Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკიდურესად მძიმე“ - ენდოკრინოლოგის ჩვენება და სხვა დეტალები სააკაშვილის საქმის მე-9 სხდომიდან


ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი მოწმედ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. 30 იანვარი, 2023 წელი
ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი მოწმედ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. 30 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე მორიგი, მე-9 სასამართლო პროცესი, 30 იანვარს, საქალაქო სასამართლოში, ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის გამოკითხვით გაგრძელდა.

ექიმმა, რომელიც ხელს აწერს ცენტრ „ემპათიის“ მიერ გაცემულ დასკვნა/რეკომენდაციებს, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის 50-დღიანი შიმშილობის ფონზე, სრულიად დაუშვებელი იყო მისთვის თითქმის 40 დღის განმავლობაში, პრეპარატ „მეტფორმინის“ მიცემა - ამ პრეპარატის მიღება, ლალი ჯავაშვილის თქმით, ნებადართულია პრედიაბეტის შემთხვევაში, მაგრამ სრულიად გაუმართლოებელია მისი პაციენტისთვის მიცემა შიმშილობის ფონზე - "ეს დანაშაულიც კია", - თქვა მან.

ლალი ჯავაშვილმა თავის შეფასებაში თქვა, რომ დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რატომ იკლებს წონაში პაციენტი სააკაშვილი - „ეს არის წონის ისეთი ხარისხით კლება, რომელსაც ეწოდება მძიმე კახექსია".

შალვა ხაჭაპურიძე, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი: ქალბატონო ლალი, გვითხარით, სააკაშვილი არ ჭამს თუ ვერ ჭამს?

ლალი ჯავაშვილი: მე, როგორც ექიმს, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პაციენტი ვერ იკვებება. ახლაც ასე ვფიქრობ.

შალვა ხაჭაპურიძე: თუ შეიძლება, დააზუსტეთ - როგორია ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიაგნოზი?

ლალი ჯავაშვილი: ამჟამად პაციენტი არის პოლიორგანული უკმარისობის წინარე მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მალაბსორბციით გამოწვეული კახექსიური მდგომარეობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოიწვევს პოლიორგანული უკმარისობის დაწყებას. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს არის უკიდურესად მძიმე.

შალვა ხაჭაპურიძე: თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატური მკურნალობა უტარდებოდა მას აქამდე და უტარდება დღეს?

ლალი ჯავაშვილი: ყველა ეტაპზე, ციხის ეტაპი იქნება ეს თუ კლინიკის ეტაპი, ძალიან თვალშისაცემია პოლიპრაგმაზია, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს დანიშნული ჰქონდა 8-10 და ხანდახან მეტი სხვადასხვა დანიშნულების და, რაც მთავარია, ზოგჯერ, ერთი და იგივე, მაგრამ სხვადასხვა ფარმკომპანიის მიერ გამოშვებული მედიკამენტი ერთდროულად! ყველამ კარგად ვიცით, რომ ხუთზე მეტი წამალი უბრალოდ არ მუშაობს. მეექვსე დანიშნული პრეპარატი უბრალოდ არაფრის მაქნისია. ასე რომ, მკურნალობის პროცესის ადეკვატურობაზე თავად გაეცით პასუხი.

შალვა ხაჭაპურიძე: რა სახის მკურნალობა სჭირდება დღეს მიხეილ სააკაშვილს?

ლალი ჯავაშვილი: რადგან პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მას ესაჭიროება მეტ-ნაკლებად ადეკვატურ გარემოში მოთავსება. პაციენტმა არ უნდა თქვას უარი შეთავაზებულ დახმარებაზე და დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოს გადასხმები შესაბამისი საკვები ინგრედიენტების შემცველობით.

შალვა ხაჭაპურიძე: პატიმრობაში შემდგომი ყოფნა უარყოფითად იმოქმედებს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას?

ლალი ჯავაშვილი: ცხადია, იმოქმედებს.

შალვა ხაჭაპურიძე: თუ ეს მდგომარეობა ასე გაგრძელდა, შესაძლებელია, რომ პაციენტი გარდაიცვალოს?

ლალი ჯავაშვილი: დიახ, შესაძლებელია.

შალვა ხაჭაპურიძე: რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას?

ლალი ჯავაშვილი: უკვე ვახსენე, პოლიორგანული უკმარისობა. და როცა ამას ვამბობ, ვეყრდნობი „ვივამედის“ დირექტორის განცხადებას - სწორედ მისი სიტყვებია, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატიმარი, შესაძლოა, დაიღუპოს.

შალვა ხაჭაპურიძე: რას ნიშნავს პოლიორგანული უკმარისობა?

ლალი ჯავაშვილი: ეს არის მდგომარეობა, როდესაც ერთი ორგანოს უკმარისობას მოჰყვება მეორე, მესამე და მეტი ორგანოს უკმარისობაც. „ვივამედის“ დირექტორმა განაცხადა, რომ პირველად ეს ღვიძლს შეეხება. თუ ეს ასე მოხდა, შემდეგ დაიწყება თირკმლის მწვავე უკმარისობა, ამას მოჰყვება გულის უკმარისობა, რაც დასრულდება სიკვდილით.

ვალერ გელბახიანი, ადვოკატი: ის, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ხომ არ შეიძლება იყოს იმის თქმის საფუძველი, რომ ეს არის მისი მხრიდან სუიციდის მცდელობა?

ლალი ჯავაშვილი: სააკაშვილი, თავისი ბუნებით, არის სანგვინიკი, მას უყვარს სიცოცხლე და მას უნდა სიცოცხლე. ამას ადასტურებს მისი დედაც, გიული ალასანია. მას, უბრალოდ, არა აქვს ამ საკვების მიღების სომატური საშუალება, მისი კუჭ-ნაწლავი არ იძლევა ამის საშუალებას. მას ეწყება გულისრევა, დისკომფორტი, ხდება ცუდად. რატომ უნდა უნდოდეს, რომ შეჭამოს ასეთი საკვები? ამიტომ საკვებზე უარის თქმის დაკავშირება სუიციდის მცდელობასთან არის გამორიცხული.

მალხაზ ურთქმელიძე, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თქვენ და გიული ასალანია კურსელები ხართ?

ლალი ჯავაშვილი: არა, საიდან მოიტანეთ?

მალხაზ ურთქმელიძე: პოლიფარმაცია რომ ახსენეთ, და ამბობთ, ხუთი პრეპარატია საკმარისიო, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, რამდენჯერ მიგიციათ მეტი წამალი იმ პაციენტისთვის, ვინც სტაციონარშია?

ლალი ჯავაშვილი: არასოდეს. მსგავსი რამ არ მომხდარა.

30 იანვარს მოწმედ დაიკითხა ექიმი-გასტროენტეროლოგი მანანა კვარცხავაც, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ პაციენტი სააკაშვილი მის დაკავებამდე, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი. დღეს კი მისი მდგომარეოაბა გასტროლოგიური კუთხით ფასდება როგორც მძიმე.

მოსამართლე: თქვენ ის ინტერესი გამოძრავებთ, რომ აუცილებლად რომელიმე ის დაავადება უნდა იპოვოთ, რომელიც გათავისუფლების მიზეზი გახდება?

მანანა კვარცხავა: რა თქმა უნდა, არა. დიაგნოზის დასმის დროს მე არ ვითვალისწინებ, იურისტები ამას რა კვალიფიკაციას მისცემენ.

მალხაზ ურთქმელიძე: გადმოცემით გაქვთ ყველაფერი გაგებული, რომ სააკაშვილს გული აერია, რომ ფაღარათი ჰქონდა, თქვენ ნახეთ თავად ეს?

მანანა კვარცხავა: რა კითხვაა ეს. არ ვიცი, რა გიპასუხოთ.

მანანა კვარცხავა მოწმის სტატუსით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
მანანა კვარცხავა მოწმის სტატუსით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე

მტკიცებულებად დაშვებული „დასკვნის დასკვნა“

30 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის შესახებ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქმეს დაურთო.

„მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მათი მოსაზრებები... როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაიხმარონ ან მოიშველიონ სპეციალური ცოდნის მქონე პირების განათლება და სპეციალობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი დასკვნა უნდა დაერთოს საქმეს“, - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება გიორგი არევაძემ.

სხდომის დაწყებისას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დააყენეს ცალკეული ექსპერტების და მთლიანად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აცილების შუამდგომლობა და თქვეს, რომ სამხარაულის ბიუროს დასკვნა არის „არარელევანტური“ და ის დაუშვებელი მტკიცებულებაა.

მათი განცხადებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეს დასკვნა მომზადებული აქვს საქმის მასალების და არა „ემპათიის“ დასკვნის მიხედვით. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით კი, ცალკე მსჯელობის საგანია დასკვნაში არსებული გაყალბებები.

„ეს დასკვნა არ უნდა იყოს დაშვებული, როგორც მტკიცებულება“, - მოითხოვდა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

„ვფიქრობ, სასამართლომ დაუშვა მიკერძოების დაუშვებელი ფაქტი“, - ასე გამოეხმაურა მოსამართლის გადაწყვეტილებას სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

პენიტენციურმა სამსახურმა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება, წინა სასამართლო სხდომაზე წარადგინა.

რამდენიმე დღით ადრე, 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა ცენტრ „ემპათიის" დასკვნის სარწმუნოობა და დაასკვნა, რომ იგი „არ არის სარწმუნო და უტყუარი“. სწორედ ბრეგაძემ თქვა, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სასამართლოს მტკიცებულებად წარედგინებოდა.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა კი ეს დოკუმენტი „ექსპერტიზაზე ზეწოლად და რეპუტაციის შელახვის მცდელობად“ შეაფასა.

ცენტრმა „ემპათიამ“ 2022 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს „პრაქტიკულად ჯანმრთელი“ მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა "ვივამედში". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

მომდევნო სასამართლო სხდომა 1 თებერვალს გაიმართება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG