Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზიანებულია ზურგის ტვინი - სააკაშვილის საქმის მე-7 სხდომაზე ნეიროქირურგი გამოკითხეს


ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. 23 იანვარი, 2023 წელი
ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. 23 იანვარი, 2023 წელი

23 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეს განიხილავენ, ნეიროქირურგი, გელა მენთეშაშვილი გამოკითხეს. სხდომას ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი.

გელა მენთეშაშვილი "თბილისის ცენტრალური ჰოსპიტლის" ნეიროქირურგია. მან, როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა, ცენტრ "ემპათიის" სამედიცინო დასკვნის შედგენაში მიიღო მონაწილეობა. ნეიროქირურგმა მიხეილ სააკაშვილის თავისა და ზურგის ტვინის დაზიანება გამოიკვლია.

სასამართლო სხდომაზე მან მოკლედ შეაჯამა თავისი დასკვნა და თქვა, რომ მისი მოსაზრებები ემყარება მაგნიტო-რეზონანსულ კვლევებს, რომლებმაც კისრის დაზიანებები გამოავლინა.

"დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია სპონდილოგენური მიელოპათია - ეს პირდაპირ მიუთითებს კისრის დონეზე ზურგის ტვინის მექანიკურ დაზიანებაზე. ეს არის ის ცვლილებები, რაც გამოიწვია მექანიკურმა ტრავმამ, დიდი ალბათობით. ეს ინტერპრეტაცია ჩვენი მხრიდან კი ასეა, მაგრამ კვლევაშიც არის დადასტურებული.

დასკვნაში წერია, რომ არსებულ დისკთან, რომელიც კისრის მე-5 მალის დონეზეა, არის მწვავე ანთების და დეგენერაციული ცვლილებები, რაც მიუთითებს არამყარ შესახსრებაზე, რომელიც თავის [მოძრაობის] გარკვეულ პოზიციებზე შესაძლებელია იწვევდეს, ან მომავალშიც გამოიწვიოს უფრო მეტი დაზიანება...", - განაცხადა ნეიროქირურგმა და აღნიშნა ისიც, რომ ეს დაავადების ისეთი კატეგორიაა, როცა ქირურგიული ჩარევა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ექიმის შეფასებით, ნეიროქირურგიული ჩარევის საჭიროება "მხოლოდ დროის ფაქტორია".

"თუ არის შესაძლებელი დაზიანების მიღების ზუსტი ხანდაზმულობის დადგენა?" - ჰკითხა ექიმს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა.

გელა მენთეშაშვილის თქმით, თავად პაციენტმა ეს დიაგნოზი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაყვანისას მიღებულ დაზიანებას დაუკავშირა:

"[დაზიანების ხანდაზმულობა] ანამნეზით დგინდება, როგორც წესი. ჩვენ შედეგს ვნახულობთ. იქ, ანამნეზურად, როდის იყო, რამდენი შემთხვევა იყო, როგორ იყო? ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. იმ ჩანაწერებში, რაც ჩვენ განვიხილეთ, იყო, რომ დაკავებამდე პაციენტს ჩივილები არ ჰქონია. მე ეს ვკითხე უშუალოდ, როცა გავესაუბრე. მას კონკრეტული ტრავმის მომენტები არ ახსოვდა, გარდა ერთისა, როცა იძულებით გადაადგილების მომენტი იყო... მე მქონდა უფრო ჩაღრმავების სურვილი, რათა მექანიკური [დაზიანების] მექანიზმი ამეხსნა, თუმცა კონკრეტული დეტალები ვერ გაიხსენა".

ნიკა აბრამიშვილი: ანუ, ადრე გადატანილ ტრავმებზე, ავარიებზე ინფორმაცია არ მოუწოდებია?

გელა მენთეშაშვილი: არა.

ნიკა აბრამიშვილი: თუ ჩაგიტარებიათ მსგავსი პაციენტისთვის ქირურგიული ოპერაცია?

გელა მენთეშაშვილი: კი, ჩემი პროფესია ეს არის, მე ვფლობ ამ ოპერაციის ტექნიკას.

"რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი მიელოპათიის განვითარების? იქნებ, ოსტეოქონდროზი აქვს? - ჰკითხა ექიმს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ, რაც ცალსახად უარყო ნეიროქირურგმა:

"არა, ოსტეოქონდროზი ვითარდება ქრონიკულად და ეს ძალიან მარტივად დასამტკიცებელია. მაგნიტზე [მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნაში] პირდაპირ წერია, მწვავე, დეგენერაციული ცვლილებები - სპონდილოპათია და სპონდილოგენური მიელოპათია. ეს პირდაპირ, ქვეტექსტად, სამედიცინო ლიტერატურით აიხსნება ასე: მექანიკური ზეწოლა ზურგის ტვინზე. იქ არის დისკი დაძრული, იქ არის აღწერილი ნეიროპათიური უბანი... ასე რომ, აქ რაიმე კითხვის ნიშნები გამორიცხულია".

ქირურგიული ოპერაციის შესაძლებლობებზე დასმულ კითხვაზე, გელა მენთეშაშვილმა თქვა, რომ პაციენტს პირადად გააცნო დიაგნოზი და აუხსნა თანმდევი რისკები:

"მე ვურჩიე კისრის საფიქსაციო საყელო, ვურჩიე, რომ გაეკონტროლებინა კისრის, თავის მდებარეობა წოლის დროსაც, ბალიშებით ისე, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჰქონოდა თავის მდებარეობა დიდხანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანს გადაადგილების სისუსტე აქვს, შეიძლება ნებისმიერ მომენტში არაფიზიოლოგიური მოძრაობა ჰქონდეს, ეს მაღალ რისკს შეიცავს, რომ კისრის ეს დაზიანება კიდევ უფრო გაღრმავდეს და შეუქცევადი გახდეს. რაც დაზიანებულია, ამას ოპერაციულად ვეღარ გავასწორებთ, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი. აქ საუბარია იმაზე, არ მოხდეს ისეთი მოძრაობები და მექანიკურად ისეთი ზეწოლა, რომელმაც, შეიძლება, პაციენტი შეუქცევადად ძალიან დაამძიმოს".

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმის მომდევნო განხილვა 27 იანვარს განახლდება.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG