Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირების ზრდა, ტესტების დეფიციტი და ცხინვალი მოსკოვის დახმარების იმედად


ცხინვალის საავადმყოფოს მიმღები განყოფილება
ცხინვალის საავადმყოფოს მიმღები განყოფილება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. მოსახლეობა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ იცავს.

ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს "წითელ ზონაში" კორონავირუსული ინფექციის შედეგად ბოლო ორ დღეში ორი მამაკაცი გარდაიცვალა.

ორი პაციენტი გარდაიცვალა - 80 და 57 წლის მამაკაცები, ორივე მძიმე ვირუსული პნევმონიით,” - უთხრა ოსურ მედიას საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ინდირა ბიჩენოვამ უთხრა.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა კოჩიევას ინფორმაციით კი, ბოლო 24 საათში, ოკუპირებულ რეგიონში, სულ 345 კვლევა ჩატარდა და აქედან 25 პროცენტზე მეტი, 89 ტესტი დადებითი იყო ახალ კორონავირუსზე.

"ამჟამად 1201 ადამიანი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.- თქვა კოჩიევამ.

სანიტარული სამსახურის მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვი 6531 ადამიანია, გამოჯანმრთელდა 5330.

ადგილობრივი ექსპერტები შიშობენ, რომ ცხინვალის შესაბამისი სამსახურების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ზუსტი ვერ იქნება, რადგან ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ იკეთებს ტესტს, ზოგი კლინიკებს არც აკითხავს. გარდა ამისა ოკუპირებულ რეგიონში ტესტების დეფიციტიცაა. ცხინვალის მცხოვრებლები ტესტსისტემების დეფიციტის გამო უკმაყოფილებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამოთქვამდნენ. კლინიკებთან, პისიარ ტესტის გასაკეთებლად Covid-19-ის მსგავსი სიმპტომების მქონე მოქალაქეთა გრძელი რიგები იდგა.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა, სოსლან ნანიევმა რამდენიმე დღის წინ ოსურ მედიასთან განაცხადა, რომ ტესტების რაოდენობის გაზრდაზე უკვე მიაღწია შეთანხმებას სანიტარულ სამსახურთან. მისივე თქმით, "ბავშვთა საავადმყოფო ყოველდღიურად მიიღებს 50 ტესტს, ხოლო დღეში 100 ტესტი გამოყოფილი იქნება დანარჩენებისთვის“.

ნანიევმა თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში რუსი კოლეგების დახმარების იმედი აქვს. ის ცოტა ხნის წინ მოსკოვში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეხვდა.

„საერთო ჯამში, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. რაც შეეხება დღის წესრიგის პირველ საკითხს - რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ (რუსეთის) დამარწმუნა სრულ მხარდაჭერაში ყველა მიმართულებით. ეს არის ჟანგბადის და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების მოწოდება. ასევე გადაუდებელ შემთხვევებში, სპეციალისტების ჩამოსვლა. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ცალკე ვიდეოკონფერენცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოამზადებს პროექტს. იგი მოიცავს არა მხოლოდ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის გეგმას და პროცედურებს, ასევე სამხრეთ ოსეთში პაციენტთა მკურნალობას, არამედ მთლიანად რესპუბლიკის ინფექციური უსაფრთხოების სრულყოფილ პროექტს. ის მიმართული იქნება არა მხოლოდ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, არამედ ზოგადად სხვა ინფექციებზეც. ”- თქვა ოსურ მედიასთან ნანიევმა.

დე ფაქტო მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსული დაფინანსებით ცხინვალში ამუშავდება მეორე პისიარ ლაბორატორია.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ყურადღებას არ აქცევს და არც ამ რეკომენდაციების შესრულების კონტროლით ინტერესდება ვინმე. რადიო თავისუფლებას ცხინვალელი წყარო ეუბნება, რომ რეკომენდაციებს პირველ რიგში მთავრობის წევრები არღვევენ.

„ პირბადეების რეჟიმს საერთოდ არავინ იცავს, აკრძალვის მიუხედავად მაინც იმართება ხალხმრავალი ქორწილები და დაკრძალვები, აღლუმები და წვრთნები. მხოლოდ ზოგიერთ დაწესებულებაში, იშვიათად ნახავთ პირბადიან ადამიანს. მაგრამ ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ მთავრობისთვის არ არის პანდემია დაბრკოლება და ისინი აძლევენ მაგალითს საზოგადოებას. პირბადიან მთავრობის წევრს ვერსად ნახავთ. ეს კი საგანგაშოა, უკვე აცივდა და პანდემიას ახლა გრიპის სეზონიც დაემატება, ეს კი ვითარებას უფრო გაართულებს.“

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, ყოველდღიურად იხურება როგორც ქალაქის ისე სასოფლო სკოლები. ორი დღის წინ ჯავის და სინაგურის სკოლები დახურეს. მანამდე კი ცხინვალში სკოლა -ინტერნატი და კიდევ რამდენიმე სკოლა გადაიყვანეს კარანტინის რეჟიმზე.

დე ფაქტო სანიტარული სამსახურის ცნობით, ცხინვალის რეგიონში გავრცელებულია ახალი კორონავირუსის დელტა შტამი, რომელიც უფრო აგრესიულია და ბავშვებს მეტად აინფიცირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG