Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯი: აზერბაიჯანელ მინისტრს საჯაროდ არაფერი უთქვამს


სამი ქვეყნის მინისტრების თბილისში გამართული შეხვედრის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ. 23 დეკემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მამედიაროვს არ უხსენებია ხმაურიანი თემის დეტალები და პერსპეტივები.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დისკუსიის საგნად იქცა. 2019 წლის აპრილის შემდეგ, დავით გარეჯის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ მიმავალი გზა რამდენჯერმე ჩაიკეტა. ამჟამად გადაადგილება მხოლოდ სასულიერო პირებს შეუძლიათ. გზა ჩაკეტილია ტურისტებისა და მომლოცველებისთვის.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავარ მიზანსა და ამოცანას სტატუს კვოს აღდგენა წარმოადგენს.

„სულ ახლახან შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ეტაპობრივად აღდგეს სტატუს კვო - პირველ რიგში, სასულიერო პირებს აქვთ საშუალება თავისუფლად გადაადგილდნენ კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე... მომდევნო წლის დასაწყისში დაგეგმილია დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება... ვფიქრობ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ამ პრობლემის დროულად გადაჭრას... აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ეს საკითხიც გადაწყდება ისე, როგორც შეეფერება ორ მეგობარ ქვეყანას და იქნება შესაბამისი ძვრები“, - განაცხადა პატარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ბაქოში 9 ოქტომბერს იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, 10 ოქტომბერს მან განცხადებები მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

  • „ხვალიდან (11 ოქტომბრიდან) ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება“;
  • „შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“.

პრემიერს არ უთქვამს, დასახელდა თუ არა კონკრეტული ვადები და პირობები ტურისტებისთვის და მომლოცველებისთვის - როდის შეძლებენ ისინი უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების უპრობლემოდ მონახულება. ვადები არც 23 დეკემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სტუმრობისას დაკონკრეტებულა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში უნდა განვითარდეს. ზალკალიანი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანელი პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან ამ საკითხის გადაწყვეტას.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს ამ საკითხზე იყო საუბარი უმაღლეს დონეზე. იცით თქვენ შედეგი, რომელიც ჩვენ იქიდან წამოვიღეთ. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ სწორედ სტატუს კვოს დაბრუნებაზე ვისაუბროთ და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან იქნება გაგება, რადგანაც ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს და არავის არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ რაიმე სახის წინააღმდეგობა შემოიტანოს ამ ჩვენს მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

23 დეკემბერს, თბილისში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა.

XS
SM
MD
LG