და ადამიანებს არათუ უვადებენ, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოებს არიცხავენ. სწორედ აქ ვეხმარებით ჩვენ მსესხებლებს.

როცა დავიწყეთ საქმიანობა, უფასო კონსულტაციებს ვუწევდით, თუმცა დღესდღეობით „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, გვაქვს შესაძლებლობა მათ ასევე მოვუმზადოთ დოკუმენტები. ამას ვაკეთებთ თბილისის მასშტაბით. საქართველოს მასშტაბით კი ნებისმიერ მოქალაქეს ვუწევთ დეტალურ კონსლუტაციას იმისათვის, რომ თუნდაც ეს ფორსმაჟორის გარემოება გამოიყენონ თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ადამიანებს აქვთ ვადაგადაცილებული სესხები (მიკროსაფინანსოებში, საკრედიტოებსა და ლომბარდებში), რომლებსაც პირგასამტეხლოები ერიცხება, ანუ უკვე არის პრობლემა. ჩვენი ჩართულობით და სწორი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმით, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ პირგასამტეხლოებისგან გათავისუფლდნენ, წავიდნენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე და თუ ეს არ გაამართლებს, უკვე სასამართლო ეტაპზე ჩვენს მიერ მომზადებული წერილები და დოკუმენტები გამოადგებათ მტკიცებულებად. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა“.

რა არის მოძრაობის „დააპაუზე უფასოდ“ მიერ მომზადებული პეტიციის არსი:

„საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის დეკრეტში არის ერთი მუხლი, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, ჩაერიოს კერძო სექტორის საქმიანობაში, რაც ჩვეულებრივ დროს არ არის დასაშვები. ეს ონლაინ საკრედიტო დაწესებულებები, მიკროსაფინანსოები, ბანკები, ლომბარდები არის კერძო ბიზნესი. დღესდღეობით, ჯერ კიდევ, 22 მაისამდე მთავრობას აქვს ბერკეტი მიიღოს გადაწყვეტილება მოსახლეობის სასარგებლოდ და დაიცვას ადამიანები ძალიან დიდი პრობლემებისგან. საკმაოდ მაღალი მომართვიანობა გვაქვს ამ საკითხებზე. წარმოუდგენელ ისტორიებს გვიყვებიან.

სწორედ ამიტომ შევქმენით პეტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომლითაც ამ პერიოდში ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების, ლომბარდების და მიკროების მხრიდან დარიცხული პირგასამტეხლოები საერთოდ მოეხსნათ ადამიანებს და სესხები და კრედიტები კვლავ გადავადდეს. ყველას, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, ვთხოვ მოაწეროს ხელი, რადგან ეს პეტიცია დროულად თუ არ შეივსო, 22 მაისის შემდეგ ამას აზრი აღარ ექნება, რადგან ეს ბერკეტი ან იარსებებს ან არა“.

მარიკა არევაძის თქმით, მის შვიდკაციან ჯგუფს დღეში 40-60 ადამიანი მიმართავს, რომლებიც ძალიან წუხან ვადაგადაცილებული სესხების დაუფარაობით გამოწვეული პრობლემების გამო. „დილის საუბრების“ სტუმარი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბანკების მიერ დაწესებული გადავადება ივნისიდან იწურება. იმათთვის კი, ვისაც პანდემიის გამო შეუწყდა ან მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი, მდგომარეობა არ შეცვლილა:

„არ აქვთ შემოსავალი და არ იციან რა ქნან. ბუნებრივია, რომ ხელახლა უნდა გადავადდეს. დამისახელებთ დაწესებულებას, რომელიც ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ადამიანებს დაუბრუნდათ შემოსავალი?“

მარიკა არევაძისთვის სრულიად ცხადია, რომ ვალი უნდა დაბრუნდეს, უბრალოდ, ამისთვის საჭიროა უკეთესი შესაძლებლობის შექმნა და შექმნილ ვითარებაში მსესხებლებისთვის ტვირთის გაზრდით ვითარება მხოლოდ გაუარესდება:

„ვალი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, მაგრამ უნდა დაბრუნდეს შესაძლებლობების ფარგლებში. ყველა, ვინც დღეს პრობლემის წინაშე დადგა, კეთილსინდისიერი გადამხდელი იყო და მათგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზით და აბსოლუტურად მოულოდნელად დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რა ქნან ამ ადამიანებმა? მათ დაცვა სჭირდებათ.

ეს ადამიანები ვალებს ვერ გადაიხდიან, დადგება დრო - წავლენ სასამართლოში. სასამართლო კიდევ დამატებითი ხარჯი, ნერვიულობა და სტრესია. დროში გაწელილი პროცესია, რომელსაც ცალკე ხარჯები ახლავს და პლუს იმ ნაწილში, როცა წააგებენ მსესხებლები, ბაჟის გადახდის ტვირთიც მათ ეკისრებათ. ანუ უფრო და უფრო უარესდება მათი მდგომარეობა. გვინდა კიდევ მეტი უსახლკარო ადამიანები?

რა ქნან თუ თავი არ დაიცვეს და სახელმწიფომ არ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება?

ჩვენი ღონისძიებებით არავის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას არ ვაპირებთ. პირიქით, გვინდა, რომ ეს ინტერესი გადავარჩინოთ. სესხები თუ არ გადავადდება, ამ დაწესებულებებში მაინც არ შევა თანხა. ადამიანები, რომლებსაც აღარ აქვთ შემოსავალი, მაინც ვერ გადაიხდიან. გაპრობლემებული აქტივით მეტი ზიანი მიადგება ამ დაწესებულებებს, ვიდრე დღეს მცირე ვადით გადავადებით“.

საუბრის დასასრულს მარიკა არევაძე ერთ რჩევას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ, თუ ამა თუ იმ უწყებიდან, მაგალითად, სასამართლოდან დოკუმენტს არ ჩაიბარებენ, ამით გართულებებს აიცილებენ თავიდან:

„ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, თუ რაიმე დოკუმენტი მისდით, არ უნდა ჩაიბარონ და ეს არჩაბარება გადაარჩენთ.

მინდა, ყველას გირჩიოთ: პირიქით, ჩაიბარეთ დოკუმენტი, ნახეთ რა არის და სწორად ჩაერთეთ პროცესში, რადგან თუ ეს არის სასამართლო სარჩელი და რამდენჯერმე არ ჩაიბარებთ, მერე გამოცხადდება საჯაროდ. დადგება დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც წაგერთმევათ შესაძლებლობა თუნდაც პირგასამტეხლოების ნაწილში შეედაოთ, ანუ თუ რამე გადახდილი გაქვთ და მაინც გთხოვენ, ამ ნაწილში შეედაოთ. ართმევთ საკუთარ თავს იმის შესაძლებლობას, რომ უკეთესი შედეგით დაასრულოთ დავა.

ჩაიბარეთ და დაიცავით დოკუმენტების წარდგენის ვადები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG