Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე მოყვანილ მოსავალს ვეღარ დააზღვევთ


ფერმერები, რომლებსაც წელს მოსავალი დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე მოჰყავთ, აგროდაზღვევის პროექტით ვეღარ ისარგებლებენ. აგროდაზღვევის პროექტში ცვლილება საქართველოს მთავრობის ინიციატივით შევიდა. ცვლილებას უარყოფითად აფასებენ ის ადამიანები, ვისაც მიწა ამ დრომდე არ დაურეგისტრირებია. სადაზღვევო კომპანიებში კი ამბობენ, რომ ცვლილება შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს მხოლოდ იმ ფერმერის მოსავალს დააზღვევს, რომელსაც მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ექნება დარეგისტრირებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ლევან მაღრაძე პროგრამაში შესული ცვლილების მიზეზად სისტემურ მიდგომას ასახელებს და განმარტავს, რომ 2016 წლიდან სახელმწიფო მიწის მფლობელს უფასო რეგისტრაციას სთავაზობს და დაინტერესებულ პირებს ჯერ კიდევ წინა წლებში შეეძლოთ მიწები დაერეგისტრირებინათ:

„მთავრობას არამიზანშეწონილად მიაჩნია, რომ არარეგისტრილებულ ნაკვეთებზე გავრცელდეს დაზღვევა. გასულ წელს ამის შესაძლებლობა იყო. შეგახსენებთ, რომ პირველივე წელს ამ შეზღუდვით არ დაწყებულა აგროდაზღვევის პროგრამა. შეიძლება, რომ შემცირდეს დაფარვის დონე, თუმცა არ მგონია, რადიკალურად დრამატულად მოხდეს დაზღვეული მოსავლის შემცირება. თუ შემცირება იქნება, ეს მოკლევადიან პერიოდს შეეხება, ხოლო გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში, პირიქით, დადებით ეფექტს მოგვცემს ინფორმაციის გაუმჯობესების ნაწილში“.

კახეთში აგროდაზღვევის პროგრამაში სიახლემ იმ ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია, ვისაც მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ არ აქვს რეგისტრირებული. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფოს მათთვის კონკრეტული ვადა უნდა მიეცა, რათა შესაბამისად მომზადებულიყვენენ.

„თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი გლეხებისთვის. ან დაარეგისტრირებდნენ მიწას, ან კიდევ აღარ დაამუშავებდნენ. რა ქნას ახლა საცოდავმა ხალხმა?!“

„ვიდრე ეს სიახლე გლეხებამდე მიაღწევს და სანამ მოახერხებენ მიწის დარეგისტრირებას, დრო გავა და ვერ შეძლებენ დაზღვევას. ხომ შეიძლება ცოტა ადრე ეცნობებინათ, თუნდაც ზამთრის და შემოდგომის პერიოდში, რომ გლეხი მომზადებულიყო“.

სადაზღვევო კომპანიების ინფორმაციით, დაურეგისტრირებელი მიწების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდია, ამიტომ ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებით პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების პორტფელი შემცირდება.როგორც კომპანია „ჯი-პი-აი“ ჰოლდინგის აგროპროექტის მენეჯერმა გიორგი მეგრელიშვილმა გვითხრა, პროგრამაში შესაძლო ცვლილებების შესახებ ლაპარაკი გასულ წელსაც იყო, თუმცა მაშინ მთავრობამ ცვლილებისგან თავი შეიკავა:

„რა თქმა უნდა, სადაზღვევო პორტფელი შემცირდება და ის მიწები, რომელიც დასარეგისტრირებელი აქვს მოსახლეობას, ვერ მოხვდება სახელმწიფო დაზღვევაში. აღსანიშნავია, რომ შესაძლო ცვლილებებზე გარკვეული საუბრები შარშანაც იყო, მაგრამ სახელმწიფომ თავი შეიკავა ცვლილებისგან. ეს ცვლილება არის ის, რომ მოხდეს მიწების რეგისტრაცია. ცნობილია, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების, დაახლოებით, 70 % გვაქვს, რომელიც არ არის რეგისტრირებული.“

ჩვენ ასევე დავინტერესდით, როგორ მიმდინარეობს მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამა. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსმა ზვიად ტალიკაძემ გვითხრა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარ მილიონამდე მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული, თუმცა არ აქვთ მონაცემები, კიდევ რამდენი დაურეგისტრირებელი ნაკვეთია დარჩენილი.

„პირველ ივლისს უქმდება სახელმწიფო პროგრამა მიწის რეგისტრაციის შესახებ, თუმცა ის ისევ გაგრძელდება და უფასო იქნება. მიწის რამდენი ნაკვეთი დარჩა დასარეგისტრირებელი, ეს უცნობია, რადგან ამის აღრიცხვა თავის დროზე არავის მოუხდენია. ამ დროისთვის არსებული ინფრმაციით, არ არსებობს მკაცრი ვადა, როცა, კონკრეტული თარიღის შემდეგ, მიწების დარეგისტრირება შეჩერდება. უბრალოდ, ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში - რამდენიმე წელიწადში მაინც - დავასრულოთ ეს პროცესი. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ყველა მიწა იყოს რეგისტრირებული“.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო და მოსავლის დაზღვევას ითვალისწინებს სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან. პროექტით, სახელმწიფო ყველა კულტურაზე 70 %-იანი დამფინანსებელია, ხოლო ვაზზე - 50%-იან დაფინანსებას ითვალისწინებს, დარჩენილ პროცენტებს კი თავად დამზღვევი იხდის. აქამდე პროგრამაში ჩართვა მასაც შეეძლო, ვისაც მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში არ ჰქონდა დარეგისტრირებული.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG