Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დასკვნა კატეგორიულია" - სააკაშვილის საქმის მე-11 სხდომაზე სამხარაულის ექსპერტები გამოჰკითხეს


3 თებერვალს სასამართლოზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტები გამოჰკითხეს
3 თებერვალს სასამართლოზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტები გამოჰკითხეს

ეკა ჩავლეიშვილი სამხარაულის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტია. იგი მოწმედ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მიიწვიეს პროცესზე, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი განიხილება. 

გამოკითხვის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მისი აცილების შუამდგომლობა დააყენეს იმ მიზეზით, რომ მოწმე "არასანდო", "არაობიექტურია" და "მთავრობის დავალებებს ასრულებს". ამ ბრალდების მიზეზად, ადვოკატმა ზურაბ ვანიშვილმა დაასახელა ჩავლეიშვილის 2014 წლის ექსპერტიზის დასკვნა ვალერი გელაშვილის საქმეზე. მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე მსჯავრდებულია.

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, აცილების საფუძველი ვერ გახდება ექსპერტის მონაწილეობა იმ დასკვნის შედგენაში, რაც მტკიცებულებად გამოიყენეს სხვა საქმეში სააკაშვილის წინააღმდეგ.

პიროვნების გამოკვლევის საჭიროება არ დამდგარა

გამოკითხვის დაწყებისას, ექსპერტმა განმარტა, რომ მათ არ ჩაუტარებიათ "ემპათიის" დასკვნის ექსპერტიზა, არამედ მხოლოდ გაეცნენ ამ დასკვნას და შეისწავლეს სამედიცინო დოკუმენტაცია.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის კითხვაზე, რა დადგინდა მათი ექსპერტიზით? ეკა ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ მათ შეისწავლეს ორი მიმართულება: გასტროენტეროლოგია და ნევროლოგია.

მანვე განმარტა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ დასმული კითხვები გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციის, დიაგნოზების შესწავლას და მის შედარებას ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების შესაბამის მუხლებთან.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მითითებული დაავადებები, მდგომარეობები არ შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის იმ ბრძანებას, რაც მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ხდება.

გასტროლოგიის ნაწილში ექსპერტი აღნიშნავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია არ მიუთითებს შეწოვის ფუნქციის გამოხატულ მოშლაზე, ანუ მალაბსორბციაზე.

ასევე, მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნა არ შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებას სასჯელის გადავადებაზე არც ნერვული სისტემის დაავადებების კუთხით.

"დასკვნა კატეგორიულია", - თქვა ექსპერტმა ეკა ჩავლეიშვილმა.

სააკაშვილის ადვოკატები დაინტერესდნენ, როგორ ჩაატარეს მათ ეს კვლევა, რაზეც სამხარაულის ექსპერტმა თქვა, რომ საქმე დაეწერა მას და კიდევ ერთ სამედიცინო ექსპერტს, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე მოიწვიეს სპეციალისტებიც, კერძოდ, გასტროენტეროლოგი და ნევროლოგი.

"სამედიცინო დოკუმენტაცია მათ გაეგზავნათ. მათ მოგვაწოდეს საკონსულატაციო დასკვნა, რაზეც შემდეგ ერთმანეთში ვიმსჯელეთ".

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩავატარეთო, ბრძანეთ. პატიმრის მონახულება და ანამნეზის გაგება და ა.შ. რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ?

ეკა ჩავლეიშვილი: პიროვნების გამოკვლევის საჭიროება არ დამდგარა, რადგან ექსპერტიზის კითხვებიდან გამომდინარე, დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მასში მითითებული დაავადებები და მდგომარეობები უნდა შეგვედარებინა ჯანდაცვის შესაბამისი ბრძანების შესაბამის მუხლში აღწერილ დაავადებებსა და მდგომარეობებთან. თუ გამოიკვეთებოდა და საჭირო გახდებოდა პაციენტის კვლევა, ბუნებრივია, ჩატარდებოდა.

ზურაბ ვანიშვილი: რა სახის სამედიცინო დოკუმენტაცია გადმოგეცათ, "ემპათიის" დასკვნა და მისი დანართები მხოლოდ?

ეკა ჩავლეიშვილი: დიახ, სამედიცინო დოკუმენტაცია იმ კლინიკებიდან, სადაც პაციენტი მკურნალობდა, ცენტრი "ემპათიის" დასკვნა, მის დანართებთან ერთად... ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა არ შეგვისწავლია, გავეცანით. დასკვნა გამოვიყენეთ გასაცნობად ინფორმაციის სახით, ექსპერტიზა ჩატარდა სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.

ასევე ადვოკატის კითხვის პასუხად, იხელმძღვანელა თუ არა სხვადასხვა დროს შექმნილი სამედიცინო კონსილიუმების დასკვნებით, ჩავლეიშვილმა უპასუხა: "შეტანილია ნაწილ-ნაწილ, პატარ-პატარა ამონარიდები ამ დასკვნის ნაწილში. რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცანით კონსილიუმის დასკვნებს, როგორც სახელმწიფო, ასევე, სახალხო დამცველის ჩატარებულს და ვიცით, როგორ მიდიოდა მეთვალყურეობა, პერიოდული კონსულატაციები, დანიშნულებები, რეკომენდაციები...".

მან არ უპასუხა სამედიცინო შეკითხვებს გასტროლოგიურ დიაგნოზებზე იმ მიზეზით, რომ არ არის კლინიცისტი და არ აქვს ვიწრო სპეციალობა მედიცინაში.

როგორ დაადგინეთ პაციენტის ნახვის გარეშე, აქვს თუ არა დემენცია?

სხდომაზე დაიკითხა აკაკი ტყემალაძე, ექიმი-ფსიქიატრი, რომელიც ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტია თითქმის 17-წლიანი გამოცდილებით. ისიც მონაწილეობდა იმ ექსპერტიზის დასკვნის გაცემაში, რითაც შეაფასეს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტების შესწავლის შედეგად, არ იკვეთება რაიმე ფსიქიკური დაავადება, რაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა.

აკაკი ტყემალაძემ წინა მოწმის მსგავსად აღნიშნა, რომ დასკვნა ისე ჩაატარა, პაციენტი არ უნახავს. "გამომდინარე კითხვიდან, რაც დასმული იყო, საჭიროება არ დამდგარა".

მოწმეს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჰკითხა, თუ ჰქონია სხვა შემთხვევა, როცა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა პატიმრის ნახვის გარეშე ჩაეტარებინოს?

"ეს ექსპერტიზა კი, ფსიქიატრიული შეფასება იყო, მაგრამ არ იყო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ეს იყო სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით მსჯელობა. ფსიქიატრიულ ექსპერტიზას რაც შეეხება, არსებობს წესი, რაც ითვალისწინებს მათ შორის, დაუსწრებელ ექსპერტიზასაც, თუ არ ხერხდება სხვანაირად ჩატარება".

შალვა ხაჭაპურიძე: და აქ რაიმე შემაფერხებელი იყო?

აკაკი ტყემალაძე: საკითხი ჩვენ წინაშე იდგა ასე: "[შეგვესწავლა] დასკვნისა და მის თანმხლები დანართების სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით".

შალვა ხაჭაპურიძე: ანუ თქვენ დასკვნაში არსებული დიაგნოზების გადამოწმება დაგევალათ?

აკაკი ტყემალაძე: არა, მე დამევალა, რომ დასკვნაში ჩანაწერები და კვლევები შემესწავლა და მენახა, ხომ არ იყო რაიმე დაავადება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო გათავისუფლებისთვის წარდგენის საფუძველი?

შალვა ხაჭაპურიძე: ანუ იურიდიული შეფასება მოგთხოვეს? გათავისუფლების საფუძველიო?

აკაკი ტყემალაძე: იურიდიულ შეფასებაზე არა, ხომ არაა [დიაგნოზების] ჩამონათვალში რამე ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება [გათავისუფლების საფუძველი] გახდესო. მე არ ვაფასებ მაგას, მაგრამ მინისტრის შესაბამის ბრძანებაში რა დიაგნოზებიცაა, უნდა შემესწავლა ამ კუთხით.

ექსპერტმა დაასკვნა ისიც, რომ დაუზუსტებელი დემენცია, რაც მინისტრის ბრძანებით გათავისუფლების საფუძველი შეიძლება, გახდეს, სააკაშვილის სამედიცინო ჩანაწერებში არ იკვეთება.

"რას დაეყრდენით?" - ჰკითხა ექსპერტს ადვოკატმა ხაჭაპურიძემ, რაზეც აკაკი ტყემალაძემ "ემპათიის" დასკვნის მონაწილე სხვა ექსპერტების კვლევები დაასახელა.

"დაუზუსტებელი დემენცია გაჩნდა ბატონი [ერიკ] გოლდსმიტის და ბატონი [კორნელიუს] კატონას დასკვნაში. შემდეგ ქალბატონი ჯიშკარიანიც დაეთანხმა ამ დიაგნოზს. ჩემთვის ინტერესის საგანი იყო, იქ იყო ანამნეზური ცნობები, სუბიექტური ანამნეზი, ობიექტური ანამნეზი. ბატონი გოლდსმიტი როგორც ამბობს, მისი კვლევა გაგრძელდა 5 საათზე მეტხანს - 2 შეხვედრა იყო ერთ დღეში.

ევისწავლე ის, რომ მას დასკვნაში აქვს გამოსაკვლევი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. როცა საუბარია ნებისმიერი სახის დემენციაზე, ეს არის შეძენილი ჭკუასუსტობა. დღეს ეს ტერმინი აღარ გამოიყენება, მაგრამ არსი ესაა...

ყურადღების დეფიციტი რომ აქვს ადამიანს, 5-საათიან კვლევას ვერ ჩაატარებ. მხოლოდ ის, რომ 5 საათს გაგრძელდა კვლევა, ჩემთვის ნიშანდობლივი იყო. ბატონი გოლდსმიტი სვამს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზს. ეს კიდევ ერთი გაუგებრობაა ფსიქიატრიაში, როგორ შეიძლება, დემენციის მქონე პაციენტს დაუსვა ეს დიაგნოზი, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ნონსენსია. ამბობ, რომ ადამიანს მეხსიერება და ყურადღება დაქვეითებული აქვს, დემენციის ხარისხს აღწევს და მის ინფორმაციაზე კიდევ ერთ დიაგნოზს სვამ...".

მოგვიანებით, შალვა ხაჭაპურიძემ ექსპერტ ტყემალაძეს ჰკითხა, როგორ დაადგინა პაციენტის ნახვის გარეშე, აქვს თუ არა დემენცია მიხეილ სააკაშვილს?

შალვა ხაჭაპურიძე: იქნებ ცდებიან ჯიშკარიანი, გოლდსმიტი, კატონა და თქვენ ამბობთ, მე ვარ მართალიო. იქნებ სხვა უფრო მძიმე დიაგნოზი აქვს ამ ადამიანს. ადენბერგის შკალა გამოიყენეთ?

აკაკი ტყემალაძე: არა, როგორ უნდა გამომეყენებინა, თუ პაციენტი არ მინახავს?

შალვა ხაჭაპურიძე: საკუთარ შეხედულებებს დაეყრდენით?

აკაკი ტყემალაძე: არა, რაც უწერიათ ექსპერტებს, იმას... თუკი დემენცია არაა, მაშინ იმის მიზეზის გამოკვლევა რატომ უნდა დავიწყო?

შალვა ხაჭაპურიძე: ანუ გამოდის, მარტო დაჟინებული მზერით დაადგინეთ, რომ კატონა და გოლდსმიტი არასწორები არიან.

აკაკი ტყემალაძე: არაა სასაცილო, ბატონო შალვა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ბიურომ შეამოწმა ცენტრ „ემპათიის" დასკვნის სარწმუნოობა და დაასკვნა, რომ იგი "არ არის სარწმუნო და უტყუარი“. სწორედ ბრეგაძემ თქვა, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სასამართლოს მტკიცებულებად წარედგინებოდა.

ცენტრ „ემპათიის"ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა კი ეს დოკუმენტი „ექსპერტიზაზე ზეწოლად და რეპუტაციის შელახვის მცდელობად" შეაფასა.

ცენტრმა „ემპათიამ" 2022 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს „პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

3 თებერვლის სხდომის ბოლოს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა თავიანთი ყველა დარჩენილი მოწმე მოხსნეს და თქვეს, რომ გამოკითხვები დაასრულეს. მოსამართლის თქმით, მომდევნო სხდომა 6 თებერვალს, 17:00 საათზე დასკვნითი სიტყვებით განახლდება,

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარემ საკუთარი მოწმეების გამოკითხვა გასულ სხდომაზე დაასრულა. დღეიდან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოწმეები პასუხობენ მხარეების კითხვებს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG