Accessibility links

დავით არახამია: საქართველო უნიკალური ქვეყანაა. იქ ბევრი ნათესავი მყავს


დავით არახამია

გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტია „ხალხის მსახურის“ სიის მეოთხე ნომრად წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია წარადგინა, იგივე დავიდ ბრაუნი.

IT კომპანია "თრანის მონსტრის" (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი დავით არახამია 90-იანი წლების დასაწყისამდე გაგრაში ცხოვრობდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საკურორტო ქალაქში, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ კი, 1992 წელს, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ საქართველოში გატარებული წლების მოგონებით სთხოვა საუბრის დაწყება დავით არახამიას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კიევის ბიუროს უფროსმა, ინა კუზნეცოვამ.

ინა კუზნეცოვა: გამარჯობა, გენაცვალე!

დავით არახამია: გაგიმარჯოს!

ინა კუზნეცოვა: სულ ესაა, რაც ქართულად შემიძლია გკითხოთ. მოდი, ვილაპარაკოთ უკრაინულად, მაგრამ ქართველებისათვის, თქვენს სამშობლოში მცხოვრები ხალხისთვის. და თავიდანვე საქართველოზე გკითხავთ. როგორი გახსოვთ ის? ვიცი, რომ სულ მთლად ბავშვი იყავით, როდესაც იძულებული გახდით სამშობლო დაგეტოვებინათ.

ამჟამად ჩემი დიდი ბებია, ბებია და სამი ბიძა, - ერთი მათ შორის ძმასავით არის, რადგან ჩვენ შორის სულ ორი წელია სხვაობა, - ყველანი თბილისში ცხოვრობენ...
დავით არახამია

დავით არახამია: მახსოვს, პირველ ყოვლისა, მაშინდელი ბავშვობა, ხოლო ბავშვობა ყოველთვის იმაზე უკეთესი გახსენდება, ვიდრე იყო სინამდვილეში. თუმცა მე მართლა მაგარი ბავშვობა მქონდა, რადგან გაგრა ნამდვილი მარგალიტი იყო, როგორც ადრე უწოდებდნენ. ყველა, მათ შორის საბჭოთა კავშირის მთელი პარტიული ხელმძღვანელობა ჩადიოდა იქ.იყო უამრავი აგარაკი. გვქონდა პარკი, სადაც მრავალი ეგზოტიკური მცენარე ხარობდა, სადაც ფარშავანგები არხეინად სეირნობდნენ... და რაკი იქ გავიზარდე,მეჩვენებოდა, რომ ყველგან ასე უნდა ყოფილიყო. როცა იქიდან წამოვედით, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომ იქ ცხოვრობს ხალხი, სტუმართმოყვარე ხალხი, რომელსაც უყვარს ერთმანეთის დაპატიჟება. ჩვენ ვცხოვრობდით ეზოში, სადაც მეზობლები იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ ლოტოს. ეს არის ძალიან სოციალური ქვეყანა. ერთი სიტყვით, ბევრი კარგი შთაბეჭდილება მაქვს.

ინა კუზნეცოვა: მეგობრები, ნათესავები... ვინ გყავთ იქ, როგორ ეკონტაქტებით მათ?

დავით არახამია: ნათესავები, რა თქმა უნდა, დარჩნენ, მაგრამ ყველა დაიფანტა, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. ბევრი თბილისში გადავიდა. მეც ნახევარი წელიწადი თბილისში ვიყავი და ქართულ სკოლაშიც კი დავდიოდი. მე კარგად არ ვიცი ქართული ენა, მაგრამ მაშინ ვცდილობდი მესწავლა და კარგადაც ვსწავლობდი. საერთოდ,სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე.

ინა კუზნეცოვა: მაგრამ სკოლა დაამთავრეთ უკრაინაში.

დავით არახამია: ცხადია, უკვე უკრაინაში. მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ გაგრაში ყოველთვის ფრიადოსანი ვიყავი, შემდეგ წავედით თბილისში და სადაც უნდა წავსულიყავით, ყველგან კარგად ვსწავლობდი. ამჟამად ჩემი დიდი ბებია, ბებია და სამი ბიძა, - ერთი მათ შორის ძმასავით არის, რადგან ჩვენ შორის სულ ორი წელია სხვაობა, - ყველანი თბილისში ცხოვრობენ.

ინა კუზნეცოვა: თქვენთან თუ ჩამოდიან ისინი, თქვენ თუ სტუმრობთ მათ?

დავით არახამია: ჩამოდიან, დიახ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, იშვიათად, - ასე, წელიწადში ორჯერ-სამჯერ ვნახულობთ ერთმანეთს.

ინა კუზნეცოვა: სააკაშვილზე რას ფიქრობთ? იცნობთ მას?

თავად მოვძებნე და მივედი მასთან [სააკაშვილთან], რადგან როდესაც საქართველოში ვიყავი ჩასული, დავინახე ის ცვლილებები, რომელთა გატარებაც მან დაიწყო და ვიფიქრე, რომ მაგარი იქნებოდა, რომ ეს უკრაინაშიც გვქონოდა. ასე, რაღაცნაირად დავმეგობრდით...
დავით არახამია

დავით არახამია: დიახ, ძალიან კარგად ვიცნობ. მე მას ვეხმარებოდი კიდეც (პოლიტიკური გაერთიანება) „ახალი ძალების რუხის“ მშენებლობაში, ვგულისხმობ კომპიუტერული ტექნოლოგიებით გარკვეული სისტემის შექმნას, რადგან იყო ბევრი ხალხი, ვისაც სურდა მოძრაობაში მონაწილეობა და საჭირო იყო ამ ყველაფრის დამუშავება. თავად მოვძებნე და მივედი მასთან, რადგან როდესაც საქართველოში ვიყავი ჩასული, დავინახე ის ცვლილებები, რომელთა გატარებაც მან დაიწყო და ვიფიქრე, რომ მაგარი იქნებოდა, რომ ეს უკრაინაშიც გვქონოდა. ასე რაღაცნაირად დავმეგობრდით.

ინა კუზნეცოვა: შესაძლებელია ახლა თანამშრომლობა პარტია „ხალხის მსახურსა“ და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელსაც ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა?

დავით არახამია: მომისმინეთ, მე პოლიტიკაში მაინცდამაინც გათვითცნობიერებული ადამიანი არ ვარ, მაგრამ, როგორც მესმის, პოლიტიკაში შეუძლებელი არაფერია, თუ ის გაიზიარებს იმ ფასეულობებს, რომელთა რეალიზებაც „ხალხის მსახურს“ სურს, და თუ „ახალი ძალების რუხი“ რაღაცნაირად მოახერხებს - ეროვნულ დონეზე თუ არა,რეგიონალურ დონეზე ხელისუფლებაში მოხვედრას. ადამიანები უფრო მეტ ცვლილებებს იქ განიცდიან, სადაც ცხოვრობენ. ჩემს მშობლიურ ქალაქ ნიკოლაევოში, მაგალითად, მერს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე პარლამენტს. დეცენტრალიზაციამ პირველი ეტაპი უკვე გაიარა, ეს უკვე მეორე ეტაპი იქნება. მაგრამ ყველას რადაში (უკრაინის პარლამენტში) უნდა მოხვედრა და ავიწყდებათ, რომ ყველა ცვლილება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა ადგილებზე ხდება.

ინა კუზნეცოვა: შეხვდით სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ?

დავით არახამია: ჯერ არა, მაგრამ დავურეკე და მივესალმე, ვუთხარი welcome back to Ukraine

ინა კუზნეცოვა: რაზე ილაპარაკეთ?

დავით არახამია: არაფერზე არ გვილაპარაკია. მაშინ ისიც არ ვიცოდი, რომ თავად ვიქნებოდი პოლიტიკაში.

ინა კუზნეცოვა: სხვა საკითხების გარდა, ბატონ ზელენსკისთან ხომ არ გილაპარაკიათ სააკაშვილის დაბრუნებაზე?

დავით არახამია: მათ შორის ამაზეც ვესაუბრე. ვთქვი, რომ ის რაღაცნაირად უკანონოდ იქნა დეპორტირებული, რომ ასე არ შეიძლება მოეპყრო უკრაინის მოქალაქეებს, საერთოდ - არავის, მათ შორის ასეთ გამორჩეულ მოქალაქეს.

ინა კუზნეცოვა: მოქალაქეობა მას კანონიერად მიანიჭეს?

დავით არახამია: ეს ისტორია არ ვიცი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტმა მიანიჭა. ხოლო პრეზიდენტს შეუძლია, როგორც მახსოვს, იოლად მიანიჭოს მოქალაქეობა. ვთქვათ, მე და თქვენ ერთმანეთი გავიცანით, თქვენ მე მომეწონეთ. მე, როგორც პრეზიდენტი, ვამბობ, რომ სახელმწიფოსთვის ამას აქვს გარკვეული აზრი და განიჭებთ მოქალაქეობას.

ინა კუზნეცოვა: მაგრამ არსებობს ნორმები, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს მინიჭება.

ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს და ვცდილობდი მომეგვარებინა პრობლემები, რომლებიც მოხალისეებს ჰქონდათ. რადგან ისინი ომში მონაწილეობდნენ, უკრაინაში ყოფნის ვადებს არღვევდნენ. საჭირო იყო ამ ვადის განახლება, ბევრი იურიდიული სირთულე არსებობდა...
დავით არახამია

დავით არახამია: რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლება,ფაქტობრივად, საკუთარი სურვილის მიხედვით მიანიჭოს მოქალაქეობა. თუ მას აქვს უფლება, მიანიჭა კიდეც. შესაძლოა, გარკვეული იურიდიული წინააღმდეგობა არსებობდა, მაგრამ ეს მე არ ვიცი.​

ინა კუზნეცოვა: თქვენ, როგორც უკრაინის არმიის მხარდამჭერი "ხალხის პროექტის“ ავტორი, იცნობთ „ქართულ ლეგიონს“?

დავით არახამია: დიახ, რა თქმა უნდა.

ინა კუზნეცოვა: როგორ მსახურობენ ეს მოხალისეები?

დავით არახამია: ძალიან მაგრად. ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს და ვცდილობდი მომეგვარებინა პრობლემები, რომლებიც მოხალისეებს ჰქონდათ. რადგან ისინი ომში მონაწილეობდნენ, უკრაინაში ყოფნის ვადებს არღვევდნენ. საჭირო იყო ამ ვადის განახლება, ბევრი იურიდიული სირთულე არსებობდა.

ინა კუზნეცოვა: რა ბედის ელის მათ სამართლებრივ სტატუსს?

დავით არახამია: ეს ძალიან დიდი პრობლემაა არა მხოლოდ „ქართული ლეგიონისათვის“, არამედ სხვა უცხოელი მოხალისეებიც არსებობენ, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარნენ და დღესაც გვეხმარებიან. ცოტა ხნის წინ იყო პიკეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ. ვინაიდან მოხალისეებმა დაინახეს, რომ არის ახალი პრეზიდენტი, ისინი შეეცადნენ ამ პრობლემის ერთობლივად გადაჭრას. და პრეზიდენტმაც გადაწყვიტა სასწრაფოდ მიექცია ყურადღება ამ პრობლემისათვის, რადგან ეს ადამიანები ჩვენგან შესაბამის პატივისცემას იმსახურებენ. მათ თუ იმ დროს დაარღვიეს რაიმე იურიდიული თვალსაზრისით, როდესაც ჩვენთვის იბრძოდნენ, მაშინ მათთვის ამნისტია უნდა გამოვცეთ“.

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG