Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგროვებითი პენსია - უპირატესობა და სკეფსისი


2019 წლიდან ძალაში შედის კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. რუსთაველების ერთი ნაწილი უნდობლობას ავლენს საპენსიო რეფორმის მიმართ,ზოგს საერთოდ არ სმენია, ზოგსაც მოსწონს, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე დაგროვებითი პენსია არ იმუშავებს, მისი ბუნდოვანებისა და ძველი გამოცდილების გამო.

გადმოწერა
ესე იგი თქვენ განკარგვადი შემოსავლიდან დათმეთ 16 ლარი და ანგარიშზე გაგიჩნდათ 60 ლარი. ეს რომ დათვალოთ, გამოდის 260 პროცენტი მომენტალური ურისკო ამონაგები ინვესტიცია.
ლევან სურგულაძე

საპენსიო რეფორმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საპენსიო სააგენტომ“ უნდა განახორციელოს. კანონის თანახმად, სწორედ სააგენტოს ფონდში დაგროვდება დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს მიერ შეტანილი თანხა. დასაქმებული მოქალაქე საპენსიო ფონდში ყოველთვიურად შეიტანს დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტს, 2-2 პროცენტს შეიტანენ დამსაქმებელი და სახელმწიფოც. კანონი სავალდებულოდ ვრცელდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებზე, 40 წლის ზემოთ კი ნებაყოფლობითია. „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა ლევან სურგულაძემ დაგროვებითი პენსიის უპირატესობაზე რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრა, რის შემდეგაც დახლოებით ორი საათის განმავლობაში პასუხობდა მოქალაქეთა შეკითხვებს. მათი ნაწილი ეჭვსაც გამოთქვამდა.

„ამ ასი ლარის ღირებულება 30 წლის მერე ნამდვილად აღარ იქნება, თუ გავითვალისწინებთ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს აქვს, შეიძლება 10 ლარიც აღარ იყოს. და რა გარანტია მაქვს? ხომ მირჩევნია გადავიყვანო უცხოურ ვალუტაში, დავზოგო ბანკში, თუნდაც ანაბრის სახით ან კერძო საკუთრების სახით?“

იკითხა ერთ-ერთმა დამსწრემ, რომელიც ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი აღმოჩნდა. მას „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა ლევან სურგულაძემ განუმარტა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, დასაქმებულისთვის დარიცხული ხელფასი 1000 ლარია და გადაწყვეტს საპენსიო თანხის დაგროვებას:

„16 ლარი ეს არის ის განკარგვადი შემოსავალი, რომელიც დღეს დათმეთ და ამის სანაცვლოდ თქვენს [საპენსიო] ანგარიშზე, ამ 16 ლარის სანაცვლოდ გაჩნდა 20 ლარი. ამ 20 ლარს დაემატა კიდევ 20 ლარი, რომელიც დადო თქვენმა დამსაქმებელმა, და მას კიდევ დაემატა 20 ლარი, რომელიც დადო სახელმწიფომ. ესე იგი თქვენ განკარგვადი შემოსავლიდან დათმეთ 16 ლარი და ანგარიშზე გაგიჩნდათ 60 ლარი. ეს რომ დათვალოთ, გამოდის 260 პროცენტი მომენტალური ურისკო ამონაგები ინვესტიცია“.

საპენსიო რეფორმის განხილვა
საპენსიო რეფორმის განხილვა

ლევან სურგულაძის თქმით, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს პროგნოზით, ერთ წელიწადში საპენსიო ფონდში 1,5 მილიარდი ლარი დაგროვდება, 5 წელიწადში კი ეს თანხა მიაღწევს 5 მილიარდს, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტში დააბანდებენ.

„საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა მოიაზრებს არა მხოლოდ დამოუკიდებელ საინვესტიციო საბჭოს და მის ქვესტრუქტურას, არამედ მეორე მხარეს იქნება ასევე სრულიად დამოუკიდებელი და იგივე მაღალი ლეგიტიმაციის რისკის კონტროლის სამსახური, რომელსაც ეყოლება თავისი საბჭო, იქნება მთავარი რისკის ოფიცერი, იქნება რისკის სამსახური. გააკეთებენ ყოველდღიურად ყოველი ტრანზაქციისთვის რისკების მონიტორინგს, რისკების აღმოჩენას, მათ შეფასებას, დათვლას, აგრეგირებას“.

პირადად ჩემთვის ყოველი კაპიკი მნიშვნელოვანია. ხელფასები დაბალია, გადასახადები მაღალია, ინფლაციის გამო ყველაფერი გაძვირდა და ის [დაუბეგრავი შემოსავლის] 2 პროცენტიც კი ტვირთად აწვება ადამიანს, როცა კომუნალური გადასახადები იზრდება, შემოსავლები კი არ იზრდება.

ლევან სურგულაძეს საუბარი ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, როცა დარბაზიდან ირონიული რეპლიკით მიმართეს: თქვენ ეკონომისტები ხართ თუ ილუზიონისტებიო.

ღიმილნარევი პასუხის მოსმენის შემდეგ, რეპლიკის ავტორმა, დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა, დარბაზი დატოვა. შეხვედრის შემდეგ რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „საპენსიო სააგენტოს“ დიდი ძალისხმევა დასჭირდება მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად:

„არაპენსიონერებს უფრო მეტი კითხვა გაუჩნდებათ, ვიდრე პენსიონერებს და ის ჩვენი პენსიონერებიც აუცილებლად მოიკითხავენ [90-იან წლებში] გაყინულ პენსიებს და შეახსენებენ საზოგადოებას, ის დაგროვილი პენსიები სად და რა მიზნით გამოიყენეს. თუმცა შესაძლებელია [მოსახლეობისთვის ინფორმაციის] სწორად მიწოდება, სწორად ყველაფრის გაკეთება და ნდობის მოპოვება ხალხში“.

საპენსიო რეფორმის მიმართ სკეპტიციზმის სხვა მიზეზი აქვს რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელს:

„15-20 წლის შემდეგ რა იქნება, როგორი ვითარება იქნება, ამ თანხებს როგორ გამოიყენებენ? [„საპენსიო სააგენტოში“] დაგროვილ თანხას როგორი მსყიდველუნარიანობა ექნება? მეც რიგითი მოქალაქე ვარ და მეც ამ რისკებს ვხედავ. ამაზე განმარტებები აუცილებელია“.

დავით იშხნელი დასძენს, რომ ის 40 წელს გადაცილებულია, ამიტომ მასზე დაგროვებითი პენსიის კანონი სავალდებულოდ არ ვრცელდება.
გიორგი გოგრიჭიანი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობს. ამბობს, რომ ის, რაც დაგროვებით პენსიაზე ზედაპირულად სმენია, მისთვის მისაღები არ არის:

„პირადად ჩემთვის ყოველი კაპიკი მნიშვნელოვანია. ხელფასები დაბალია, გადასახადები მაღალია, ინფლაციის გამო ყველაფერი გაძვირდა და ის [დაუბეგრავი შემოსავლის] 2 პროცენტიც კი ტვირთად აწვება ადამიანს, როცა კომუნალური გადასახადები იზრდება, შემოსავლები კი არ იზრდება“.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელ გიორგი გოგრიჭიანის თქმით, საპენსიო საკითხი მის კოლეგებსაც აღელვებთ, დაგროვებით პენსიაზეც უსაუბრიათ, მაგრამ ბევრი რამ კვლავ ბუნდოვანია.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG