Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაეხმარება თუ არა საქართველო სომხეთს COVID-თან ბრძოლაში?


28 მაისს, სომხეთში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე ასეულს სცდება ყოველდღიურად ახალი ინფიცირების შემთხვევები. სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 ათასს აჭარბებს და ამ რიცხვით, ის რეგიონში ყველაზე დაზარალებული ქვეყნის სტატუსს იღებს.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა, შესაძლოა, მძიმე არჩევანის წინაშე დადგეს, რაკიღა, იმ 180 ინტენსიური თერაპიის საწოლიდან, რომელიც სომხეთს აქვს, დაახლოებით 70% უკვე დაკავებულია. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა, შესაძლოა, იძულებული გახდეს და მკურნალობის გარეშე დატოვონ ისინი, ვისი გადარჩენის შანსი უკვე აღარ არის.

სომხეთს საქართველოსთვის დახმარების თხოვნით ჯერ არ მოუმართავს. რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხომ არ აპირებს საქართველო, საკუთარი ინიციატივით, სომხეთისთვის გარკვეული ტიპის დახმარების გაწევას, ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რადიო თავისუფლების კითხვას სომხეთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მათთვის დახმარების შეთავაზების შესახებ, 28 მაისს, ონლაინპრესკონფერენციაზე უპასუხა. მისი თქმით, თუკი სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქართველ კოლეგებს დახმარების თხოვნით მიმართავს, ისინი მზად არიან გაუწიონ დახმარება მეზობელ ქვეყანას:

„იცით, რომ ჩვენ მოძმე ერები ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ ყოველთვის და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ხშირად გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალება, ვაქცინები და ა.შ., როცა ჩვენ გვჭირდებოდა ან მათ ჩვენგან სჭირდებოდათ. სერიოზული იყო დახმარება ცე ჰეპატიტის წამლით ამ ორი თუ სამი წლის წინ. თუკი სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ დახმარება - ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ. რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო უარს კი არა, პირიქით, ყველა ღონეს იხმარს, თუ სომხეთს ეს დახმარება დასჭირდება“.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჟურნალისტი ანი ნაზარიანი თბილისში სწავლობდა. ამჟამად ნორვეგიაში გადის სასწავლო კურსს. ერევანში მშობლები ელოდებიან. მათ გამო ღელავს, რადგან მშობლები მცირე ბიზნესს ეწევიან, სახლთან ახლოს პატარა მაღაზია აქვთ, პროდუქტით ვაჭრობენ და ყოველდღე არაერთ ადამიანთან უწევთ შეხება. სომხეთში ეპიდსიტუაციის აფეთქება სწორედ მომსახურებისა და ინდუსტრიულ პუნქტებს უკავშირდება. ანი ამბობს, რომ საქართველოს გამოცდილების გაზიარება კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს:

„ჩემი მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ უსაფრთხოების ზომების დაცვას. უკეთიათ ნიღბები, ფარები. ყოველდღე ველაპარაკები მათ, მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ნებისმიერი ტიპის დახმარება, მგონია, რომ ღირებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ერთმნიშვნელოვნად დადებითი ჟესტი იქნება საქართველოს მხრიდან, თუკი ის გადადგამს ნაბიჯს და სომხეთს დახმარებას შესთავაზებს. ვადევნებ თვალს როგორც სომხეთში, ისე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. სულ უფრო და უფრო ცოტა ინფიცირებულები გყავთ. საკმაოდ მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. საქართველოს გამოცდილების გაზიარება ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი, არნო სტეპანიანი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, 1988 წელსა და სპიტაკის მიწისძვრას იხსენებს. მაშინ საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, სომხეთს დახმარება გაუწია. მიწისძვრიდან რამდენიმე საათში, სპიტაკში ჩავიდნენ მაშველები, ექიმები და მოხალისეები. არნო სტეპანიანის თქმით, დახმარება სომხეთს დღესაც სჭირდება. ის იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასაც, როდესაც სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა არ იქნა გამოყენებული სამხედრო ოპერაციებისთვის და ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნების თანადგომა კრიზისულ სიტუაციებში ყველაზე დასაფასებელი ნაბიჯებია:

„სომხეთში ძალიან რთული მდგომარეობაა. სხვადასხვა პროგნოზით, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ადამიანებს, მომავალ თაობებს, როგორც წესი, ბევრი რამ ავიწყდებათ ხოლმე, მაგრამ კრიზისის დროს გაწეული დახმარება არასდროს ავიწყდებათ. შესაძლოა, ბევრმა ჩათვალოს, რომ აგვისტოს ომის დროს სომხეთს არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის, მაგრამ მაშინ სომხეთმა დილემა, ერთი მხრივ - რუსეთთან მოკავშირეობითი ურთიერთობა, მეორე მხრივ კი, უძველესი მეგობრობა საქართველოსთან, სწორედ მოძმე ერის სასარგებლოდ გადაწყვიტა და, რა თქმა უნდა, ის ასეც უნდა მოქცეულიყო. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ისტორიულ დროში. ეს პერიოდი აუცილებლად აღიწერება ისტორიაში, ისიც დაიწერება, როგორ მოვიქცევით ჩვენ ერთმანეთის მიმართ და ბავშვები ამ ყველაფერს ისწავლიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთის გულის მოსაგებად არ გვჭირდება ამის გაკეთება, ჩვენ ეს იმისათვის უნდა გავაკეთოთ, რომ ღირსეული ქვეყანა ვართ“.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სომხეთის მხრიდან ნეიტრალიტეტის პოზიციის შენარჩუნება რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის, ამას პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილიც ამბობს. ამჯერად კი, მისი თქმით, მთლიანად რეგიონის იმიჯი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ე.წ. მწვანე ზონად შეიძლება გამოცხადდეს, როდესაც მეზობელ ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, ეს არც საქართველოზე აისახება დადებითად:

„მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები ჩაკეტილია, ვაკონტროლებთ სიტუაციას, განა რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ჩავკეტოთ საზღვრები მეზობელ ქვეყანასთან? გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვა, შემოვლითი გზა და როდესაც იქ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ეს ჩვენი ქვეყნის რისკებსაც ზრდის. რაც უფრო გაღრმავდება სომხეთში კოვიდის კრიზისი, მით უფრო დაზარალდება მთელი რეგიონის იმიჯი. ნამდვილად არ არის სულერთი, როგორი ვითარება იქნება სომხეთში. ამიტომაც გვჭირდება ჩარევა თუნდაც პრაგმატული თვალსაზრისით და არა მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებებით“.

ირმა კვიცარიძე, ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი, აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში. ამჟამად მის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი აღარ მკურნალობს.

ავსტრია იყო ერთ-ერთი პირველი მეზობელი ქვეყანა, გერმანიასთან ერთად, რომელმაც იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადა და რამდენიმე სამხედრო მანქანით იქ ექიმებისა და ეპიდემიოლოგების ჯგუფი გააგზავნა. ირმა კვიცარიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს, დღეის მდგომარეობით, აქვს იმის საშუალება, რომ სომხეთის ჯანდაცვის სისტემას გარკვეული ტიპის დახმარება შესთავაზოს:

„ავსტრია იყო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც იტალიიდან პაციენტები მიიღო. რაც მთავარია, ავსტრია არ დალოდებია იტალიდან თხოვნას, მან თავადვე შესთავაზა დახმარება. პირველ ეტაპზე, ავსტრიიდან რამდენიმე სამხედრო მანქანით გაიგზავნა ექიმებისა და ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია. საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მათ. ამ თანამშრომლობამ აჩვენა ის, რომ იტალიაში არასწორად შერჩეულ კლინიკებში მკურნალობდნენ პაციენტებს, იყო ვენტილაციისა და კანალიზაციის მოძველებული სისტემა, რაც კლინიკებში შიდა გადადების რიცხვსა და რისკს ზრდიდა. ავსტრიელი ექიმების რჩევით, პირველ ორ-სამ დღეშივე გაიშალა საველე კლინიკები და ამან, პირველ ეტაპზე, შეამცირა კლინიკებში შიდა გადადებების შემთხვევები. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან სომხეთის დახმარებას, ამ ეტაპზე, მგონია, რომ საქართველო არ არის მზად, სომხეთიდან მიიღოს პაციენტები. რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო პერსონალის კვლავ დაინფიცირება და შემდგომ ვირუსის გავრცელება. თუმცა, უფრო მართებულად მიმაჩნია ქართველი ექიმების მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარება. თუკი ადგილზე ჩასვლა ვერ ხერხდება, ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და შეგვიძლია, ასეც გავუზიაროთ მათ საკუთარი გამოცდილება. გარდა ამისა, საქართველო იწონებს თავს, რომ გვაქვს საკმარისზე მეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატი, შეგვიძლია მინიმუმ რამდენიმე აპარატი გავუზიაროთ მათ კრიტიკული პაციენტებისათვის. ასეთი ტიპის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი და რეალური იქნება სომხეთისთვის“.

29 მაისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 460 შემთხვევა დადასტურდა. ეს არის ყველაზე მაღალი რიცხვი მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 29 მაისის მონაცემებითვე, სომხეთში COVID-19-ით 120 ადამიანია გარდაცვლილი.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მნიშვნელოვნად მატულობდა, მაისის დასაწყისში მთელი რიგი შეზღუდვები, რომლებიც ბიზნესსა და გადაადგილებას ეხებოდა, გაუქმდა. მაისის შუა რიცხვებში გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები და კვების ობიექტები. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, განახლდა ავიარეისები რუსეთ-სომხეთის მიმართულებით. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატული ზრდა.

26 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს საქმე აქვს კორონავირუსის მეორე ტალღასთან და თქვა, რომ გამკაცრდება ადმინისტრაციული ზომები. კერძოდ, ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ყველგან, მათ შორის, ავტომობილებშიც. ამ მიზნით გამკაცრდება საგზაო შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში, მოეწყობა საკონტროლო-გამშვები პუნქტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG